ფეხბურთი

20:00 | 4.10.2015 | ნანახია [] - ჯერ

დიდი ჯახი “ვისენტე კალდერონზე”

ესპანეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის ცენტრალურ და მთლიანად სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათი დარჩა. “ატლეტიკო” მადრიდულ დერბიში პრინციპულ მეტოქეს “რეალს” დაუპირისპირდება და მის კიდევ ერთხელ გამწარებას შეეცდება.


კლუბებმა სეზონი ნორმალურად დაიწყეს და დღეს გამარჯვების შემთხვევაში, მინიმუმ მეორე ადგილზე შეეძლებათ გადასვლა.

ოთხშაბათს “ატლეტიკო” ჩემპიონთა ლიგის მატჩში საკუთარ მოედანზე “ბენფიკასთან” დამარცხდა და დღეს ეცდებიან, რომ საკუთარი გულშემატკირების წინაშე სრულფასოვანი რეაბილიტაცია მოახდინონ. “დერბი ელ მადრილენიოს” მნიშვნელობიდან გამომდინარე, “როხიბლანკოს” ქომაგები უმალ დაივიწყებენ საჩემპიონთალიგო მარცხს, თუ დღეს მათი კლუბი გაიმარჯვებს. მასპინძლებს ერთადერთი, მაგრამ ძალიან სერიოზული დანაკლისი აქვთ – ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე კოკე ტრავმირებულია.

კარგია ამბებია “სამეფო კლუბის” ბანაკში. “თეთრების” წამყვანმა მოთამაშეებმა სერხიო რამოსმა და გარეტ ბეილმა ტრავმები მოიშუშეს და დღეს დერბიში თამაშს შეძლებენ. ლაზარეთში რჩებიან ხამეს როდრიგესი, დანილო და პეპე, რომლებიც კლუბს სანაკრებო პაუზების შემდეგ შეუერთდებიან.

“ატლეტიკოსგან” განსხვავებით, “რეალმა” შუა კვირაში ჩემპიონთა ლიგაზე იმარჯვა. რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა კრიშტიანო რონალდუს დუბლით შვედეთში “მალმიოს” სძლიეს და ამ მატჩში გატანილი გოლების შემდეგ, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა რაულს გადაუსწრო და “ბლანკოსის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თუმცა, ბევრი თვლის, რომ რონალდუს 323 გოლი აქვს გატანილი (“სოსიედადთან” გატანილ ჯარიმას ბევრი პეპეს უთვლის გოლად) და იმისთვის, რომ აღნიშნულ თემაზე საუბარი შეწყდეს, 30 წლის ფორვარდი ყველანაირად ეცდება მორიგი გოლის ან გოლების გატანას.

გასულ სეზონში თანაქალაქელები ერთმანეთს რვაჯერ დაუპირისპირდნენ. ესპანეთის სუპერთასის ტიტული “ატლეტიკოს” დარჩა (ორი მატჩის ჯამში 2:1), ესპანეთის თასზეც გამარჯვებული “როხიბლანკო” გამოვიდა (ორი მატჩის ჯამში 4:2) და ლა ლიგაში სიმეონეს კრებულმა ორივე მატჩში დაჩაგრა “ბლანკოსი” (4:0 შინ და 2:1 სტუმრად), თუმცა ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში “რეალმა” რევანშის აღება მოახერხა და “ატლეტიკოს” ორი მატჩის ჯამში 1:0 სძლია.

მარკას ცნობით, კლუბები ასეთი შემადგენლობებით ითამაშებენ:

ატლეტიკო (4-3-3): ობლაკი, ხიმენესი, გოდინი, ლუისი, ხუანფრანი, ტიაგო, ო.ტორესი, გაბი, კორეა, გრიზმანი, ფ.ტორესი.
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

რეალი (4-2-3-1): ნავასი, რამოსი, ვარანე, კარვახალი, მარსელო, კროოსი, მოდრიჩი, ბეილი, ისკო, რონალდუ, ბენზემა.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

მსაჯი: უნდიანო მალენკო

თეგებილა ლიგა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111689