რაგბი

22:11 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

D ჯგუფშიც ყველაფერი გაირკვა

როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიო თასის მეოთხედფინალში დ ჯგუფიდან ირლანდიისა და საფრანგეთის ნაკრებები ითამაშებენ, რომლებიც ურთიერთშეხვედრაში მხოლოდ იმას გაარკვევენ, ვინ რომელი ადგილით მოხვდება პლეი ოფში.

ვთქვით, რომ ამ ჯგუფში ყველაფერი დაგეგმილი სცენარის მიხედვით მოხდა, მაგრამ იტალიამ ირლანდიასთან მაგრად იბრძოლა და თავის თავს უნდა დააბრალოს უშანსოდ რომ დარჩა. “აძურამ” დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე რეგულარულმა თამაშმა მისი დონე მნიშვნელოვნად აამაღლა, მაგრამ ირლანდია უფრო მაღალი კლასის გუნდია და პრინციპში, შედეგიც ლოგიკური დადგა.

იტალიელებს სერჯო პატისე რომ დაუბრუნდათ მოედანზე მოტივირებული გავიდნენ და მაგრადაც იბრძოლეს. თავიდანვე კარგი საყურებელი თამაში გაჩაღდა და ჯონათან სექსთონმა და ტომაზო ალენმა ჯარიმები გაცვალეს, მე-19 წუთზე კი, შეხვედრის პირველი და როგორც აღმოჩნდა უკანასკნელი ლელო ვიხილეთ. იტალიელებს ამ თამაშში ყველაზე მეტად დერეფანში გაუჭირდათ და ლელოც აქედან მიიღეს. ალენმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, სექსტონის დარტყმა ძელმა აისხლიტა, ტაიმის ბოლომდე კი, ირლანდიამ ორჯერ სცადა 5-მეტრა დერეფნიდან მოლის აგორება, მაგრამ მეტოქემ თავი კარგად დაიცვა.

48-ე წუთზე იტალიას დაწინაურების შანსი გაუჩნდა. იერიში პარისეს მიძალებით დაიწყო და კარგად განვითარდა, შეტევის მიმართულება ორჯერ შეიცვალა და მარცხენა ფლანგზე ჯოშ ფურნო გაიჭრა, მაგრამ პითერ ო’მანის ხელი არ დაახვედრა და სანამ ლელოში შევიდოდა ირლანდიელმა ფეხები გვედით ხაზს იქით გადააყოფინა. “აძურას” შემდეგი შეტევაც კარგი იყო და ალენმა ჯარიმით ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ ირლანდიამ თამაშს მოუმატა და სექსტონმაც მალევე მიიღო შანსი - 13:9. 62-ე წუთზე მანვე თითქმის იმავე პოზიციიდან (კარის წინ 25 მეტრი) ჯარიმით უპირატესობა ერთ გარდასახულ ლელომდე გაზარდა. 67-ე წუთზე შეცვლაზე შესულ კარლო კანას შეეძლო იტალიელთათვის იმედის დაბრუნება, მაგრამ შორიდან მიზანი ვერ გაისწორა და 72-ე წუთზე რეფეროიმ რაქში მხრით შესვლისთვის ო’მანი რომ გაასინბინა, იტალიამ რიცხობრივი მეტობა მიიღო. მაგრამ ამით ვერ ისარგებლა, ირლანდიამ დარჩენილი დრო იტალიის ნახევარზე გაატარა, სექსტონს ჯარიმით ანგარიშის გაზრდის შანსიც ჰქონდა და მართალია ეს ვერ მოახერხა, მაგრამ რაც მთავარია ირლანდიამ გამარჯვება მოიპოვა.

2015 წლის მსოფლიო თასი

დ ჯგუფი

4 ოქტომბერი

ირლანდია - იტალია 16:9 (10:6)

ირლანდია: 15. საიმონ ზიბო, 14. თომი ბოუ, 13. ქის ერლსი, 12. რობი ჰენშოუ, 11. დეივ ქარნი, 10. ჯონათან სექსთონი, 9. ქონორ მარი; 1. ჯექ მაკგრასი, 2. რორი ბესთი, 3. მაიქ როსი, 4. იენ ჰენდერსონი, 5. პოლ ო’ქონელი (კაპ.), 6. პითერ ო’მანი, 7. შონ ო’ბრაიენი, 8. ჯემი ჰიზლიპი.

სათადარიგოები: 16. შონ ქრონინ, 17. ქიენ ჰილი, 18. ნეითან ვაითი, 19. დევინ თოუნერი, 20. ქრის ჰენრი; 21. ოუნ რედენი, 22. იენ მედიგანი, 23. ლუქ ფითსჯერალდი.

1 ლელო: ერლსი

1 გარდასახვა: სექსთონი

3 ჯარიმა: სექსთონი

1 სინბინი: ო’მანი

იტალია: 15. ლუქ მაკ’ლეინი, 14. ლეონარდო სარტო, 13. მიკელე კამპანიარო, 12. გონსალო გარსია, 11. ჯოვან ბატისტა ვენდიტი, 10. ტომაზო ალენი, 9. ედოარდო გორი; 1. მატიას აგუერო, 2. ანდრეა მანიჩი, 3. ლორენცო ჩიტადინი, 4. ქვენთინ ხელდენჰეისი, 5. ჯოშ ფურნო, 6. ფრანჩესკო მინტო, 7. სიმონე ფავარო, 8. სერჯო პარისე (კაპ.).

სათადარიგოები: 16. დავიდე ჯაძონი, 17. მიკელე რიძო, 18. დარიო კისტოლინი, 19. ალესანდრო ძანი, 20. მაურო ბერგამასკო; 21. გულიელმო პალაძანი, 22. კარლო კანა, 23. ტომაზო ბენვენუტი.

3 ჯარიმა: ალენი

გუნდი +/-
ირლანდია 3 3 0 0 110:26 14 2
საფრანგეთი 3 3 0 0 111:39 14 2
იტალია 3 1 0 2 42:66 5 1
კანადა 3 0 0 3 43:114 1 1
რუმინეთი 2 0 0 2 21:82 0 0

0.271003