ფეხბურთი

0:49 | 30.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ლეგიონის ამბები

ჯაბა კანკავას ახალმა გუნდმა “რეიმსმა” სახლში “ლორიენი” მიიღო და 4:1 განააგდურა..ეროვნული ნაკრების კაპიტანი სამატჩო განაცხადშიც ვერ მოხვდა. თუ რატომ დარჩა ჯაბა 18 კაცს მიღმა უცნობია. ისე კი, ქართველი მატჩის სავარაუდო შემადგენლობაშიც ფიგურირებდა და არც ტრავმირებულ ფეხბურთელთა შორისაა “რეიმსის” ვებგვერდზე მოხსენიებული... ლიგა 1-ში კი რეიმსელებმა 9 ქულას მოუყარეს თავი და პსჟ-სთან და “რენთან” ერთად ლიდერები არიან.

ლევან მჭედლიძის “ემპოლი” მილანს ეწვია და ადგილობრივ გუნდთან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 დამარცხდა. მარკო ჯამპაოლომ ლევანი მოედანზე მასიმო მაკარონეს ნაცვლად 62-ე წუთზე შეუშვა. იმ დროისთვის ანგარიში თანაბარი გახლდათ. “ემპოლი” ორი ტურის შემდგომ უქულოდაა.

გიორგი მერებაშვილის “ვერიამ” სტუმრად “პანთრაკიკოსს” დამაჯერებლად აჯობა (2:0). ქართველმა შემტევმა კი 90 წუთი სათადარიგო სკამზე გაატარა. “ვერიას” 2 ტურის შემდეგ 4 ქულა აქვს.

კვლავაც 18 კაცს მიღმა დარჩა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი ლორია. მისმა “ოლიმპიაკოსმა” კი საბერძნეთის ჩემპიონატის მეორე ტურში სტუმრად “ლევადიაკოსს” მატჩის ბოლოს გატანილი ორი გოლით აჯობა – 0:2. პირეოსელებმა ორ მატჩში 6 ქულის დაგროვება მოახერხეს.

მოულოდნელად საკუთარ მოედანზე წააგო მოსკოვის “სპარტაკმა”. “სახალხო გუნდი” აუტსაიდერ “ანჟისთან” 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა შორის ბოლო 18 წუთი ითამაშა ჯანო ანანიძემ, ვინაც 72-ე წუთზე იური მოვსისიანი შეცვალა. “სპარტაკს” 7 ტურის შემდეგ 13 ქულა აქვს დაგროვილი.

ცუდი დღე ჰქონდა სანდრო კობახიძეს. მისმა “ვოლინმა” საკუთარ მოედანზე დონეცკის “ოლიმპიკთან” ბოლო წუთზე გატანილი გოლით 1:0 მოიგო. კობახიძე ტრადიციულად ძირითად შემადგენლობაში იყო, მაგრამ ქართველმა ნახევარმცველმა მოედანზე მხოლოდ საწყისი 19 წუთი გაატარა. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად სერიოზულია სანდროს ტრავმის ხარისხი. მის ნაცვლად კი მოედანზე ქართული წარმომავლობის მქონე ევგენი ბოხაშვილი შევიდა. “ვოლინს” 6 თამაშში 11 ქულა დაუგროვდა ცხრილის ზედა ნაწილშია.

“პოგონში” დებიუტი ჰქონდა ვლადიმერ დვალიშვილს. ქართველმა ფორვარდმა ახალ გუნდში მოედანზე 22 წუთი დაჰყო. “პოგონი” კი სტუმრად კიელცეს “კორონას” დაუზავდა – 1:1. დვალიშვილის გუნდს პოლონეთის ექსტრაკლასში 7 ტურის შემდეგ 11 ქულა გააჩნია.

სტუმრად წააგო უჩა ლობჟანიძის ნიქოზიის “ომონიამ”, რომელმაც “ეთნიკოსისგან” ერთი უპასუხო გოლი გაუშვა. ლობჟანიძემ მოედანზე 90 წუთი გაატარა. მის გუნდს კი ორ თამაშში 3 ქულა დაუგროვდა.

გერმანიის რეგიონლიგაში მორიგი მატჩი წააგო ბრემენის “ვერდერის” სარეზევრო გუნდმა. “მუსიკოსებმა” შინ ლიდერ დრეზდენის “დინამოს” ერთი გოლი კი გაუტანეს, მაგრამ საპასუხოდ ორი გაუშვეს. მასპინძელთა ქართველი შემტევი გიორგი პაპუნაშვილი მოედნაზე მხოლოდ 87-ე წუთზე გამოჩნდა. “ვერდერი” 4 ქულით გასავარდნ ზონაში იმყოფება.

აკაკი გოგიას “ბრენტფორდმა” საკუთარ მოედანზე “რედინგთან” წააგო – 1:3. გერმანიის მოქალაქე შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო, თუმცა მეორე ტაიმში მოედანზე აღარ გასულა. “ბრენტფორდს” 4 ტურის შემდეგ, ამდენივე ქულით მე-18 პოზიცია უკავია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.10875