ჭიდაობა

10:15 | 13.09.2015 | ნანახია [] - ჯერ

ხინჩეგაშვილმა ლას ვეგასში ოქროს წერტილი დასვა (+VIDEO)

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57 კგ) მსოფლიოს ჩემპიონია. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების უმსუბუქესმა წევრმა ლას ვეგასში გამთენიას დასრულებულ მსოფლიოს პირველობაზე ხუთი შეხვედრა ჩაატარა, ხუთივე მოიგო და სეზონის უმთავრესი ჯილდო მოიპოვა, ამასთან, რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიაც მიიღო.

ხინჩეგაშვილი საქმეში მეორე წრიდან – მეთექვსმეტედფინალიდან ჩაერთო, სადაც იტალიელ სალვატორე მანინოს 10:0 სძლია. ფინალამდე ბულგარელი გეორგი ვალენტინოვ ანგელოვი (6:1), ყაზახი არტას სანა (7:5) და მონღოლი ბეხბაიარ ერდენებატი (10:2) ჩამოიშორა. საჩემპიონო გამარჯვება კი ირანელ ჰასან საბზალი რაჰიმისთან მოიპოვა – 5:4.

რევაზ მინდორაშვილის გაწვრთნილი გუნდის წევრთაგან ორიოდ საათის წინ მსოფლიო პოდიუმზე მძიმეწონოსანი გენო პეტრიაშვილიც (125 კგ) ავიდა, რომელმაც ოლიმპიური თამაშების ნორმატივი ბრინჯაოს მედლით შეასრულა.

ძირითად ბადეში გამოსვლა პეტრიაშვილმა კანადელი კორეი ჟერვისის ადვილად ძლევით (10:0) დაიწყო. მერვედფინალში ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტთან – უკრაინის ნაკრების წევრ ალენ ზასეევთან რვა ქულით ჩამორჩა (0:8). ორი ქულაც რომ დაეკარგა, ვადაზე ადრე წააგებდა, მაგრამ ინიციატივას დაეუფლა და საბოლოოდ 16:8 იმარჯვა. მეოთხედფინალში ყირგიზ აიაალ ლაზარევს შემოუტრიალა თითქმის წაგებული შეხვედრა 5:10-დან 16:12-მდე ავიდა. ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის შანსი კი ნახევარფინალში დაკარგა, აზერბაიჯანელ ჯამალადინ მაგომედოვთან უშანსოდ წაგებით (0:10).

რეპეშაჟის ფინალში ნაკრების უმძიმესი წევრი მონღოლ ჩულუუნბატ ჯარგალსაიხანს დაუპირისპირდა და 11 უპასუხო ქულა აუღო.

წუხელვე, ამერიკულ ხალიჩაზე დავით ტლაშაძე და ჯუმბერ ყველაშვილიც გავიდნენ. არაოლიმპიურ წონით კატეგორიაში – 70 კილოგრამში მოჭიდავე ტლაშაძემ ძირითად ბადეში ეგვიპტელი აიად იბრაჰიმ ხალილ იბრაჰიმი (14:7), ავსტრალიის ნაკრების წევრი მუსტაფა რეზაეიფარი (10:0) და იაპონელი ტაკაფუმი კოჟიმა (5:3) დაამარცხა. მეოთხედფინალში ირანელ ჰასან ალიაზამ იაზდანიჩარატისთან ვეღარას გახდა (0:6) და ბრინჯაოს ნახევარფინალში გადაერთო, სადაც ბულგარელ მიროსლავ სტეფანოვ კიროვთან წააგო (2:6).

ჯუმბერ ყველაშვილი მსოფლიო კონკურენციაში 74 კილოგრამში ჩაერთო და ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა, ირანელ ალირეზა მუჰამედ გასემისთან მარცხით (2:3). იქამდე კი ბულგარელი გეორგი ივანოვ ივანოვისა (5:4) და მექსიკელი კრისტიან ალეხანდრო ანჯიანო ფლორესის (10:0) ძლევა მოასწრო.

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ლოს ანჯელესური მსოფლიოს პირველობა ოქროსა და 2 ბრინჯაოს მედლით ჩაამთავრა. ხინჩეგაშვილისა და პეტრიაშვილის წარმატებამდე პოდიუმის მესამე საფეხურზე სანდრო ამინაშვილი (86 კგ) ავიდა და შესაბამისად, ოლიმპიური ლიცენზიაც მოიპოვა. ელიზბარ ოდიკაძემ კი რიოს საგზური მეხუთე ადგილით გაინაღდა.

ამრიგად, ოლიმპიურ პროგრამაში შეტანილი ექვსი წონითი კატეგორიიდან კი საქართველოს ნაკრებს ოთხში ლიცენზია უკვე განაღდებული აქვს. დარჩენილ სალიცენზიო ტურნირებზე რევაზ მინდორაშვილის შეგირდები მხოლოდ 65 და 74 კილოგრამ წონით კატეგორიებში იბრძოლებენ მიზნის მისაღწევად.

თავისუფალი ჭიდაობა

მსოფლიოს ჩემპიონატი

ლას ვეგასი

10-12 სექტემბერი

57 კგ

1 ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (საქართველო)

2 ჰასან საბზალი რაჰიმი (ირანი)

3 ვიქტორ ლებედევი (რუსეთი)

3 ბეხბაიარ ერდენებატი (მონღოლეთი)

5 ჰაკ ჯინ იონგი (ჩრდილოეთ კორეა)

5 არტაშ სანა (ყაზახეთი)

61 კგ

1 ჰაჯი ალიევი (აზერბაიჯანი)

2 ნომინ ბატბოლდი (მონღოლეთი)

3 ვასილ შუპტარი (უკრაინა)

3 ვლადიმირ ვლადიმიროვ დუბოვი (ბულგარეთი)

65 კგ

1 ფრანკ ჩამიზო მარკესი (იტალია)

2 იხტიორ ნავრუზოვი (უზბეკეთი)

3 სეიედაჰმად მოჰამადიპანეკოლაეი (ირანი)

3 სოსლან რამონოვი (რუსეთი)

5 ტოგრულ ასგაროვი (აზერბაიჯანი)

5 მანდახნარან განზორიგი (მონღოლეთი)

70 კგ

1 მაგომედრასულ გაზიმაგომედოვი (რუსეთი)

2 ჰასან ალიაზამ იაზდანიჩარატი (ირანი)

3 ჯეიმს მალკოლმ გრინი (აშშ)

3 იაკუპ გორი (თურქეთი)

74 კგ

1 ჯორდან ერნესტ ბაროუზი (აშშ)

2 უნურბატ პურევჟავი (მონღოლეთი)

3 ანიუარ გედუევი (რუსეთი)

3 ნარსინხ პანჩამ იადანვი (ინდოეთი)

5 ალირეზა მოჰამად გასემი (ირანი)

5 ზელიმხან ხაჯიევი (საფრანგეთი)

86 კგ

1 აბდულრაშიდ სადულაევი (რუსეთი)

2 სელიმ იასარი (თურქეთი)

3 სანდრო ამინაშვილი (საქართველო)

3 ალირეზა მუჰამედ კარიმიმაჩიანი (ირანი)

5 მიხაილ პეტროვ განევი (ბულგარეთი)

5 მაგომედგაჯი ხატიევი (აზერბაიჯანი)

97 კგ

1 კაილი ფრედერიკ სნაიდერი (აშშ)

2 აბდუსალამ გადისოვი (რუსეთი)

3 პავლო ოლეინიკი (უკრაინა)

3 ხეთაგ გაზიუმოვი (აზერბაიჯანი)

5 ელიზბარ ოდიკაძე (საქართველო)

5 აბას მუჰამედტახერ ტაჰანი (ირანი)

125 კგ

1 ტაჰა აკგული (თურქეთი)

2 ჯამალადინ მაგომედოვი (აზერბაიჯანი)

3 გენო პეტრიაშვილი (საქართველო)

3 ბილიალ მახოვი (რუსეთი)

5 ლევან ბერიანიძე (სომხეთი)

5 ჩულუუნბატ ჯარგალსაიხანი (მონღოლეთი)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113329