ფეხბურთი

16:00 | 19.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მთავარი მსაჯის დამატებული წუთებია

საქართველოს ჩემპიონატის მერვე ტურმა სენსაციების გარეშე ჩაიარა, თუმცა ცხრილში ბევრი რამ კი შეცვალა. “დინამომ” ვერ მოიგო (ის კი არა, ბოლო წამებზე გადაურჩა მარცხს), ამასობაში “დილამ” იმარჯვა და ეს ორი გუნდი ცხრილს ლიდერობს 19-19 ქულით. დინამოელები ბურთების უკეთესი შეფარდებით არიან წინ, თუმცა გორელებს ურთიერთშეხვედრაში მოგებული აქვთ.

მესამეზე ბოლნისის “სიონია”, თუმცა პოტენციური ლიდერი სწორედ ვარლამ კილასონიას გუნდია. ერთი მატჩი მარაგში აქვს და იმიტომ. “ზუგდიდი”-“სიონის” მატჩის გადადების მიზეზი იცით: ზუგდიდელთა კლუბის უფროსი, მალხაზ (ჯონი) მალანია გარდაიცვალა. როდის გაიმართება ეს შეხვედრა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გადაწყვეტს. ისე, “ზუგდიდი” ერთადერთი კლუბია, რომელსაც ჯერ არ მოუგია, ხოლო “სიონი” ერთადერთია, რომელიც არ დამარცხებულა.

ტურის მთავარი მატჩი, რა თქმა უნდა, ქუთაისში გაიმართა: “ტორპედომ” თბილისის “დინამოს” უმასპინძლა და მეორე ტაიმის შუაწელს დათა სიჭინავას ლამაზი გოლით (ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ ერთ შეხებაში დარტყმით) დაწინაურდა. შეხვედრა სრულდებოდა, 94-ე წუთი იყო და ამ დროს გიორგი ქვილითაიას კარგ მოქმედებასა და პასს ბაჩანა არაბულის ზუსტი დარტყმა მოჰყვა – 1:1.

ისე, თამაში ვერ გამოდგა სანახაობრივი, ვერც საუკეთესო ფეხბურთელს გამოარჩევ. ადრინდელ წლებს რომ თავი დავანებოთ, ახლო წარსულშიც გაცილებით კარგი მატჩები იმართებოდა “ტორპედოსა” და “დინამოს” შორის. მაგალითად, როცა გია გეგუჩაძე ქუთათურებს წვრთნიდა, დინამოელებს კი ჩისკო და ალვარო რომ ჰყავდათ.

სეზონის პირველი ჰეთ-თრიქი ვიხილეთ და მისი ავტორი ოთარ მარცვალაძეა. გორის “დილას” ფორვარდმა “გურიას” სამივე გოლი მეორე ტაიმში გაუტანა, განსაკუთრებით კარგი გამოდგა საჯარიმო დარტყმა – ახლო კუთხეში, ცხრიანში ჩააბაზრიალა ბურთი.

კარგი გოლები გავიდა “ცხინვალი”-“ჩიხურას” შეხვედრაში (1:1). ორივე შორიდან. ჯერ მასპინძელთა მცველმა ვასილ ბაჩიაშვილმა გაიტანა, მერე კი გიორგი კორიფაძემ საჯარიმოდან გადმოვარდნილ ბურთს ერთ შეხებაში დარტყმით ცხრიანში მიუჩინა ადგილი.

ბათუმელთა ფორვარდ გიორგი ბერიაშვილის პროგრესიც უნდა აღვნიშნოთ. მან კიდევ ორი გოლი გაიტანა და 8 გოლი დაუგროვდა სეზონში. ბერიაშვილის გოლებმა ზღვისპირულ “დინამოს” “სამტრედიასთან” მოაგებინა (2:0) და გუნდს გაუჩინა იმედი, რომ წლეულსაც შესძლებენ ევროტურნირებზე გასვლას.

ბოლო წუთებზე იმარჯვეს “საბურთალომ” (“საპოვნელასთან”) და “შუქურამ” (მერანთან”). ორივე შემთხვევაში, 1:1 იყო და 2:1 დასრულდა მატჩი. საბურთალოელთაგან გადამწყვეტი გოლის ავტორი 18 წლის გურამ გოშთელიანი გახდა, ხოლო ქობულეთელებს ელგუჯა ლობჯანიძის გატანილმა მოაგებინა. მსაჯის მიერ დამატებული წუთები ამ ტურში ვისთვის სასიხარულო, ვისთვის კი სამწუხარო გამოდგა. ამ ორ მატჩს დაუმატეთ “ტორპედო”-“დინამოც” და ცხადი გახდება, რომ სწორედ ბოლო წამებმა ბევრი რამ გადაწყვიტა. …

სენსაცია არ ყოფილა, მაგრამ მოულოდნელი კი იყო ფოთის “კოლხეთის” ასეთი იოლი გამარჯვება თბილისის “ლოკომოტივთან” – 4:0 და ოთხივე გოლი პირველ ტაიმში. ჯერ ალექსანდრე კოშკაძემ ისარგებლა მეკარისა და მცველის შეუთანხმებლობით, მერე ნიკოლოზ სიჭინავამ თავით გაიტანა, ბოლო ორი გოლი კი მერაბ გიგაურის ანგარიშზეა: ორივე ბურთი მძლავრი დარტყმებით შეაგდო. “ლოკომოტივს” ხუთიდან ხუთივე გასვლითი მატჩი წაგებული აქვს.

ისიც აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს ახალი მწვრთნელი ჰყავდა: ფოთელებს გელა სანაიამ უხელმძღვანელა, ხოლო თბილისელებს ესპანელმა ჟერარდ სარაგოსამ.

მთლიანობაში, ტურის 7 მატჩში 21 გოლი გავიდა, ანუ საშუალოდ ზუსტად 3.

მერვე ტური

“საბურთალო” - “საპოვნელა” 2:1 (0:0)

გოლები: 1:0 ნოდარ იაშვილი (58), 1:1 ბუხაიძე (84), 2:1 გოშთელიანი (90+2)

“ტორპედო” - “დინამო” თბ 1;1 (0:0)

გოლები: 1:0 დათა სიჭინავა (68), 1:1 არაბული (90+4)

“დილა” – “გურია” 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 ერისთავი (32 პენ), 2:0 სამხარაძე (42), 3:0, 4:0, 5:0 მარცვალაძე (54, 75, 90+2)

“მერანი” – “შუქურა” 1:2 (1:1)

გოლები: 1:0 ბაგაევი (25 ავტოგოლი), 1:1 ჩელებაძე (45), 1:2 ლობჟანიძე (90+4)

“კოლხეთი” – “ლოკომოტივი” 4:0 (4:0)

გოლები: 1:0 კოშკაძე (18), 2:0 ნიკა სიჭინავა (24), 3:0, 4:0 გიგაური (40, 43)

“დინამო” ბთ – “სამტრედია” 2:0

გოლები: 1:0, 2:0 ბერიაშვილი (5, 71)

“ზუგდიდი” – “სიონი” გადაიდო

დილა 8 6 1 1 16 6 10 19
დინამო თბ 8 6 1 1 21 6 15 19
სიონი 7 5 2 0 11 3 8 17
ცხინვალი 8 5 1 2 21 13 8 16
სამტრედია 8 5 1 2 22 12 10 16
ჩიხურა 8 4 2 2 13 5 8 14
შუქურა 8 4 1 3 9 7 2 13
საბურთალო 8 4 1 3 10 12 -2 13
დინამო ბთ 8 3 3 2 14 7 7 12
ტორპედო 8 2 3 3 9 11 -2 9
გურია 8 2 2 4 7 13 -6 8
კოლხეთი ფ 8 2 1 5 6 11 -5 7
საპოვნელა 8 1 2 5 5 17 -12 5
ლოკომოტივი 8 1 1 6 7 15 -8 4
მერანი 8 1 0 7 6 23 -17 3
ზუგდიდი 7 0 2 5 7 23 -16 2

შემდეგი ტური

23 ოქტომბერი

ჩიხურა – კოლხეთი

დინამო თბ – ცხინვალი

გურია – დინამო ბთ

სიონი – დილა

სამტრედია – ტორპედო

შუქურა – ზუგდიდი

24 ოქტომბერი

საპოვნელა – მერანი

25 ოქტომბერი

ლოკომოტივი – საბურთალო

ბომბარდირები

8 – გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბთ), ნიკა კაჭარავა (ცხინვალი); 7 – ოთარ მარცვალაძე (დილა), 6 – ირაკლი სიხარულიძე (სამტრედია); 5 – გიორგი ქვილითაია (დინამო თბ), ირაკლი მოდებაძე (დილა), 4 – ავთო ენდელაძე (სამტრედია), ჯაბა ჯიღაური (დინამო თბ), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), ბუდუ ზივზივაძე (სამტრედია), დიმიტრი ტატანაშვილი (სიონი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109428