ძიუდო

12:17 | 22.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ახალგაზრდა ძიუდოისტები საქართველოში დაბრუნდნენ

საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები ავსტრიის ქალაქ ობერვარტში დასრულებული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან თბილისში დაბრუნდნენ.

წარმატებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ძიუდოს ფედერაციის წარმომადგენლები, ასევე გულშემატკივრები, ოჯახის წევრები და ჟურნალისტები დახვდნენ.

ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი განსაკუთრებული შედეგით – 3 ოქროს და 3 ბრინჯაოს მედლით დაასრულა. ოქროს მედლები თამაზ კირაკოზაშვილმა (73 კგ), ბექა ღვინიაშვილმა (90 კგ) და გურამ თუშიშვილმა (+100) მოიპოვეს, ბრინჯაოს პრიზიორები კი თორნიკე ნაგლიაშვილი (60 კგ) და გიორგი კაციაშვილი (73 კგ) გახდნენ, ნაკრებმა ასევე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გუნდურ შეჯიბრში.

ბექა ღვინიაშვილმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ახალგაზრდებს შორის ზედიზედ მესამედ მოიპოვა. 19 წლის ძიუდოისტმა, რომელიც უკვე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია, ობერვარტში ოქროს გზაზე ხუთი მეტოქე ჩამოიშორა და ხუთივე იპონით, თან ისე, რომ არცერთთან უმცირესშეფასებიანი ქულაც კი არ დაუკარგავს. ფინალურ შეხვედრაში ღვინიაშვილმა გერმანელი დავიდ ტეკიჩი დაამარცხა.

ასევე ეფექტურად იჭიდავა გურამ თუშიშვილმაც, რომელმაც ასევე 5 შეხვედრა მოიგო და ხუთივე იპონით. ფინალურ დაპირისპირებაში ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა, რომელიც ამჯერად მძიმე წონაში გამოვიდა, რუსეთის წარმომადგენელ რუსლან შახბაზოვს სძლია.

თუშიშვილი ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის მეორედ გახდა. პირველ წარმატებას მან 2013 წელს მიაღწია 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში.

20 სექტემბერს ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი დღეს ობერვარტში ევროპის გუნდური პირველობა გაიმართა, სადაც საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტულის დაცვა ვეღარ შეძლო და საბოლოოდ, ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114843