ფეხბურთი

20:00 | 11.11.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა – სეზონის განვლილი პერიოდის შეჯამება

ესპანეთის ჩემპიონატის 2015/2016 წლების სეზონის დაწყებიდან თითქმის მესამედი გავიდა. 11 ტურის შემდეგ ცხრილში ჯერ კიდევ ბევრი მოულოდნელობა გხვდება. სეზონის დაწყების წინ “სელტას” ოთხეულში ყოფნას ძალიან ცოტა თუ ივარაუდებდა, კიდევ უფრო დიდი სიურპრიზია “ეიბარის” მე-6 ადგილზე წამოსკუპება და “სევილიას” არასტაბილური ასპარეზობა. “დალაქებმა” მიმდინარე სეზონში “რეალის” და “ბარსელონას” დამარცხება მოასწრეს, თუმცა მხოლოდ მე-10 ადგილს იკავებენ.

შეგვიძლია ვისაუბროთ ფეხბურთელებზეც. ვისმა ტრანსფერმა გაამართლა - ვისმა ვერა, მრავლად არიან აღმოჩენები და ისეთი მოთამაშეები, რომელთა თამაშის ხარისხი გასული სეზონისგან განსხვავებულია.

ვეცდებით, მოცემულ სტატიაში სწორედ ჩემპიონატის განვლილი ეტაპის მნიშვნელოვანი ფაქტები შევაჯამოთ.

კლუბები

საუკეთესო

უდიდესი ალბათობით მიმდინარე სეზონშიც საუკეთესოს ვინაობა “რეალსა” და “ბარსელონას” შორის გაირკვევა. სეზონის ეს ნაწილი უკეთესად ალბათ მაინც “ბარსელონამ” ჩაატარა, რაშიც “რეალის” ბევრი გულშემატკივარი არ დამეთანხმება (მკითხველთა საყურადღებოდ, ავტორი არცერთი ამ კლუბის გულშემარტკივარი არაა და სრულიად ნეიტრალურია). საუკეთესო “ბლაუგრანა” მხოლოდ იმიტომ არაა, რომ ამ მომენტისთვის გათამაშების ლიდერია. შესაძლოა, შემდეგ ტურში ლიდერი კვლავ შეიცვალოს, მაგრამ მხედვლობაში სხვა ფაქტორი მაქვს. როგორც მოგეხსენებათ, კატალონიურ გრანდს ახალი მოთამაშეების დარეგისტრირების უფლება იანვრამდე არ აქვს. შესაბამისად, ალეიშ ვიდალი და არდა თურანი კვლავ თამაშგარე მდგომარეობაში არიან. “ბლაუგრანა” ზაფხულში პედრო როდრიგესს, ადამა ტრაორეს, დენის სუარესს, ჟერარ დეულოფეუსა და ალენ ჰალილოვიჩს შეელია (ხორვატი იჯარით გაუშვეს “ხიხონში”). აქედან გამომდინარე, კლუბის თადარიგი სერიოზულად შეთხელდა, ხოლო სეზონის განმავლობაში კატალონიელებს იმდენი მოთამაშე დაუშავდათ, რომ ასეთი შედეგის ჩვენება დიდი გმირობაა. კლაუდიო ბრავო, ხორდი ალბა, ადრიანო, დუგლასი, ინიესტა, რაფინია, რობერტო, რაკიტიჩი და მესი – იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალია, რომელთა გარეშეც “ბარსელონა” სეზონის სხვადასხვა პერიოდში გადიოდა ფონს, ხოლო ზოგიერთი ახლაც ვერ ეხმარება კლუბს. ასევე გასათვალისწინებელია დისკვალიფიკაციებიც, ამ მხრივ კატალონიელთაგან ხერარდ პიკე და ხავიერ მასკერანო გამოირჩნენ.

“რეალის” ბევრმა გულშემატკივარმა შესაძლოა თქვას, რომ ტრავმირებული მოთამაშეები მადრიდელებსაც ბევრი ჰყავდათ, თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რომელზეც ზემოთ უკვე ითქვა. “რეალი” პრინციპული მეტოქისგან განსხვავებით ტრანსფერებში შეზღუდული არ გახლდათ, არც სათადარიგოთა სკამის პრობლემა ჰქონია და ერთ პოზიციაზე ორი მაღალი დონის მოთამაშე მაინც ჰყავს კლუბს. მაგ: ხამესის ტრავმის შემდეგ თამაში ისკოს უწევს, ხოლო “ბარსელონაში” მესის დაშავებას ძირითადში მუნირ ელ ჰადადის გამოჩენა მოჰყვა, რომელიც ჯერ აშკარად არაა მზად რეგულარულად ძირითადში სათამაშოდ. ამდენი ტრავმირებულის ფონზე ხშირია შემთხვევები, რომ ლუის ენრიკე მხოლოდ ორ შეცვლას აკეთებს, რადგანაც უბრალოდ კვალიფიციური მოთამაშე არ ჰყავს თადარიგში, რომელსაც თამაშის გამწვავება შეუძლია. იგივე ბოლო მატჩში, რომელშიც “ბარსელონამ” შინ 3:0 იმარჯვა “ვილიარეალთან”, ლუის ენრიკეს თადარიგში ერთადერთი შემტევი სანდრო რამირესი ეჯდა, რომელიც ტრადიციულად მუნირ ელ ჰადადის ცვლის ხოლმე. დანარჩენი მოთამაშეები კი იყვნენ: ტერ შტეგენი, ბარტრა, ადრიანო, გუმბაუ, ვერმაელენი და სამპერი. აშკარაა, რომ “ბარსას” ერთი და იმავე მოთამაშეებით უწევს ფონს გასვლა და ამან შესაძლოა გუნდის გადაწვა გამოიწვიოს, თუმცა ფაქტია ჯერჯერობით კლუბი შესანიშნავად თამაშობს და ცალკეულ ჩავარდნებს თუ არ ჩავთვლით (მაგ: “სელტასთან” 1:4 წაგება) დამსახურებულად ლიდერობს პირველობას.

როგორც ვთქვი, ტრავმირებული მოთამაშეები “რეალსაც” ბლომად ჰყავს, თუმცა მადრიდელთა რესურსი აშკარად უფრო დიდია. ქარიმ ბენზემას არყოფნაში თავდამსხმაში თამაში რონალდუს შეუძლია. ფლანგებზე ხესე როდრიგესი და ლუკას ვაზკესი თამაშობენ, რომელნიც ნებისმიერ მატჩში სათამაშოდ მზად არიან და კარგადაც გამოიყურებიან. ცენტრი კი “რეალის” ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოზიციაა: ხამესი, ისკო, მოდრიჩი, კოვაჩიჩი, კროოსი და კასემირო. მოთამაშე ექვსია, ხოლო ადგილი მხოლოდ სამი, თუმცა ამ მოთამაშეთაგან რამდენიმეს ფლანგზეც შეუძლია თამაში. საერთოდ არ გვიხსენებია დენის ჩერიშევი, რომელსაც რაფაელ ბენიტესი არ ენდობა და ძალიან იშვიათად უწევს შეცვლებიდან თამაში (სულ 58 წუთი და 1 საგოლე გადაცემა მოასწრო). ესეც მიუთითებს, თუ რამდენი მაღალი დონის მოთამაშე ჰყავს მადრიდულ კლუბს წინა ხაზში. ამაზეც შეიძლება “რეალის” ბევრი ქომაგი არ დამეთანხმოს და რუსზე თქვას, რომ მაღალი დონის მოთამაშე არაა, რაზეც საპირისპირო არგუმენტს მოვუყვან და ვინც “ვილიარეალში” მის თამაშს ადევნებდა თვალს დამეთანხმება. დენისი გასულ სეზონში “ვილიარეალის” ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო და სტატისტიკაც საკმაოდ კარგი ჰქონდა (ლა ლიგაში 26 მატჩში 4 გოლი და 9 საგოლე გადაცემა), თუმცა “რეალში” მომავალი არ აქვს და კლუბის დატოვება მოუწევს. რაც შეეხება მადრიდელთა დაცვას, ოთხი ცენტრალური მცველიდან სამი უმაღლესი დონისაა, ხოლო ნაჩოც საკმაოდ კარგი მოთამაშეა, რომელმაც წინა სეზონთან შედარებით მოუმატა. მარჯვენა ფლაგზე “რეალს” ორი ძალიან მაღალი კლასის მოთამაშე კარვახალი და დანილო ჰყავს, ხოლო მარცხენა ფლანგზე მარსელო უკონკურენტოა, თუმცა ბრაზილიელმა ახლახანს ტრავმა მიიღო და მისი შეცვლა ორ მოთამაშეს შეუძლია: ნაჩოსა და ალვარო არბელოა, რომელსაც ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. კარში კეილორ ნავასი უკონკურენტოა, თუმცა მისი მცირე ტრავმის გამო კიკო კასილიასაც მოუწია თამაში, რომელიც ნამდვილად კარგი კიპერია. შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი პოზიცია, სადაც მადრიდელებს შედარებით სუსტი შემცვლელი ჰყავთ დაცვის მარცხენა ფლანგია, ყველა სხვა პოზიციაზე ბენიტესს ძალიან დიდი არჩევანი აქვს, რასაც ამ ეტაპზე მისი მთავარი მეტოქე ლუის ენრიკე აშკარად მოკლებულია.

შეგახსენებთ, რომ “ბარსელონას” 27 ქულა აქვს, ხოლო “რეალს” 24 და მომდევნო ტურში მადრიდული კლუბი შინ დაუპირისპირდება კატალონიურს.

გიგანტებთან კონკურენციას ცდილობს მადრიდის “ატლეტიკო”, რომელსაც ძალიან ბევრი ახალწვეული ჰყავს, შეუთამაშებლობა ეტყობა და წელს დუეტთან ბრძოლა ძალიან გაუჭირდება. ამ მომენტისთვის “როხიბლანკო” “რეალს” ერთი, ხოლო “ბარსელონას” ოთხი ქულით ჩამორჩება, თუმცა დიეგო სიმეონეს გუნდის თამაშის ხარისხი აშკარად უკეთესის სურვილს ტოვებს. მადრიდელებს კვირასაც ძალიან გაუმართლათ, რომ ქულები არ დაკარგეს. მათ “ხიხონის” გატეხვა მხოლოდ 93-ე წუთზე მოახერხეს.

მოულოდნელობები

თავიდანვე აღვნიშნე “სელტასა” და “ეიბარის” მშვენიერი გამოსვლა. გალისიური კლუბი რვა ტურის განმალობაში საერთოდ წაუგებელი გახლდათ. მათ გასვლაზე “სევილია” და “ვილიარეალი” დაამარცხეს, ხოლო შინ “ბარსელონას” აყარეს შავი დღე (4:1). მე-9 ტურში მათ პირველი მარცხი “რეალთან” განიცადეს (1:3) “ესტადიო ბალაიდოსზე”, თუმცა გაცილებით მეტი მომენტი ჰქონდათ და კეილორ ნავასის დიდებული ასპარეზობა რომ არა, დიდი შანსია სხვა შედეგი დაფიქსირებულიყო. ვიგოელებმა ბოლო ტურში შინ ძალიან მწარე მარცხი იწვნიეს “ვალენსიასთან” (1:5) და სანაკრებო პაუზებმა “სელტას” სულზე მოუსწრო, რადგანაც ედუარდო ბერიცოს შეგირდები შესაძლოა ფსიქოლოგიურად ძალიან დათრგუნულიყვნენ ამ მატჩი შემდეგ, რომელშიც “სელტას” ცუდად არ უთამაშია და პირველი ნახევრის მოგებაც შეეძლოთ. გალისიელთაგან გამოსარჩევია ნოლიტოს თამაში, რომელმაც 11 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 4-ჯერ გუნდელებს გაატანინა.

წინა სეზონის მსგავსად მშვენიერი სტარტი აქვს ”ეიბარს”, თუმცა მათი სურვილი იქნება, რომ საბოლოოდ ყველაფერი წინა წლისგან განსხვავებული იყოს, რადგანაც გასული სეზონის მეორე ნახევარი “ეიბარმა” უსუსტესად ჩაატარა და გავარდნას სასწაულით გადაურჩა – ბასკები ლა ლიგაში მხოლოდ იმიტომ დარჩნენ, რომ “ელჩე” ფინანსური პრობლემების გამო დააქვეითეს ლიგა ადელანტეში. ხოსე ლუის მენდილიბარის შეგირდებს 19 ქულა აქვთ და მე-4 ადგილოსან “სელტას” 2 ქულით ჩამორჩებიან. გამორჩეულია ბორხა ბასტონი, რომელმაც 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ლა ლიგის გასული თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

მეტის მოლოდინში

თუ რომელიმე გუნდზე შეიძლება ითქვას, რომ მისგან მეტს ელიან ეს “ვალენსიაა”, რომელმაც ზაფხულში დაახლოებით 150 მილიონი ევრო დახარჯა ახალი მოთამაშეების გამოსასყიდად და შესაძენად. ამ სტატიაში მხოლოდ ლა ლიგაზე ვსაუბრობთ და ორიოდე სიტყვით ვიტყვით, რომ “ღამურები”ჩემპიონთა ლიგის არც თუ ისე ძლიერ ჯგუფში მხოლოდ მე-2 ადგილზე არიან და “გენტთან” წაგების შემდეგ პირველი ადგილის დაკავების შანსი აღარ აქვთ. სამაგიეროდ, შესაძლოა დაკარგონ მე-2 ადგილი, რაც მათთვის კატასტროფა იქნება.

დიდად ვერც ლა ლიგაში ყოჩაღობენ “ღამურები” და კლუბის ქომაგები ყოველ მატჩში ნუნუ ესპირიტო სანტოს წასვლას სიმღერით მოითხოვენ (Nuno Vete Ya! - ნუნო წადი ახლავე!). საინტერესოა, რომ ტრიბუნებიდან იგივე სიტყვები ისმოდა “ლევანტესთან” (3:0) და “სელტასთან” (5:1) მოგებულ მატჩებშიც. ერთი შეხედვით ეს უცნაურია, მაგრამ ამას თავისი მიზეზი აქვს. ვალენსიურ დერბიმდე “ლოს ჩემ” უსუსური მატჩი ჩაატარა “ატლეტიკოსთან”, ხოლო “სელტასთან” დაპირისპირებამდე ბელგიაში “გენტთან” შერცხვა. ასე რომ, მთლიანობაში ქომაგი ნამდვილად მართალია, რადგანაც კლუბი 18 ქულით მხოლოდ მე-7 ადგილზე იმყოფება და ეს მაშინ, როდესაც გასული სეზონის ექვსეულის კლუბებიდან მხოლოდ “ატლეტიკოსთან” აქვს ნათამაშები. მომდევნო ტურში “ვალენსია” შინ “ლას პალმასს” მიიღებს და შემდეგ უკვე ძალიან რთული მატჩები უწევს კლუბს: “სევილია” (გასვლა), “ბარსელონა” (შინ), “ეიბარი” (გასვლა”), “ხეტაფე” (შინ”), “ვილიარეალი” (გასვლა), “რეალი” (შინ”) და პირველ წრეს “ანოეტაზე” “სოსიედადთან” საგარეო მატჩით დაასრულებენ. როგორც ვხედავთ, “ღამურებს” მეტწილად უფრო სუსტ კლუბებთან აქვთ ნათამაშები და ძალიან ბევრი ქულა აქვთ დაკარგული.

ცალკე თემაა ნუნუ ესპირიტო სანტოსა და ფეხბურთელების ურთიერთობა. პორტუგალიელ სპეციალისტს აშკარად უთანხმოება აქვს ალვარო ნეგრედოსთან და როდრიგო დე პაულთან, რაც მათ უთამაშებლობაში გამოიხატება.

შედეგს რომ თავი დავანებოთ, ძალიან ცუდია თამაშის ხარისხიც. ვისაც “სელტასთან” თამაში არ უნახავს და მხოლოდ ანგარიშის გაგებით, ან გოლების ნახვით დაკმაყოფილდა იფიქრებდა, რომ “ვალენსიამ” ვიგოელებს გადაუარა, თუმცა თამაშის სურათი სულ სხვა იყო. მეტიც, პირველ ნახევარში თუ ვინმეს უნდა მოეგო ეს “სელტა” გახლავთ, თუმცა მომენტების გამოუყენება ვერ შეძლეს, ხოლო სტუმრებმა პირიქით საკუთარი შანსები გოლად აქციეს და დიდი ანგარიშით იმარჯვეს. წესით ასეთი გამარჯვება “ვალენსიაზე” ფსიქოლოგიურად დადებითად უნდა აისახოს და შემდგომ მატჩებში უკეთ ითამაშონ.

ერთი შეხედვით ასევე ძალიან კარგია “ვალენსიას” დაცვის ხაზი, თუმცა რეალურად არც უკანახაზია მთლად საიმედო და უშეცდომო. კლუბს 11 მატჩში მხოლოდ 8 გოლი აქვს გაშვებული, რაც 2003/2004 წლების სეზონის შემდეგ საუკეთესო შედეგია მათთვის (აღსანიშნავია, რომ მაშინ კლუბი ჩემპიონი გახდა), მაგრამ ცალკეულ მომენტებში მცველები ძალიან ეხეშად ცდებიან. მაგ: “ატლეტიკოსთან” გაშვებული გოლი, როდესაც ჯერ შკოდრან მუსტაფი აცდა ბურთს, ხოლო შემდეგ ადერლან სანტოსმა ააცილა ფეხი და ჯექსონ მარტინესი მეკარესთან პირისპირ დატოვეს, რომელმაც ანგარიში გახსნა და ამ გოლმა ძალიან ბევრი გადაწყვიტა აღნიშნულ შეხვედრაში. ფაქტია, რომ ჯერჯერობით ნიკოლას ოტამენდის წასვლა მაინც ეტყობა კლუბს, თუმცა მას მშვენიერი შემცვლელი ჰყავს აიმენ აბდენურის სახით, რომელმაც ტრავმა მოირჩინა და გაცილებით ძლიერს გახდის “ლოს ჩეს” დაცვას.

ვალენსიელთაგან თუ ვინმეს გამოყოფა შეიძლება პირველ რიგში ხაუმე დომენეშია, რომელზეც უფრო ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებ. კარგები არიან შკოდრან მუსტაფი, ჟოაო კანსელო, სოფიან ფეგული, დანიელ პარეხო და პაკო ალკასერი. ანდრე გომეში და ხოსე ლუის გაია შარშან უკეთესები იყვნენ და ახლა შედიან ფორმაში, ხოლო ზაქარია ბაკალი ნელ-ნელა ერგება კლუბს და მათი სახით “ღამურებს” შესანიშნავი მოთამაშეები ეზრდებათ.

წელს კარგია, მაგრამ ძველი გუნდის აჩრდილია

საუბარი რაღა თქმა უნდა “დეპორტივოზეა”. საუკუნის დასაწყისში გალისიური კლუბი ჩემპიონი გახდა და რამდენჯერმე მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა შემდგომ ფინანსურმა კრიზისმა უწია და ქვედა ეშელონის კლუბად იქცა. ლა კორუნიული კლუბი ბოლო წლებში ორჯერ გავარდა ლა ლიგიდან, თუმცა ორივეჯერ მაშინვე მოახერხა დაბრუნება. კლუბი შარშანაც სასწაულით გადაურჩა გავარდნას. აპრილში ვიქტორ ფერნანდესი ვიქტორ სანჩესმა შეცვალა. ახალგაზრდა სპეციალისტმა “დეპორი” უკეთ აათამაშა, მაგრამ მათი ლა ლიგაში დარჩენა მხოლოდ ბოლო ტურში გაირკვა. ისინი “ნოუ კამპზე” 2:0 აგებდნენ “ბარსელონასთან”, რომელსაც ჩემპიონობა განაღდებული ჰქონდა. სტუმრებმა მოახერხეს და გაათანაბრეს, რითაც ელიტაში დარჩნენ. წელს “დეპორი” შესაძლებლობის ფარგლებში გაძლიერდა და ნორმალურად გამოიყურება. კლუბს 11 ტურში მხოლოდ 2 წაგება აქვს და თამაშის ხარისხიც კარგია, თუმცა ლა კორუნიელ ქომაგს საუკუნის დასაწყისის “დეპორტივო” რომ გაახსენდება, იმის შემდეგ რთულია დღევანდელის ყურება...

სამწვრთნელო ცვლილებები: სად მოხდა და სად მოსალოდნელია

არსებული შემადგენლობიდან გამომდინარე პირველ ყოვლისა გასაკვირია “სოსიედადის” ასეთი ცუდი შედეგი. 11 ტურში მოპოვებული 9 ქულა მართლაც კატასტროფული შედეგია ბასკური კლუბისთვის. ასე ფიქრობს “ჩური ურდინის” ხელმძღვანელობაც. მათ დევიდ მოიესს აღნიშნული შედეგები არ აპატიეს და კარისკენ მიუთითეს. ვნახოთ რას იზამს ეუსებიო საკრისტანი.

მოიესის გარდა, მიმდინარე სეზონში კიდევ ორი სამწვრთნელო ცვლილება მოხდა. “ლას პალმასში” პაკო ერერა კიკე სეტიენმა შეცვალა, ხოლო “ლევანტეში” ლუკას ალკარაზი რუბიმ ჩაანაცვლა.

“სოსიედადის” მსგავსად, ძალიან სუსტად გამოიყურება “მალაგაც” და თუ ასე გაგრძელდა, ხავი გრასიაც ზემოთ აღნიშნულ მწვრთნელების სიას შეუერთდება, რაც პირველ რიგში გილერმო ოჩოას გაუხარდება, რომელსაც გრასია კვლავ არ ენდობა და მექსიკელს ლა ლიგაში ჯერაც არ უთამაშია.

ცუდად გამოიყურება “გრანადაც”, რომელსაც მხოლოდ 7 ქულა აქვს და შესაბამისად, საფრთხეშია ხოსე რამონ სანდოვალის პოსტიც, მაგრამ უნდა ითქვას, რომ რიგ მატჩებში “გრანადა” საკმაოდ კარგად გამოიყურება და ხშირად არ უმართლებს. იგივე “რეალთან” და “ვალენსიასთან” მინიმალურად წაგებული მატჩები გავიხსენოთ ან კიდევ “ხიხონთან” და “ესპანიოლთან” ფრედ დასრულებული შეხვედრები, რომელშიც კლუბმა მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაუშვა გამარჯვება ხელიდან.

კარგი სტარტი და რეალობაში დაბრუნება

შვიდი ტურის შემდეგ “ვილიარეალი” გათამაშებას ლიდერობდა, თუმცა როგორც მოსალოდნელი გახლდათ ჩავარდნა დაეწყო და ახლა მე-5 ადგილზეა. რეალურად თუ ვიმსჯელებთ, არსებული რესურსის გათვალისწინებით კლუბმა ევროპა ლიგის საგზურისთვის უნდა იბრძოლოს, თუმცა გასაკვირი არ იქნება, რომ “ყვითელმა წყალქვეშა ნავმა” მე-4 ადგილისთვისაც იბრძოლოს.

დანარჩენები

სხვა კლუბებიდან პირველ ყოვლისა გამოსარჩევია “ბილბაო”. ერნესტო ვალვერდეს შეგირდებმა ძალიან ცუდად დაიწყეს, თუმცა შემდეგ მოუმატეს და ექვსი მატჩია არ წაუგიათ, რომელთაგან ოთხი მოიგეს და ახლა 17 ქულით მე-8 ადგილს იკავებენ. წესით ბასკურმა კლუბმაც ევროპა ლიგისთვის უნდა იბრძოლოს.

“ბეტისი” და “რაიო ვალეკანო” კარგად თამაშობენ, თუმცა როგორც მოსალოდნელი გახლდათ არასტაბილურები არიან და მათი მაქსიმუმი ათეულში შესვლა იქნება.

წინა წლებთან შედარებით დასუსტებულია “ესპანიოლი”, რომლის უმთავრესი საზრუნავიც ლა ლიგაში დარჩენა უნდა იყოს. ამავე საზრუნავი უნდა ჰქონდათ “ხეტაფესა” და “ხიხონს”, რომელსაც ძლიერ კლუბებთან თამაში კარგად გამოსდის, თუმცა ხშირ შემთხვევაში არ უმართლებს (“რეალთან” ფრედ ითამაშა, ხოლო “ვალენსიასთან” და “ატლეტიკოსთან” მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გაუშვა).

ფეხბურთელები

საუკეთესო მოთამაშეები

3. ნოლიტო (“სელტა”)

29 წლის ფეხბურთელი შესანიშნავად გამოიყურება და ეს ესპანეთის ნაკრებში მოხვედრაშიც აისახა. ის გუნდის უპირობო ლიდერია. მან მიმდინარე სეზონში 7 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა. გამოსარჩევია, “რეალისა” და “ბარსელონას” კარში გატანილი ძალიან ლამაზი გოლები.

2. ნეიმარი (“ბარსელონა”)

ლიონელ მესის არყოფნაში ლიდერობა საკუთარ თავზე აიღო და დიდწილად მისი დამსახურებაა, რომ “ბარსელონა” ლა ლიგაში პირველ ადგილზეა. ნეიმარმა 10 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

1. კეილორ ნავასი (“რეალი”)

კეილორ ნავასი, რომელსაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს “მანჩესტერ იუნაიტედში” უშვებდნენ, ტრანსფერის დაგვიანების გამო “რეალში” დარჩა და დღეს მადრიდული კლუბის გულშემატკივრები ამბობენ, რომ ძალიან გაუმართლათ, როდესაც დე ხეას ტრანსფერი ჩაიშალა და კოსტა-რიკელი კიპერი დარჩა. კეილორი საოცარ სეზონს ატარებს და რამდენიმე მატჩში “რეალმა” მისი შესანიშნავი სეივებით მოიპოვა ქულები. ასეთი იყო “ბილბაოსთან”, “გრანადასთან”, “სელტასთან” და “ატლეტიკოსთან” გამართული შეხვედრები. მან ცხრა მატჩში 28 სეივი განახორციელა, 2 პენალტი მოიგერია, არცერთი შეცდომა არ დაუშვია და მხოლოდ 3 გოლი გაუშვა. ამაზე მეტი, ოთხი გოლი კიკო კასილიამ ორ მატჩში გაუშვა, რომლებშიც კეილორის ტრავმის გამო ითამაშა.

იმედგაცრუებები

3. სანტი მინა (“ვალენსია”)

სანტი მხოლოდ 19 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს, თუმცა ფაქტია, რომ ჯერჯერობით “ვალენსიაში” ისე ვერ ათამაშდა, როგორც გასულ სეზონში “სელტაში” თამაშობდა. სანტი საკუთარ თავზე თამაშის აღებას გაურბის და თითქოს მორიდებით თამაშობს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ის ძალიან ახალგაზრდაა და ამ ყველაფრის აღმოფხვრა შეუძლია. გასაკვირი არ იქნება, თუ ცოტა ხანში მინას უკვე საუკეთესოთა შორისაც ვიხილავთ, თუმცა ამ მომენტისთვის ის ძალიან ცუდად თამაშობს. მან 7 შეხვედრაში ჩაატარა და ერთი საგოლე გადაცემით გამოირჩა.

2. სერხიო კანალესი (“სოსიედადი”)

სერხიო კანალესი, რომელიც რამდენიმე წლის წინ ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად მიიჩნეოდა, ძალიან სუსტ სეზონს ატარებს. 24 წლის ფეხბურთელმა 10 უგოლო მატჩი ჩაატარა.

1. პედრო ლეონი (“ხეტაფე”)

მადრიდის “რეალის” კიდევ ერთი ყოფილი მოთამაშე, რომელსაც აშკარად იმაზე მეტი შეეძლო და შეუძლია, ვიდრე ახლა აჩვენებს. 28 წლის პედრომ მიმდინარე სეზონში 9 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ 1 საგოლე გადაცემით გამოირჩა.

საუკეთესო ტრანსფერები

3.ბორხა ბასტონი (“ატლეტიკოდან” – “ეიბარში”, იჯარა)

23 წლის ფორვარდი “ატლეტიკომ” ბასკურ კლუბში ერთწლიანი იჯარით გაუშვა. ის “იპარუაზე” შესანიშნავად დაბინავდა, 11 მატჩში 6 გოლი გაიტანა და ლა ლიგის გასული თვის საუკეთესო მოთამაშედ იქნა დასახელებული.

2. ევგენი კონოპლიანკა (“დნიპროდან” – “სევილიაში”, უფასოდ)

26 წლის უკრაინელს თავიდან უნაი ემერი არ ენდობოდა, თუმცა ევგენიმ დაამტკიცა, რომ ძალიან მაღალი დონის მოთამაშეა და უკვე ძირითადის ფეხბურთელად იქცა. გასულ ტურში მან “რეალის” წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა და მის დამარცხებაში ლომის წვლილი შეიტანა. კონოპლიანკამ 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა.

1. ხავი გერა (“კარდიფიდან” – “რაიო ვალეკანოში”, უფასოდ)

33 წლის ფორვარდი მადრიდულ კლუბს იდეალურად მოერგო და “რაიო ვალეკანო” დიდწილად სწორედ მისი კარგი თამაშის წყალობით ახერხებს ქულების დაგროვებას. მან 9 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

ცუდი ტრანსფერები

3. ანდრეს ფერნანდესი (“პორტოდან” – “გრანადაში”, იჯარა)

“ოსასუნას” ყოფილი მეკარე რეგულარულად თამაშობს “გრანადას” ძირითადში, თუმცა მასზე კარგის თქმა ცოტა რთულია. ანდრესი ძალიან არადამაჯერებლად გამოიყურება და რამდენიმე მატჩში დაკარგული ქულები მის სინდისზეა. მაგ: “ვილიარეალთან” წაგებულ შეხვედრაში დაშვებული ბავშვური შეცდომა. 28 წლის მეკარემ 11 მატჩში 20 გოლი გაუშვა.

2. როდრიგო მორენო (“ბენფიკადან” – “ვალენსიაში”, 30 მლნ ევრო)

როდრიგო გასულ სეზონში იჯარით თამაშობდა “ვალენსიაში” და რომ ვთქვათ ბრწყინავდა, ნამდვილად მოგატყუებთ. წელს კი კიდევ უფრო მოუკლო და არა თუ 30 მილიონის, არამედ 3 მილიონისაც არაფერი გაუკეთებია. მან 7 უგოლო მატჩი ჩაატარა და “ატლეტიკოსთან” მატჩში მძიმედ დაშავდა. ის კიდევ ორთვენახევარს გამოტოვებს.

1. რაფაელ ვან დერ ვაარტი (“ჰამბურგიდან” – ბეტისში”, უფასოდ)

32 წლის ჰოლანდიელი “ბეტისში” სეზონის დაწყების წინ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. სეზონის წინა მოსამზადებელ პერიოდში მან ტრავმა მიიღო და ფორმაში ვერაფრით ჩადგა. მას უმეტესად თადარიგში უწევს ყოფნა და ჯერჯერობით არაფერი ღირებული არ გაუკეთებია. მან ლა ლიგაში ორი მატჩი ჩაატარა.

აღმოჩენები

3. ლუკას პერესი (“დეპორტივო”)

27 წლის ფორვარდი “დეპორტივოში” გასულ სეზონში იჯარით თამაშობდა, ხოლო მიმდინარე სეზონის დაწყების წინ პაოკიდან 1.5 მილიონ ევროდ გამოისყიდეს. ლუკასი შესანიშნავად თამაშობს და “დეპორტივოს” მთავარი დამრტყმელი ძალაა. მან 11 მატჩში 7 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

2. სერხი რობერტო (“ბარსელონა”)

გასულ წლებში სერხი საკუთარ შანსს ვერ იყენებდა და “ბლაუგრანას” გულშემატკივრებს მისი იმედი უკვე ნაკლებად ჰქონდათ, თუმცა 23 წლის ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში მშვენივრად გამოიყურება. ის ნახევარდაცვის გარდა, დაცვის მარჯვენა ფლანგზე თამაშობს და თანაც ძალიან კარგად. სერხიმ ლა ლიგაში 9 მატჩი ჩაატარა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა, რომელთაგან გამოსარჩევია “ხეტაფესთან” ქუსლით გაკეთებული შესანიშნავი პასი.

1. ხაუმე დომენეში (“ვალენსია”)

სეზონის დაწყების წინ წინ ხაუმე “ვალენსიას” მეორე გუნდის მეკარე გახლდათ, ხოლო პირველ გუნდში ის მხოლოდ მეოთხე მეკარე იყო. ჯერ კიდევ წინა სეზონის ბოლო ტურში დიეგო ალვეშმა მძიმე ტრავმა მიიღო და თებერვლამდე მოუწევს უქმობა. მის ნაცვლად კლუბმა ავსტრალიელი კიპერი მეტიუ რაიანი შეიძინა, რომელიც ასევე დაშავდა და ის ახლაღა დაუბრუნდება კლუბს (თუმცა დიდი ალბათობით მეტიუ სადარიგოობას დასჯერდება). რაიანის ტრავმის შემდეგ ძირითადში თითქოს იოელ როდრიგესს უნდა ეთამაშა, თუმცა ნუნუ ესპირიტო სანტომ ყველასთვის უცნობ ხაუმეს ანდო “ვალენსიას” კარი და მანაც პორტუგალიელ მწვრთნელს პირველივე მატჩში 100%-ით გაუმართლა იმედი. მან “ხიხონთან” მატჩში რამდენიმე ურთულესი სეივი გააკეთა და ტურის სიმბოლურში მოხვდა. მას შემდეგ ხაუმემ ყველა მატჩი ითამაშა და ალბათ საუკეთესოცაა “ვალენსიას” რიგებში. ის ყოველ მატჩში დასამახსოვრებელ სეივებს გვთავაზობს და სტაბილურობით გამოირჩევა. “ვალენსიას” ქომაგებს კარგად ახსოვთ “მალაგასთან” აღებული პენალტი, “გრანადასთან” მოგერიებული შესანიშნავი ჯარიმა, ჯექსონ მარტინესის გაწბილება, რომელსაც ერთ-ერთზე აჯობა დომენეშმა. მოკლედ, 25 წლის მეკარე შესანიშნავია და მისი ძირითადიდან ამოგდება არა თუ მეტიუ რაიანს, არამედ დიეგო ალვეშსაც გაუჭირდება. მან ლა ლიგაში 9 შეხვედრა ჩაატარა, 36 სეივი განახორციელა, 1 პენალტი აიღო და 7 გოლი გაუშვა.

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119392