ბლოგი

13:20 | 20.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

“იუვე” და ადამიანები

თუკი ჯერ ისევ თვლემ და ფეხბურთის გამო ღამის თევა ცოტა გეზარება კიდეც, ყოველთვის უნდა გახსოვდეს, რომ არსებობს შავად გახუხული კაცი სახელად პოლ პოგბა, რომელსაც შეუძლია ჩათვლემილი გამოგაფხიზლოს, მოშვებული და ილაჯგაცლილი, ფეხბურთის იშტაზე მოგიყვანოს და არასოდეს შეგეშინდეს მომავლის, რადგან ამ კაცს შეუძლია შემდეგი წუთები უცნაურად გაგიფერადოს და შემოდგომის ერთი ჩვეულებრივი გრილი დღე განსაკუთრებული გახადოს.

თუკი მდინარე რუბიკონს გადაალაჯებ და იკითხავ, ამ ქვეყანაში ჭკუის საკითხავი კაცი მაჩვენეთო, ნუ ენდობით ყველას და ნუ მიიჩნევთ პოლიტიკოსებს ასეთ ადამიანებად. მხოლოდ მათ ენდეთ, ვინც გზას პიემონტის მხარისაკენ მიგასწავლით, სახელ მასიმილიანოს გიხსენებთ და მთლად გადასარევი იქნება, თუკი იმასაც დასძენს, რომ ჯობია მასიმილიანო ალეგრის საღამოს, ვარჯიშის დასრულების შემდეგ ეწვიოთ, რადგან ვარჯიშის დროს მთელი სამყარო არ ეპიტნავება და მისთვის ცხოვრება ნამეტნავად მძიმეა.

არის დღეები, როდესაც ქართველიც კი ბედნიერია. ქართველობა რთულიაო ამბობენ (და ალბათ მართლებიც არიან) და ამიტომ ქართველისთვის ბედნიერებაც ერთობ ძნელად მისაწვდომი რამაა და გამორჩეულად უნდა დავაფასოთ ის ხალხი, ვისაც ბედნიერებისაკენ მივყავართ .

სულაც არაა აუცილებელი ასეთ “გზამკვლევს” ხელში კვერთხი ეჭიროს და თეთრ წვერებს ქარი უფრიალებდეს. ასეთი კაცი შეიძლება იყოს ახმახი, მუდამ მომღიმარი, შავგვრემანი და სახელად ჯანლუიჯი ერქვას. შეიძლება დაუშვას შეცდომები, შეიძლება ხანდახან ყიამყრალობასაც არ დაერიდოს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით რომ ის დიადია? ჩვენ ხომ ვიცით რომ სწორედ ასეთი ადამიანების ფართო მხრებზე დგას სამყარო?!

თუკი სამშობლოს მიერ მოძულებული ესპანელი ხარ, შენზე მთელს ევროპაში ათასგვარი სისულელე შეიძლება დაბრეხვდეს. შეიძლება შენზე იძახდნენ, რომ სერიოზულობა გაკლია, ცოტას წაისეპარატისტებ, ხანდახან უაზროდ ბოღმიანი ხარ და კიდვე ვინ იცის რას აღარ მოგიგონებენ, მაგრამ ალვარო მორატამ ყველაზე უკეთ უწყის რატომაა პირინეის შვილი ბედნიერი თავისი ესპანელობით და რატომ უნდა გჯეროდეს, რომ დიდი პროფესიონალი ყველგან პროფესიონალია. სულაც რომ მთელი სამყარო მის წინააღმდეგ ამხედრდეს, მშობლიური ალაგიდანაც კი გამოაძევონ, ის მაინც არასოდეს უღალატებს საკუთარ თავს. აი ასეთი ვინმეა სენიორ ალვარო მორატა!

დაბოლოს, მოდით ერთ მოხუც, კარგა ხნის წინ გარდაცვლილ დიდებულ ქალზეც ვილაპარაკოთ, რომლის მონდომებამ, სიჯიუტემ და შემართებამ არამხოლოდ იტალიას, არამედ სრულიად საფეხბურთო ევროპას ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფენომენი დაუტოვა, რომელსაც სახელად ტურინის “იუვენტუსი” ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ის მოხუცი ქალბატონი ალბათ ვერასოდეს წარმოიდგენდა მისი დანატოვარი გუნდი ოდესმე ასეთ შედეგებამდე თუ მივიდოდა, მთელი ამ ამბის სასწაულებრივობა სწორედ იმაშია, რომ შემთხვევით დათესილმა მარცვალმა შექმნა ეს ყოველივე და ყველამ უნდა ვირწმუნოთ, რომ უბრალოდ დიდი საქმეები არასოდეს კეთდება!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11602