ფეხბურთი

21:47 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

თბილისური დერბი “დინამომ” მოიგო (+VIDEO)

“დინამო არენაზე” თბილისური დერბი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა. გეგუჩაძის გუნდმა მესამე ტურის შეხვედრაც დამაჯერებლად მოიგო, “საბურთალომ” კი უმაღლეს ლიგაში პირველად დაკარგა ქულები.

საწყის წუთებში გიორგი თევზაძის საჯარიმო დარტყმის შემდეგ ბურთი ხარაიშვილს ხელზე მოხვდა. ცინცაძემ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და ანგარიში გაიხსნა.

22-ე წუთზე დინამოელთა მარჯვენა მცველმა ოთარ კაკაბაძემ შეტევაში იაქტიურა, ბურთი ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში ჩააწოდა, მეორე სართულზე ქვილითაიამ მცველებს დაასწრო და ანგარიში გახსნა. ოფიციალურ შეხვედრებში 21 წლის ფორვარდმა “დინამოს” მაისურით პორველად გაიტანა.

პირველ ტაიმში “დინამომ” სწრაფი გოლის ხარჯზე ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა, ცინცაძის ზუსტად შესრულებულ თერთმეტმეტრიანს ჭიაბრიშვილის გუნდის აქტიური თამაში მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ “დინამომ” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა “საბურთალოს” ფეხბურთელები გარკვეულ სიტუაციებში უკეთესად კომბინირებდნენ, მათ თამაშში იგრძნობოდა შეთამაშება, “დინამოს” კი ამ ბარიერის გადასალახად დრო სჭირდება, რაც ლოგიკური პროცესია.

“საბურთალო” ფლანგებიდან ცდილობდა შეტევების განვითარებას, განსაკუთრებით აქტიურობდნენ მარჯვენა ფლანგელები მცველი ნოდარ იაშვილი და შემტევი გრიგოლ ჩაბრაძე.

სტუმრებმა ბრძოლისუნარიანი გუნდის შთაბეჭდილება დატოვეს, თუმცა სათამაშო კლასი “დინამოს” მხარეს იყო, მასპინძელთა გამარჯვებამ პირველ რიგში ამ ფაქტორმა განაპირობა.

პირველ ტაიმში ჯაბა დვალსა და ხსენებულ გრიგოლ ჩაბრაძეს გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდათ, თუმცა რეალიზება ვერ მოახერხეს.

მეორე ტაიმი “საბურთალომ” აქტიურად დაიწყო. “დინამოს” ყოფილი ფორვარდი ჯაბა დვალი აქტიურობდა, თუმცა გოლი კვლავ სტუმართა კარში გავიდა. გიორგი ქვილითაიამ სტუმართა საჯარიმოში მოჭრილი გადაცემა შეასრულა ჭანტურიშვილის მისამართით, რომელმაც ცრუ მოძრაობის შემდეგ მეკარე მოატყუა, შემდეგ კი ანგარიში სამამდე გაზარდა.

მეოთხე გოლი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. ცვლილებაზე გამოსულმა ბაჩანა არაბულმა მარცხენა ფლანგზე იაქტიურა და საჯარიმოში მყოფი იაშვილისკენ გააკეთა პასი, რომელმაც დასწრებაზე ზუსტად ითამაშა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ასაკის მიუხედავად იაშვილი კარგ ფიზიკურ კონდიციებშია, მისი მახვილგონივრული პასები კი ესთეტიური თვალსაზრისით სასიამოვნო საყურებელია.

მატჩს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე და მისი ასისტენტი გიორგი ჩიხრაძე. ასევე სფფ-ს პრეზიდენტის სავარაუდო კანდიდატი ლევან კობიაშვილი.

მატჩის შემდეგ მთავარმა მწვრთნელებმა თამაში შეაფასეს:

“დავინახეთ სხვაობა უმაღლეს ლიგასა და პირველ ლიგას შორის. ძნელია ამ თამაშის შემდეგ შეფასების გაკეთება. იმედი მაქვს თამაშის ხარისხს გამოვასწორებთ” – განაცხადა ჭიაბრიშვილმა.

“მეტოქე მებრძოლი და ტექნიკური გუნდია. ჩემს გუნდზე იმის თქმა შემიძლია, რომ ემოცია ნაკლებად ჩანდა მოედანზე. ემოციის გარეშე ფეხბურთი არ არსებობს” – აღნიშნა გეგუჩაძემ.

დინამო – საბურთალო 4:0 (2:0) (VIDEO)

თბილისი, “დინამო არენა”, 300 მაყურებელი

დინამო: ბეგაშვილი, გველესიანი, თევაძე, ფერეირა, ცინცაძე (ჯანელიძე 60), პარუნაშვილი, კაკაბაძე, ჭანტურიშვილი, იაშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 66), ქვილითაია (არაბული 54)

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

საბურთალო: ქურდაძე, მარგველაშვილი, იაშვილი, მამუჩაშვილი, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, ხარაიშვილი (სოფრომაძე 60), ფანცულაია (ბიძინაშვილი 60), გოშთელიანი, დვალი (კოხრეიძე 62), ნადარაია

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 1:0 ცინცაძე (პენ 8), 2:0 ქვილითაია (22), 3:0 ჭანტურიშვილი (53), 4:0 იაშვილი (58)

მთავარი მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

გაფრთხილება: ხარაიშვილი (8), იაშვილი (45), ჭანტურიშვილი (45), მარგველაშვილი (78), ჯიღაური (82), არაბული (90+3)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.201146