ფეხბურთი

2:38 | 21.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

პარიზში პირველი რაუნდი, პირველი ადგილისთვის

დღეს უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპის III ტურის დარჩენილი 8 შეხვედრა გაიმართება. მთავარი მატჩი პარიზშია, სადაც ადგილობრივი პსჟ და მადრიდის “რეალი” გაარკვევენ ურთიერთობას. საინტერესო დაპირისპირება უნდა გაიმართოს მანჩესტერშიც. “ეტიჰად სთედიუმზე” “სიტი” “სევილიას” უმასპინძლებს. ინტერესს მოკლებული არც დანარჩენი ექვსი თამაში მოსჩანს.

A ჯგუფი

პსჟ – “რეალი”

A ჯგუფის ფავორიტებად თავიდანვე ეს გუნდები შერაცხეს და სრულიად მართებულადაც. პსჟ-საც და “რეალსაც” ჩემპიონთა ლიგაზე დიდი მიზნები ამოძრავებთ. ამჯერად კი, პირველი ამოცანა ქვეჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა. ამისათვის შეერკინებიან ისინი დღეს ერთმანეთს. შიდა ჩემპიონატში ორივე გუნდი ლიდერია, თუმცა თუ მადრიდელები თანალიდერები არიან, პარიზელები მდევარს 5 ქულით სჯაბნიან. წესით დღევანდელი შეხვედრის ბედზე დიდად უნდა იყოს დამოკიდებული თუ დაიკავებს ჯგუფში პირველ პოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ ორი კვირის თავზე მათ მადრიდში კიდევ აქვთ სათამაშო. “რეალის” რიგებში მატებაა: რაფა ბენიტესმა სამატჩო განაცხადში ლუკა მოდრიჩი და სერხიო რამოსი შეიყვანა.

ბოლო სამი სეზონია “პარი სენ ჟერმენი” ტურნირს მეოთხედფინალიდან ეთიშება. ბოლოს ფრანგებმა ნახევარფინალს შორეულ 1995 წელს უწიეს.

საერთოდ, პსჟ-ს ესპანურ გუნდებთან სახლში თამაში დიდად არ უჭირს. აქამდე პირინელები “პარკ დე პრენს” 12-ჯერ ეწვივნენ და 6 თამაში პსჟ-მ მოიგო, 2 წააგო, ხოლო 4 ფრედ დასრულდა. ბოლოს პარიზში “ბარსელონამ” გაზაფხულზე იმარჯვა 3:1.

“რეალს” ბოლო 31 გასვლით შეხვედრაში მხოლოდ ორჯერ არ გაუტანია გოლი. 2010 წელს “ლიონთან” (0:1) და შარშან “ატლეტიკოსთან” (0:0).

უკანასკნელ 5 სეზონში კი “სამეფო კლუბი” ნახევარფინალში გასვლას ახერხებს. შარშან მადრიდული გრანდი ტურინის “იუვენტუსთან” დამარცხდა, გასვალაზე 1:2 და ეს ბოლო 31 მატჩში, რომელიც “რეალმა” სტუმრად ჩაატარა, მხოლოდ მე-6 წაგება იყო.

გარდა ამისა, ესპანელები მშვენივარდ გამოიყურებინა ფრანგულ გუნდებთან. ბოლო 3 თამაში “ბლანკოსმა” “ლიონთან” გამართა და სამივე მოიგო. მეოტქეს ცხრვა გოლი გაუტანა, თვითონ კი არ გაუშვია. ხოლო უკანასკნელ 7 მატჩში კი საერთოდ არ წაუგია საფრანგეთის წარმომადგენლებთან.

სავარაუდო შემადგენლობები:

პსჟ (4-3-3): სირიგუ; ორიე, ტიაგო სილვა, მარკინიოსი, მაქსველი; მოტა, პასტორე, დი მარია; ლუკასი, იბრაჰიმოვიჩი, კავანი

“რეალი” (4-3-3): ნავასი; დანილო, რამოსი, ვარანი, მარსელო; კაზემირო, კროოსი, მოდრიჩი; ისკო, რონალდო, ხესე

მსაჯი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)

“მალმე” – “შახტარი”

ამავე ჯგუფის მეორე მატჩში კი ერთმანეთს აუტსაიდერები დაუპირისპირდებიან. შვედეთის ჩემპიონსა და დონეცკელებს წლეულს დიდი მიზნები არ ამოძრავებთ. ეს “მალმესგან” გასაგებია, მაგრამ “შახტარმა” ბოლო წლებში წარმატებულ თამაშს დაგვაჩვია. და მაინც, მირჩა ლუჩესკუს გუნდის შემადგენლობა ზაფხულში საგრძნობლად შესუსტდა. ორივე გუნდი ამ დროისთვის უქულოდაა და სტოქჰოლმში სწორედ პირველი ქულებისთვის გაეჯიბრებიან. თანაც, მესამე ადგილზე გასვლის შემთხვევაში ევროპა ლიგაზე გადაიმაცვლებენ, რაც გუნდების მოტივაციას აძლიერებს.

“მალმეს” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე დებიუტი გასულ წელს ჰქონდა. წელს კი, იგივე წარმატებას ზედიზედ მეორედ უწია.

2011-2012 წლების სეზონში შვედებმა ევროპა ლიგაზე ხარკოვის “მეტალისტთან” შინ 4:1, ხოლო გასვლაზე 1:3 წააგეს. ეს კი 2005 წლის მერე “მალმესთვის” ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებული თამაში იყო.

მანამდე, 1978-1979 წლებში ისინი კიდევ ერთ უკრაინულ გუნდ “დინამოს” დაუპირისპირდნენ თასების თასზე. უკრაინაში თამაში გატანილი გოლების გარეშე დასრულდა, ხოლო სკანდინავიაში მასპინძლებმა იმძლავრეს – 2:0.

შახტარს” ჩემპიონთა ლიგაზე საუკეთესო სეზონი 2010-2011 წლებში ჰქონდა, როცა მეოთხედფინალში გავიდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“მალმე” (4-4-2): ვილანდი; ტინერჰოლმი, არნასონი, ბენგსტონი, კარვალიო; როდიჩი, ადუ, ლევიცკი, ბერგეტი; ჯურჯიჩი, როზენბერგი

“შახტარი” (4-2-3-1): პიატოვი; სრნა, კუჩერი, რაკიცკი, ისმაილი; სტეპანენკო, ფრედი; მარლოსი, ტაისონი, ალექს ტეიშეირა; გლადკი

მსაჯი: ანასტასიოს სიდროპულოსი (საბერძნეთი)

B ჯგუფი

ცსკა – “მანჩესტერი”

B ჯგუფში ძალიან საინტერესო და დაძაბული ვითარებაა. ოთხივე გუნდს ორი ტურის მერე სამ-სამი ქულა აქვთ. მოსკოვში, ცსკა “მანჩესტერ იუნატედს” დაუხვდება და მეტოქისთვის ფეხის დადებას ეცდება. ლუის ვან გაალის გუნდმა პირველი გასვლითი შეხვედრა ეინდჰოვენში უკვე წააგო და ახლა უქულოდ დარჩენა არ მართებს. მითუფრო იმ ფონზე, რომ ამ ქვეჯგუფში ყველა თანაბარ სიტუაციაშია.

მოსკოველთა კოტ დივუარელი ფორვარდი სეიდუ დუმბია გადასარევ ფორმაშია. “რომადან” მოსკოვში დაბრუნებულმა შემტევმა ბოლო 6 თამაშში 7 გოლი გაიტანა და წარმატებულ თამაშს ინგლისელებთანაც აპირებს.

“წითელი ეშმაკები” მიმდინარე სეზონს საერთო ჯამში წარმატებით ატარებენ, თუ არ ჩავთვლით შიგადაშიგ ჩავარდნებს.

სავარაუდო შემადგენლობები:

ცსკა (4-4-2): აკინფეევი; ფერნანდესი, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენიკოვი; ვერნბლუმი, ტოშიჩი, ერემენკო, ძაგოევი; მუსა, დუმბია

“მანჩესტერი” (4-2-3-1): დე ხეა; დარმიანი, სმოლინგი, ბლინდი, როხო; ქერიკი, შვაინშტაიგერი; მატა, რუნი, დეპაი; მარსიალი

მსაჯი: კარლოს ველასკო (ესპანეთი)

“ვოლფსბურგი” – პსვ

იგივე მდგომარეობაში არიან სატურნირო თვალსაზრისით პსვ და გერმანული “ვოლფსბურგი”. “მგლებმა” და ჰოლანდილებმაც სასტარტო შეხვედრები მოიგეს, მერე კი უქულოდ დარჩნენ. ახლა სიტუაციის გაუმჯობესებას ერთმანეთში ეცდებიან. დიტერ ჰეკინგის გუნდი წლეულს ისე დამაჯერებლად ვერ გამოიყურება, როგორც გასულ სეზონში, მაგრამ ბოლო ტურში მათ წარმატებით ითამაშეს და “ჰოფენჰაიმს” 4:2 აჯობეს. იმ მატჩში ჰეთ-თრიქით გამორჩა მაქს კრუსე, რომელიც გადასარევ ფორმაშია.

აღსანიშნავია, რომ არცერთ ჰოლანდიურ გუნდს გერმანიაში ზედიზედ 14 თამაშია არ მოუგია. ბოლოს ასეთი ფაქტი შორეულ, 1977 წელს დაფიქსირდა.

თავის მხრივ “ვოლფსბურგი” აქამდე ჰოლანდიურ კლუბებს ორჯერ შეხვედრილა და ორჯერვე იმარჯვა. 1999-2000 წლებში კერკრადეს “როდას” მოუგო (1:0), ხოლო 9 წლის მერე “ჰერენვეენს” 5:1 აჯობა.

გერმანიაში “ეინდჰოვენს” ცუდი სტატისტიკა გააჩნია: 1 მოგება, 4 ფრე, 12 წაგება.

ბოლო 10 გასვლითი მატჩიდან კი ჩემპიონთა ლიგაზე “ფილიპსელებმა” ერთადერთხელ მოიგეს, ხოლო 8-ჯერ წააგეს.

ბოლოს ჰოლანდიის ჩემპიონმა გერმანიაში 2005 წელს ითამაშა, როცა “შალკესთან” 0:3 წააგო. მაშინ პსვ-ს სამივე გოლი ქართველმა ლევან კობიაშვილმა გაუტანა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ვოლფსბურგი” (4-1-4-1): ბენალიო; ვიეირინია, ნალდო, დანტე, როდრიგესი; ლუის გუსტავო, კალიჯური; კრუსე, დრაქსლერი, შურლე; დოსტი

პსვ (4-3-3): ზოეტი; ბრენეტი, ბრუმა, მორენო, პოულსენი; პროპერი, ჰენდრიქსი, გუარდადო; ლესტიენი, დე იონგი, ნარსინგი

მსაჯი: ალბერტო უნდიანო (ესპანეთი)

C ჯგუფი

“ატლეტიკო” – “ასტანა”

მადრიდის “ატლეტიკო” ყაზახურ “ასტანასთან” ადვილ გასეირნებას გეგმავს. როგორც ყაზახეთის ჩემპიონთა მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, მათთვის პრიორიტეტი შედია ჩემპიონატია და “ვისენტე კალდერონზე” სათადარიგო ფეხბურთელებსაც მისცემს თამაშის საშუალებას. ვნახოთ რამდენად შეასრულებს სიტყვას... დიეგო სიმეონეს გუნდმა წინა ტურში “ბენფიკასთან” დაუგეგმავი ორი ქულა გაანიავა, რამაც “ელ ჩოლო” ძალიან გააბრაზა. შესაბამისად, ახლა იგივეს გაკეთება მადრიდელ ფეხბურთელებს არ მართებთ.

სავარაუდო შემადგენლობები:

“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; ო. ტორესი, გაბი, ტიაგო, კოკე; ფ. ტორესი, გრიზმანი

“ასტანა” (4-1-4-1): ერიკი; ილიჩი, ანიჩიჩი, პსტნიაკოვი, შომკო; ჩანაში; კეტევოამა, ჟუკოვი, მუჟიკოვი, ჯოლჩიევი; კაბანაგა

მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი)

“გალათასარაი” – “ბენფიკა”

გაცილებით ფიცხელ ბრძოლას ელიან სტამბულში, სადაც “გალათასარაი” ლისაბონის “ბენფიკას” მიიღებს. თურქებს თუ ჯგუფიდნ გასვლა უნდათ, ეს თამაში მოსაგები აქვთ. პირველ ორ ტურში მათი მონაგარი მხოლოდ ქულაა და ვერც თამაშის ხარისხი იყო მაინცდამაინც მაღალი დონის... “არწივებს” კი ოთხი ქულა გააჩნიათ და უკეთეს ხასიათზე არიან. თანაც, შემსრულებლებითაც მეტოქეზე უკეთ გამოიყურება.

ეს გუნდები 2008-2009 წლების სეზონში უაფს თასზე ერთ ჯგუფში იყვნენ. მაშინ “ლომებმა” სტუმრად 2:0 მოიგეს ემრე აშიკისა და უმით კარანის გოლებით. იმ შეხვედრაში უთამაშია “ბენფიკას” ბრაზილიელ კაპიტან ლუიზაოს, რომელიც დრესაც ითამაშებს.

“გალას” ევროტურნირებზე უკვე 10 თამაშია არ მოუგია.

“ბენფიკამ” 2012-2013 წლების სეზონში ევროპა ლიგის ნახევარფინალში “ფენერბახჩეს” ორი მატჩის ჯამში 3:2 მოუგო.

ჯამში კი თურქულ გუნდებს აქამდე 9-ჯერ შეხვედრია, საიდანაც 4 მოიგო, 2 თამაში ფრედ დასრულდა, ხოლო 3-ჯერ პორტუგალიელები დამარცხდნენ.

ევროსარბიელზე ბოლო 9 გასვლით შეხვედრაში “არწივებმა” მხოლოდ ორი წააგეს და ორჯერვე გასულ სეზონის ჯგუფურ ეტაპზე.

2011-2012 წლებში კი ლუზიტანურმა გრანდმა მეოთხედფინალსაც უწია, მაგრამ იქ ლონდონის “ჩელსისთან” დამარცხდა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“გალათსარაი” (4-2-3-1): მუსლერა; საბრი, ჩეჯუ, ბალთა, ქეროლი; ბილალ კისა, ინანი; ოზტეკინი, სნეიდერი, პოდოლსკი; უმუტ ბულუტი

“ბენფიკა” (4-4-2): ჟულიო სეზარი; ნელსონი, ჟარდელი, ლუიზაო, ელიზეუ; გედეში, ალმეიდა, სამარისი, გაიტანი; ხონასი, ხიმენესი

მსაჯი: უილიამ კოლუმი (შოტლანდია)

D ჯგუფი

“იუვენტუსი” – “გლადბახი”

D ჯგუფში ლიდერი “იუვენტუსი” აუტსაიდერ “გლადბახს” დაუხვდება და მდგომარეობის გამყარებას ეცდება. თუმცა, “ბებერ ქალბატონს” არც ისე ადვილი თამაში ელის, რადგან წლეულს საკუთარი თამაშის პოვნას ვერაფრით ახერხებს. განსაკუთრებით მასიმილიანო ალეგრის გუნდს წინა ხაზში უჭირს. იტალიის ჩემპიონატში აქამდე მათ მხოლო 9 გოლი გაიტანეს, რაც ბოლო 6 წლის განმავლობაში უცუდესი შედეგია. მიუხედავად ამისა, ლიგაზე ტურინელებს არაფერი დაეწუნებათ და “სიტისთან” და “სევილიასთან” 6 ქულა დააგროვეს. “გლადბახმა” კი სეზონი საშინლად დაიწყო და ბუნდესლიგაში 5 თამაში ზედიზედ წააგო. მაგრამ მას შემდგომ გონზე მოვიდნენ და ახლა 4 მატჩია მიჯრით იგებენ. ჩემპიონთა ლიგაზე კი ცუდად თამაშობენ. ამ დრომდე ისინი უქულოდ არიან.

ეს გუნდები ერთმანეთს შორეულ 1976 წელს, თასების ტასზე დაუპირისპირდნენ და მაშინ ორი მატჩის ჯამით გამარჯვებული გერმანული გუნდი გამოვიდა (4:2).

“იუვეს” უეფას ტურნირებზე 14 თამაშია საკუთარ მოედანზე არ წაუგია. ბოლოს ასეთი შემთხვევა 2013 წელს დაფიქსირდა, როცა ტურინში სხვა გერმანულმა გუნდმა, “ბაიერნმა” იმარჯვა.

საერთო ჯამში კი “ბიანკონერისა” და ალემანური კლუბების ისტორია ტურინში 21 თამაშს ითვლის: 14 მოგება, 2 ფრე, 5 წაგება.

ისიც უნდა ითქვას, რომ იტალიურ გრანდს გერმანულ გუნდებთან ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი თამაში ორჯერ წაუგია: 1983 წელს “ჰამბურგთან” (0:1) და 1997 წელს “დორტმუნდთან” (1:3). ხოლო იმავე “დორტმუნდს” 1993 წელს უეფას თასის ფინალში აჯობა.

“გლადბახი” ბოლოს იტალიური გენდებიდან “ლაციოს” შეხვდა, 2012-2013 წლების სეზონში და ორი მატჩის ჯამში 3:5 წააგო. ჯამში კი იტალიაში ორჯერ მოუგია, ერთხელ ფრედ ითამაშა, სამჯერ კი წაუგია.

სავარაუდო შემადგენლობები:

“იუვენტუსი” (3-5-2): ბუფონი; ბარძალი, ბონუჩი, კიელინი; კუადრადო, ხედირა, მარკიზიო, პოგბა, ევრა; მორატა, დიბალა

“გლადბახი” (4-4-2): სომერი; კორბი, კრისტიანსენი, დომინგესი, ვენდტი; ტრაორე, დაჰუდი, ქსაკა, იონსონი; რაფაელი, სტინდლი

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

“მანჩესტერ სიტი” – “სევილია”

ჯგუფის მეორე მატჩი დიდ ინტერესს იწვევს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ორივე გუნდს 3 ქულა გააჩნია და ამ მატჩში წარმატებულ თამაშს გეგმავენ. მეორეც იმიტომ, რომ პლეი-ოფში გასვლა ორივეს უნდა. შესაბამისად, მანჩესტერში სასწორზე სამის ნაცვლად ექვსი ქულის ბედი დევს და ვნახოთ, ვისკენ გადაიწონება. “სიტიმ” სეზონი ძალიან დამაჯერებლად დაიწყო, მაგრამ “იუვენტუსთან” საშინაო წაგებამ მანუელ პელეგრინის გუნდი ღრუბლებიდან მიზაწე დაუშვა. “სევილია” კი არასტაბილურია. “დალაქები” ვერც ლა ლიგაში ყოჩაღობენ და ლიგაზეც არასტაბილური ორი თამაში აჩვენეს. ჯერ “გლადბახს” ერთი ამოსუნთქვით მოუგეს, მერე “იუვენტუსთან” ისე წააგეს კარშიც არ დაურტყამთ.

“ქალაქელებს” ესპანურ გუნდებთან ბოლო ორი საშინაო თამაში წაგებული აქვთ და ორჯერვე “ბარსელონასთან”.

ესპანურ გუნდებთან საერთო სტატისტიკა კი საკუთარ კედლებში თანაბარი აქვს: 2 მოგება და ამდენივე ფრე-წაგება.

სერხიო აგუეროს “ეტიჰად სთედიუმზე” ბოლო სამ მატჩში, როცა “სიტი” ესპანურ გუნდს ხვდებოდა გოლს იტანდა, მაგრამ დღეს არგენტინელი თამაშს ვერ შეძლებს.

“სევილიას” ევროტურნირებზე ბოლო 7 თამაშიდან მხოლოდ ორჯერ წაუგია.

თუმცა, ინგლისში სევილიელებს სამი ცდიდან მოგებული არ აქვთ: ორი ფრე, ერთი წაგება.

სხვათა შორის, პირველი ევროპული ტიტული “სევილიამ” სწორედ ალბიონელების წარმომადგენელის დამარცხების შემდეგ მოიგო, როცა 2006 წელს, უეფას თასის ფინალში “მიდლსბროს” 4:0 აჯობა.

სავარაუდო შემადგენლობები:

“მანჩესტერ სიტი” (4-2-3-1): ჰარტი; ზაბალეტა, კომპანი, მანგალა, სანია; ფერნანდინიო, ტურე; ნავასი, დე ბრუინე, სტერლინგი; ბონი

“სევილია” (4-2-3-1): რიკო; კოკე, რამი, კოლოჯიეჩაკი, ტრემოლინასი; კრიხოვიაკი, იბორა; რეიესი, ნ’ზონზი, ვიტოლო; გამეირო

მსაჯი: ბას ნიიჰუისი (ჰოლანდია)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116841