ფეხბურთი

17:35 | 22.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

"საბურთალოს" მარცხის გამოძახილი

სამწუხარო რეალობა დაგვანახა გუშინდელმა მატჩმა. "საბურთალოს" რამდენიმე ფეხბურთელი აკლდა და ფაქტობრივად, ის გუნდი თამაშობდა "მიდტიულანდთან", რომელიც საქართველოს უმაღლეს ლიგაში გამოდის. და რა დასკვნა შეიძლება გამოიტანო? ის, რომ დანიის 19-წლამდელთა გუნდი საქართველოს უმაღლესი ლიგის დონისაა და ვინ იცის, ხუთეულისთვისაც იბრძოლოს.

"საბურთალოს" გუშინდელი შემადგენლობიდან, ნახევარზე მეტი საქართველოს 21, ან 19-წლამდელთა ნაკრების წევრია. მართალია, "მიდტიულანდსაც" ჰყავდა დანის ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელები, მაგრამ უფრო ცოტა.

ძალიან დიდი კონტრასტი იყო ათლეტიზმში და ასევე, სწორად თამაშში, სწორ გადაწყვეტილებებში. ის კონტრშეტევა რად ღირს, დანიელთა მეორე გოლი რომ გავიდა: ნიმუში იყო და გულდასაწყვეტია, რომ ასეთ კონტრშეტევებს არათუ 19-წლამდელებში, მთლიანად საქართველოს ჩემპიონატში ვერ ნახავ.

არავითარი ზედმეტობა, მკაცრად დაყენებული გუნდური თამაში - ამითაც აჯობეს დანიელებმა ქართველებს და საერთოდაც, ძალიან ხშირად ვაგებთ სწორედ ამ უმნიშვნელოვანესი კომპონენტების გამო.

საწყის 10 წუთშივე გამოჩნდა, რომ დანიელები ფიზიკურად უკეთ იყვნენ მომზადებულნი, უფრო მეტი მოძრაობა შეეძლოთ. მათი 24 ნომერი (თავდამსხმელი) პირველ ტაიმში წამით არ გაჩერებულა, ბევრს დარბოდა და აწუხებდა მცველებს, მათ წინ წასვლის საშუალებას არ აძლევდა. როცა დაიღალა, შეცვალეს და მის ნაცვლად შესული ფორვარდიც ზუსტად იგივეს აკეთებდა.

ზოგადად, დანიელები ათლეტური ხალხია და სხვა სკანდინავიურ ქვეყნებთან შედარებით, ყოველთვის მეტი ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავდათ. გუშინაც, მომენტებში მოკლე მანძილზე მოტყუებას არ ერიდებოდნენ, საჰაეროს გარდა დაბალ ბურთებზეც არაფერს გვითმობდნენ.

"მეტოქე მაღალი და ათლეტურია, ხოლო ჩვენ ტექნიკური ფეხბურთი უნდა ვაჩვენოთ" - ეს ფრაზა უკვე ძალიან გაცვდა და სჯობს გავიგოთ, რომ მხოლოდ ტექნიკით ვერავის გააკვირვებ, თუ სწორი და გუნდური თამაში არ დახვეწე.

ასე რომ, მარტო კუნთებში არაა საქმე. აზროვნებაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113667