ფეხბურთი

2:23 | 5.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდული ფრე “ვილიარეალის” სასარგებლოდ

ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის ცენტრალური დაპირისპირება “ვისენტე კალდერონზე” გაიმართა, სადაც ადგილობრივმა “ატლეტიკომ” მადრიდულ დერბიში “რეალს” უმასპინძლა და დაძაბულ მატჩში ქულის მოპოვება მოახერხა.

კლუბები “ელ დერბი მადრილენიოს” მნიშვნელოვანი დანაკლისებით შეხვდნენ. მასპინძლებს კოკე აკლდათ, ხოლო სტუმრებს დანილო, ხამესი და პეპე ვერ ეხმარებდნენ. სამაგიეროდ, “ბლანკოსის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა ტრავმა მოიშუშა და ძირითად შემადგენლობაში გახლდათ, გარეტ ბეილი კი ბოლომდე მზად არ გახლდათ და მეორე ტაიმში გამოჩნდა მინდორზე.

შეხვედრა უფრო აქტიურად სტუმრებმა დაიწყეს, რამაც მალევე გამოიღო შედეგი. მე-9 წუთზე მარჯვენა ფლანგზე შესანიშნავად ითამაშა დანიელ კარვახალმა, რომელმაც ფელიპე ლუისი ჩამოიშორა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას ქარიმ ბენზემამ აჯობა და იან ობლაკის დამწუხრება თავური დარტყმით მოახერხა. გაშვებული გოლის შემდეგ “როხიბლანკო” გააქტიურდა და ანხელ კორეას რამდენიმე წუთში შეეძლო გათანაბრება, მაგრამ ოდნავ ააცილა. 21-ე წუთზე კი, დიეგო სიმეონეს შეგირდებმა პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვეს: სერხიო რამოსმა საკუთარ საჯარიმოში ტიაგო მენდეში წააქცია, რაც უმაღლეს საფეხბურთო სასჯელად და ყვითელ ბარათად დაუჯდა. “თეთრების” საბედნიეროდ, კეილორ ნავასმა ბრწყინვალედ ითამაშა და ანტუან გრიზმანს აჯობა. პირველ ნახევარში მეტი რეალური შანსი გუნდებს აღარ შეუქმნიათ. დარჩენილ დროში ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდი დანიელ კარვახალის ტრავმაა, რომელიც 42-ე წუთზე ალვარო არბელოამ შეცვალა.

შესვენებაზე დიეგო სიმეონემ შეგირდებს საჭირო რჩევები მისცა და ერთი შეცვლაც განახორციელა. მან ოლივერ ტორესის ნაცვლად, ფერეირა-კარასკო შეუშვა მინდორზე. მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობა ნელ-ნელა მოიპოვეს, რაშიც მათ რაფაელ ბენიტესიც დაეხმარა, რომელმაც მეორე ნახევარში აშკარად დაცვაზე ააგო თამაში და ძირითადად კონტრშეტევებით სურდა ფონს გასვლა, რამაც აშკარად არ გაამართლა. “როხიბლანკო” კიდევ უფრო გააქტიურდა, რაც მოედანზე ჯექსონ მარტინესი და ლუსიანო ვიეტო გამოჩნდნენ, რომელთაც ფერნანდო ტორესი და ანხელ კორეა ჩაანაცვლეს. “ბლანკოსი” კი, რაც დრო გადიოდა მით უფრო უკან იხევდა, 77-ე წუთზე რაფაელ ბენიტესმა ქარიმ ბენზემა გაიყვანა და მატეო კოვაჩიჩი შეუშვა, რითაც ნახევარდაცვა კიდევ უფრო გააძლიერა, ხოლო თავდამსხმაზე უარი თქვა. ბენიტესს სურდა, რომ “თეთრების” შუა ხაზს მასპინძელთა იერიშები შეეჩერებინა, ტემპი დაეგდო და თამაში მოეკლა, რაც მათ არ გამოუვიდა. გამოცდილ სპეციალისტს რომ გეგმები ჩაეფუშა, დიდწილად დაშავებული კარვახალის ნაცვლად შემოსული ალვარო არბელოას დამსახურებაა, რომელმაც 83-ე წუთზე უწყინარ სიტუაციაში დაკარგა ბურთი, ხოლო შემდეგ ჯექსონ მარტინესის შეჩერება ვეღარ მოახერხა, რომელიც სტუმართა საჯარიმოში შევიდა და მეკარის საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ბურთს ლუსიანო ვიეტო დაუხვდა და ახლო მანძილიდან თავისი პირველი მადრიდული გოლის გატანა მოახერხა.

გაშვებული გოლის შემდეგ “რეალს” თამაშის ხელახლა გადაწყობა გაუჭირდა, რადგანაც რაფაელ ბენიტესს შეცვლების ლიმიტი უკვე ამოწურული ჰქონდა. სამაგიეროდ, კიდევ უფრო გააქტიურდნენ დიეგო სიმეონეს შეგირდები, რომელთაც გატანილმა გოლმა ფრთები შეასხა და სამი ქულის ასაღებად გაიწიეს. ამის შანსი კი მასპინძლებს ნამდვილად ჰქონდათ, 91-ე წუთზე ჯექსონ მარტინესმა საჯარიმოს მისადგომებიდან მშვენივრად დაარტყა, მაგრამ კეილორ ნავასმა თავის ბრწყინვალე რეაქცია კიდევ ერთხელ გამოავლინა და საკუთარ გუნდს ქულა შეუნარჩუნა – 1:1.

მადრიდულ დერბიში დაფიქსირებული შედეგი ყველაზე მეტად “ვილიარეალს” აწყობდა, რომელიც “სიუდად დე ვალენსიაზე” ვალენსიურ დერბიში “ლევანტესთან” დამარცხდა და მიმდინარე ლა ლიგაში პირველი მარცხი იწვნია, თუმცა “ვისენტე კალდერონზე” დაფიქსირებული შედეგის წყალობით პირველი ადგილი შეინარჩუნა და მინიმუმ ორი კვირის განმალობაში ლა ლიგის სათავეში იქნება.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, სტუმრებს გეგმები ჯოკიჩმა აურია, რომელმაც საწყის 36 წუთში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოახერხა და საკუთარი გუნდი რიცხობრივ უმცირესობაში დატოვა. “ყვითელი წყალქვეშა ნავების” მარცხენა მცველმა ივან ლოპესის წინააღმდეგ ძალიან უხეშად ითამაშა, დაზიანება მიაყენა და სრულიად დამსახურებულად იქნა გაძევებული.

ჯოკიჩის გაძევების შემდეგ სტუმრებს ძალიან გაუჭირდათ და არეოლამ რამდენჯერმე იხსნა საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან, თუმცა 83-ე წუთზე მოსახდენი მაინც მოხდა და “ლევანტემ” გოლის გატანა მოახერხა. ნაბილ გილასმა მარცხენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ორ მცველს დეივერსონმა დაასწრო და ძლიერი დარტყმით “ლევანტეს” მიმდინარე სეზონში პირველად მოაგებინა – 1:0.

მორიგი უსუსური შეხვედრა ჩაატარა “ვალენსიამ”, რომელიც ბასკეთში “ბილბაოსთან” დაიჩაგრა. არადა, სტუმართათვის მატჩი იდეალურად დაიწყო და მე-20 წუთზე დანიელ პარეხომ ლამაზი ჯარიმით გახსნა ანგარიში. “ლომებმა” წონასწრობა 34-ე წუთზე აღადგინეს, რაშიც დიდი წვლილი ალვარო ნეგრედოს მიუძღვის. 30 წლის ფორვარდი დაცვაში საკუთარი გუნდის დახმარებას ცდილობდა, მაგრამ ამის ნაცვლად, თავით ცარიელ კართან მდგომ აიმერიკ ლაპორტეს გაუკეთა გადაცემა და მასაც გატანა არ გასჭირვებია.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ნეგრედოს შეცდომის გამოსწორება შეეძლო, რომელიც ფეგულიმ მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ ესპანელი ძალიან ცუდად გაისარჯა და კარს ააცილა. სამაგიეროდ, საკუთარი შანსი ხელიდან არ გაუშვეს ბასკებმა – მე-60 წუთზე მარკელ სუსაეტამ არიც ადურისის გადაცემა შეირგო და ახლო მანძილიდან მოახერხა გატანა. ცხრა წუთში მასპინძლებმა მესამე გოლიც გაიტანეს და შეხვედრის ბედი გადაწყვიტეს: ხავი ფუეგომ მოედნის ცენტრში დაკარგა ბურთი, რასაც რაულ გარსიას კარგი გადაცემა და ადურისის შედეგიანი დარტყმა მოჰყვა – 3:1.

დღის გახსნით შეხვედრა “ბეტისმა” გასვლაზე აჯობა “რაიო ვალეკანოს”. “მწვანეებმა” ჰაიკო ვესტერმანისა და რუბენ კასტროს გოლებით იმარჯვეს.

რაიო ვალეკანო – ბეტისი 0:2 (0:1)

მადრიდი, “ესტადიო ვალეკასი”

რაიო ვალეკანო (4-2-3-1):
ტონიო, ლორენტე, ზე კასტრო, რაცი, ნ.მარტინესი (მანუჩო 65), ბაენა, ტრაშორასი, ხოზაბედი (ფარინია 65), ემბარბა (ბანგურა 46), ბებე, გერა.
მწვრთნელი: პაკო ხემესი

ბეტისი (4-4-2): ადანი, ბ.გონსალესი, ვესტერმანი, პიცინი, ვარელა, პორტილიო (მოლინა 80), სეხუდო (მოლინერო 87), დ’დიაიე, პეტროსი, რენელია (ხოაკინი 70), რ.კასტრო.
მწვრთნელი: პეპე მელი

გოლები: 0:1 ვესტერმანი (20), 0:2 რ.კასტრო (61)
გაფრთხილებები: ბანგურა, გერა, ბებე, რაცი – რენელია, პიცინი
მსაჯი: იგლესიას ვილანუევა

ბილბაო – ვალენსია 3:1 (1:1)

ბილბაო, “სან მამესი”

ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი, ეჩიტა, ლაპორტე, ბალენსიაგა, დე მარკოსი, სან ხოსე, ბენიატი (მ.რიკო 86), რ.გარსია (ერასო 84), ვილიამსი (საბინი 71), სუსაეტა, ადურისი.
მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

ვალენსია (4-2-3-1): დომენეში, ვეზო, მუსტაფი, ორბანი, კანსელო, ფუეგო, პარეხო, გომეში (როდრიგო 82), ბაკალი (დე პაული 66), ფეგული, ნეგრედო (ალკასერი 66).
მწვრთნელი: ნუნუ ესპირიტო სანტო

გოლები: 0:1 პარეხო (20), 1:1 ლაპორტე (34), 2:1 სუსაეტა (60), 3:1 ადურისი (69)
გაფრთხილებები: კანსელო, ფეგული, ორბანი
მსაჯი: ესტრადა ფერნანდესი

ლევანტე – ვილიარეალი 1:0 (0:0)

ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”

ლევანტე (4-2-3-1): რუბენი, ფედალი, ხუანფრანი, სიმაო, ტონიო, ი.ლოპესი (კამარასა 38), ხოსე მარი, ლერმა, მორალესი, როჟერი (გილასი 69), დეივერსონი (კასადედუსი 86).
მწვრთნელი: ლუკას ალკარაზი

ვილიარეალი (4-4-2): არეოლა, რუისი, ბაილი, გასპარი, ჯოკიჩი, ლეივა (ხ.კოსტა 38), ალფონსო (კასტილიეხო 46), ტრიგეირასი, პინა, სამუელი (ჯ.დოს სანტოსი 58), სოლდადო.
მწვრთნელი: მარსელინიო ტორალი

გოლი: დეივერსონი (83)
გაფრთხილებები: ხუანფრანი, მორალესი, ხოსე მარი, რუბენი – ჯოკიჩი, ხ.კოსტა, სოლდადო, რუისი
გაძევება: ჯოკიჩი (36)
მსაჯი: ალვარეზ იზკუერდო

ატლეტიკო – რეალი 1:1 (0:1)

მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”

ატლეტიკო (4-4-2):
ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, ტიაგო, გაბი, ო.ტორესი (კარასკო 46), გრიზმანი, კორეა (ვიეტო 58), ფ.ტორესი (ჯ.მარტინესი 64).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

რეალი (4-2-3-1): ნავასი, ვარანე, რამოსი, მარსელო, კარვახალი (არბელოა 42), კროოსი, კასემირო, მოდრიჩი, ისკო (ბეილი 66), რონალდუ, ბენზემა (კოვაჩიჩი 77).
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

გოლები: 0:1 ბენზემა (9), 1:1 ვიეტო (83)
გაფრთხილებები: გაბი, კორეა, ხუანფრანი, ვიეტო, გრიზმანი, გოდინი – რამოსი, ვარანე, კასემირო, არბელოა
მსაჯი: უნდიანო მალენკო

22-ე წუთზე გრიზმანმა პენალტი ვერ გაიტანა (მეკარე)

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.24369