ფეხბურთი

20:43 | 17.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლევან კობიაშვილი: „გულშემატკივრებს ვპირდები, რომ ფეხბურთი  მათ  დაუბრუნდებათ“

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის, ლევან კობიაშვილის განცხადებით, ქართულ ფეხბურთში სისტემაა შესაცვლელი.

როგორც მან ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, გადაცემა "2030"-ში განაცხადა, დღევანდელი სისტემა საშუალებას არ აძლევს ქართულ ფეხბურთს რომ განვითარდეს.

„სამწუხაროდ, ადამიანები ამ ცუდ სისიტემას ქმნიან. ეს სისტემა, ზოგადად, მორგებულია არა ქართული ფეხბურთის განვითარებაზე, არამედ კონკრეტული პიროვნებების პირად ინტერესებზე. ეს არის ჩემთვის მიუღებელი“, - განაცხადა კობიაშვილმა.

კითხვაზე, არჩევის შემთხვევაში ფედერაციის მოქმედი პრეზიდიუმის წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას გეგმავს, თუ გააგრძელებს მათთან თანამშრომლობას, კობიაშვილმა აღნიშნა, რომ მას პიროვნებებთან არ აქვს პრობლემა. არამედ პრობლემა აქვს სისტემასთან. მან ქართული ფეხბურთის განვითარების თაობაზე საკუთარ ხედვებსა და წინასააჩევნო დაპირებებზეც ისაუბრა.

„რაზეც ყოველთვის ვსაუბრობ, ეს არის სისტემა. ანუ სისტემა უნდა შეიქმნას. დღევანდელი სისტემა ხელს უშლის ფეხბურთის განვითარებას, ეს აუცილებლად უნდა შეიცვალოს, ხოლო რაც შეეხება ჩემს სტრატეგიას, ხედვას, შეხვედრებისას ყოველთვის ვამბობ, რომ ეს არის ძალიან კარგი პროექტი - გერმანული ფეხბურთის მოდელის ჩამოტანა, რაც ძალიან ახლოს არის ჩემთან. ჩემს რესურსს ამ კუთხით აბსოლუტურად გამოვიყენებ. ესაა ბავშვთა ფეხბურთი, ესაა ინფრასტრუქტურა, რეგიონული ცენტრების შექმნა და განვითარება და ეროვნული ჩემპიონატის გაძლიერება. მე სხვა კანდიდატებისგან განსხვავებით არ ვპირდები, რომ 2020 წელს გავალთ ევროპის ჩემპიონატზე. ეს რომ იყოს გადამწყვეტი ვიტყოდი, რომ 2018 წელს გავიდოდით მსოფლიო ჩემპიონატზე. ანუ მე გულშემატკივარს არ ვაძლევ მხოლოდ საარჩევნო დაპირებებს, იმიტომ რომ ეს არ არის რეალური. მე ვპირდები ცვლილებებს, იმას, რაც რეალურია. ვპირდები იმას, რომ ფეხბურთი დაუბრუნდება გულშემატკივრებს“, - აღნიშნა კობიაშვილმა.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები 3 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებზე სამი კანდიდატია დარეგისტრირებული: ლევან კობიაშვილი, რევაზ არველაძე და მამუკა კვარაცხელია.

pia.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.102603