კალათბურთი

20:41 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვითას მარცხიანი სტარტი

თბილისის ვითა საინტერესო საერთაშორისო ტურნირ “ვთბ-ლიგაში” ჩაერთო. გუნდი ახლახან აღდგა, ჯერჯერობით ბოლომდე დაკომპლექტებული არაა, მოსამზადებელი პერიოდიც შეკუმშული, მოკლევადიანი ჰქონდა, ამიტომაც ვოლგოგრადის “კრასნიე კრილიასთან” თამაშის წინ ჩვენების მოგების იმედი ნაკლებად გვქონდა. თანაც, ვოლგისპირელებმა წლეულს შემადგენლობა რადიკალურად შეცვალეს, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციასა და წამყვან ევროპულ ლიგებში თავგამოჩენილი კალათბურთელები დაიმატეს და ვითასთან შედარებით ის უპირატესობაც ჰქონდათ, რომ წინასასეზონოდ 18 ტესტ-მატჩის ჩატარება მოასწრეს, ჩვენებმა კი მხოლოდ 5 შეხვედრა გამართეს.

სტუმრებმა ასპარეზობის დაწყებისთანავე მოიპოვეს უპირატესობა. უკეთ შეთამაშებული ვოლგოგრადელები სროლათა სიზუსტითაც გვჯობნენ, ფარიდან ასხლეტილი ბურთების დაუფლებაშიც და რა გასაკვირია, ანგარიში ყოველმეოთხედურად მათ სასარგებლოდ რომ იზრდებოდა. ვითა ეპიზოდურად, ცალკეულ მომენტებში ურიგოდ არ გამოიყურებოდა, მაგრამ შეუთამაშებლობამ (გუნდის შემადგენლობაში პირველად ითამაშა ტრავმამოშუშებულმა ირაკლი ჩლაიძემ და უკრაინელმა უკანახაზელმა ოლეკსანდრ ლიპოვიმ), სასტარტო ნერვიულობამ სასურველი შედეგის ჩვენების საშუალება არ მოგვცა. საბოლოოდ ვითამ შეხვედრა 67:110 დათმო, გულშემატკივრებს კი სამომავლოდ უკეთესი თამაშის იმედი მაინც ჩაგვისახა.

ერთ საინტერესო დეტალზეც გავამახვილებთ თქვენ ყურადღებას. სტუმართა რიგებში მეოთხე ნომრად განაცხადში... კლუბის პრეზიდენტი დმიტრი გერასიმენკო იყო. ვოლგოგრადელთა თავკაცმა 6 წუთი ითამაშა და საკუთარ გუნდს 4 ქულითა და 3 მოხსნით შეეწია.

მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია

დმიტრი სოკოლოვი (“კრილიას” კალათბურთელი): “საქართველოში პირველად ვარ, თქვენი ქვეყანა და დედაქალაქი მომეწონა. ვითას “ვთბ-ლიგაში” ადაპტაცია სჭირდება. დროთა განმავლობაში თქვენი გუნდი უკეთ ათამაშდება”.

ეგორ ბოლშაკოვი (“კრილიას” მთავარი მწვრთნელი): “ქართველ გულშემატკივარს სეზონის დაწყებას ვულოცავ. ვითას დრო სჭირდება, ვუსურვებ თქვენ გუნდს განვითარებასა და გაძლიერებას”.

პაველ გოოგე (ვითას მთავარი მწვრთნელი): “ჯერჯერობით ჩვენი უმთავრესი შედეგი “ვთბ-ლიგის” სტარტია. ყველას გილოცავთ საკალათბურთო სეზონის სტარტს, ქულებს კი ჩვენი გუნდი აუცილებლად აიღებს. გრძელი საკალათბურთო მარათონი გველის და ყოველმხრივ შევეცდებით ჩვენ საქომაგოდ მოსულ მაყურებელს მეტი პატივი ვცეთ”.

გოგა ბითაძე (ვითას კალათბურთელი): “პირველი ოფიციალური შეხვედრის წინ მხოლოდ და მხოლოდ 5 ტესტ-მატჩი გვქონდა ჩატარებული, ამიტომაცაა, გულშემატკივრებს ჩვენი მაქსიმუმი რომ ვერ ვუჩვენეთ. შემდეგ ასპარეზობებში უკეთ თამაშს შევეცდებით”.

ვითა (თბილისი, საქართველო) – კრასნიე კრილია (ვოლგოგრადი, რუსეთი) 67:110 (18:29, 20:30, 15:29, 14:22)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1364