რაგბი

20:23 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინამ მიზანს დაგვაახლოვა

ამმატჩამდე იყო თეორიული შანსი იმისა, რომ თუ ტონგა არგენტინას დამარცხებას შეძლებდა, თავად მეოთხედფინალში გასვლის შანსს დაიბრუნებდა, საქართველოს კი, ორი მოგება სანუკვარი მესამე ადგილის დასაკავებლად არ ეყოფოდა, მაგრამ სამხრეთამერიკელებს თავისი მიზნები ჰქონდათ და საბოლოოდ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა.

არადა, დასაწყისი ისეთი იყო, ქართველ გულშემატკივარს რომ დააფიქრებდა. კუნძულელებმა მეტოქეზე უკეთ დაიწყეს თამაში, ისინი ხელდახელ ბურთაობით ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას და ამან შედეგი მე-7 წუთზე გამოიღო, როდესაც რამდენიმე ფაზის შემდეგ კურტ მორათიმ ხაზი გაჭრა და ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა ძელს გაარტყა - 0:5. აღსანიშნავია, რომ მორათის დარტყმები აშკარად არ წაუვიდა, ამ გარდასახვის გარდა, ოთხი გასატანი დარტყმა გააფუჭა და შეხვედრის ბოლოს მის გუნდს წარმატებაზე ფიქრის შანსი რომ აღარ ჰქონდა, გარკვეულწილად ამის დამსახურებაცაა.

არგენტინელები მე-15 წუთის შემდეგ ათამაშდნენ, ტონგა უბურთო მორაგბის ბოჭვისთვის დაჯარიმდა და ნიკოლას სანჩესმა ჯარიმა გაიტანა. ამას ერთგვარი აფეთქება მოყვა და ტონგამ ბურთი თამაშში რომ შეიყვანა, არგენტინამ ხელდახელ თავისი ნახევრიდან შეუტია და ლამაზი იერიში ლელოთი ხოაკინ ტუკულეტიმ დაასრულა, ხოლო სანჩესმა გარდასახა. კიდევ განახლდა თამაში და ისევ ლელო, რომელიც ამჯერადაც ხელდახელ ბურთაობის შედეგად გავიდა. ფლანგზე სანტიაგო კორდერო გაიქცა და უპირატესობა შექმნა, ცენტრალური ხაზი რომ გადაკვეთა იერიში საპისპირო ფლანგზე გაიშალა და ლელოში ხუან იმჰოფი შევიდა. სანჩესმა ზუსტ გარდასახვას სამ წუთში ჯარიმა მიაყოლა და ანგარიში 20:3 გახდა.

ტაიმის დასკვნითი 10 წუთი კვლავ ტონგასი იყო, რომელმაც ჯერ ჯარიმით შეამცირა ჩამორჩენა, ხოლო 38-ე წუთზე კარგად შეუტია, სიალე პიატაუმ კიდესთან ტელუსა ვეაინუს უპასა, რომელმაც ხაზთან შეხებამდე ბურთის შემოტრიალება მოახერხა და ლელოში სოანე ტონგაჰუიჰა შევიდა. გარდასახვა არაზუსტი იყო და ტაიმი 20:13 დასრულდა.

მეორე ნახევრის საწყისმა 20-მა წუთმა ჯარიმებში ჩაიარა. პირველი დარტყმა მორათმა 3 ქულად აქცია, სანჩესმა 7-ქულიანი უპირატესობა მალევე აღადგინა, მერე მორათის ორი დარტყმა გაუფუჭდა, სანჩესმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და 26:13. დასკვნით 20 წუთში არგენტინელთა კლასმა იჩინა თავი და 64-ე წუთზე სანჩესმა, ხოლო 72-ეზე ხულიან მონტოჟამ ლელოები გაიტანეს და არგენტინამ მოგებასთან ერთად პრემიაც გაინაღდა. სულ ბოლოს, გაწითლებულ დროზე ლელო სანტიაგო კორდერომაც მიითვალა და არგენტინამ მეოთხედფინალი პრაქტიკულად დაიბევა, რადგან დასკვნით ტურში ნამიბიას ეთამაშება, ხოლო ტონგა ახალ ზელანდიას შეხვდება.

და ერთიც, ამ მატჩს ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო მარადონა დაესწრო, რომელიც “პუმებს” გულმხურვალედ, მთელი ემოციით ქომაგობდა.

2015 წლის მსოფლიო თასი

გ ჯგუფი

4 ოქტომბერი

არგენტინა - ტონგა 45:16 (20:13)

არგენტინა: 15. ხოაკინ ტუკულეტი, 14. სანტიაგო კორდერო, 13. მატიას მორონი, 12. ხერონიმო დე ლა ფუენტე, 11. ხუან იმჰოფი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. მარტინ ლანდახო; 1. მარკოს აჟერსა, 2. აგუსტინ კრევი (კაპ.), 3. რამირო ერერა, 4. გვიდო პეტი, 5. ტომას ლავანინი, 6. პავლო მატერა, 7. ხუან მარტინ ფერნანდეს-ლობე, 8. ლეონარდო სენატორე.

სათადარიგოები: 16. ხულიან მონტოჟა, 17. ლუკას ნოგერა-პასი, 18. ხუან პაბლო ორლანდი, 19. მატიას ალემანო, 20. ფაკუნდო ისა; 21. ტომას კუველი, 22. სანტიაგო იგლესიას, 23. ორასიო აგუჟა.

5 ლელო: ტუკულეტი, იმჰოფი, სანჩესი, მონტოჟა, კორდერო

4 გარდასახვა: სანჩესი

4 ჯარიმა: სანჩესი

ტონგა: 15. ვუნგაკოტო ლილო, 14. ტელუსა ვეაინუ, 13. სიალე პიატაუ, 12. სიონე პიუკალა, 11. ფეტუჰუ ვაინიკოლო, 10. კურტ მორათი, 9. სონატანე ტაკულუა; 1. სოანე ტონგაჰუიჰა, 2. ელვის ტაიონე, 3. ჰალანი ჰაულიკა, 4. ტუკულუა ლოკოტუი, 5. ჯო ტუინეაუ, 6. სიონე კალამაფონი, 7. ნილი ლატუ (კაპ.), 8. ვილიამი მაჰაფუ.

სათადარიგოები: 16. ალეკი ლუტუი, 17. სონა ტაუმალოლო, 18. სილა პუაფისი, 19. სიტივენი მაფი, 20. ოპეტი ფონუა; 21. სამისონი ფისილაუ, 22. ლატიუმე ფოსიტა, 23. დევიდ ჰალაიფონუა.

2 ლელო: მორათი, ტონგაჰუიჰა

2 ჯარიმა: მორათი

გუნდი +/-
ახალი ზელანდია 3 3 0 0 127:40 14 2
არგენტინა 3 2 0 1 115:51 10 2
ტონგა 3 1 0 2 61:83 6 2
საქართველო 3 1 0 2 36:107 4 0
ნამიბია 2 0 0 2 35:93 0 0

7 ოქტომბერი

საქართველო - ნამიბია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.15919