ძიუდო

20:19 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

საქართველო ბრინჯაოს დასჯერდა

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ავსტრიის ქალაქ ობერვარტში გამართულ ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე მესამე ადგილი დაიკავა. ირაკლი ცირეკიძისა და მინდია ბოდაველის გაწვრთნილი გუნდი საქმეში მეორე წრიდან – მეოთხედფინალიდან ჩაერაერთო და უმაღლესი ტიტულისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი უმალ დაკარგა, რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებთან განცდილი მარცხით. ქართული ხუთეულიდან თავიანთი შეხვედრები იმ ძიუდოისტებმა წააგეს, რომლებმაც გუშინწინ და გუშინ ევროპის ინდივიდუალურ ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იჭიდავეს და ოქროს მედლებს დაეუფლნენ.

ხუთი წონითი კატეგორიიდან სამის ჩაჭიდავების შემდეგ საქართველო წინ იყო – 2:1. ქულები გიორგი გუგულაშვილმა (66 კგ) და კობა მჭედლიშვილმა (81 კგ) მოიპოვეს. თამაზ კირაკოზაშვილი (73 კგ) კი დამარცხდა. ნახევარფინალში გასასვლელად დარჩენილი ორი შეხვედრიდან ერთის მოგებაც საკმარისი იყო. საქმეში კი ბექა ღვინიაშვილი (90 კგ) და გურამ თუშიშვილი (+90 კგ) უნდა გასულიყვნენ და აბა საერთო ანგარიშის რუსთა სასარგებლოდ შეტრიალებას ვინ იფიქრებდა, მაგრამ...

ღვინიაშვილმა მიხაილ იგოლნიკოვთან წააგო, ხოლო თუშიშვილმა – ნიაზ ილიასოვთან და საქართველო 2:3 დამარცხდა. ბრინჯაოს გზაზე ქართველმა ახალგაზრდებმა სერბეთს 5:0, ხოლო უკრაინას – 4:1 სძლიეს. პოდიუმის მესამე საფეხურზე საქართველოს ნაკრებთან ერთად ბელარუსიც ავიდა. ევროპის ჩემპიონი კი რუსეთი გახდა, ფინალში გერმანიის ძლევით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117305