რაგბი

18:28 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

საკონტროლო მატჩის მიმოხილვა და კომენტარები

პარასკევს ღამით ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასისთვის მზადების ფარგლებში პირველი საკონტროლო მატჩი გამართეს - ინგლისის ‘ავივა პრემიერშიპის’ ’ნიუქასლ ფოლქონზს’ ეთამაშნენ. შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით დასრულდა 27:7

ჩვენი გუნდი 24 აგვისტოდან ინგლისში იმყოფება. ბიჭები თბილისური და პოლონური ფიზ-მომზადების შეკრებების შემდეგ მზადების მესამე ფაზას შეუდგნენ.

წუხანდელი მატჩი

პირველი ნახევარი

ჩვენმა სამწვრთნელო შტაბმა სამატჩო რაზმში 30 მორაგბე შეიყვანა და მატჩის მსვლელობისას ყველას მისცა სათამაშო დრო. შეგახსენებთ, რომ წუხანდელი შეხვედრა სავარჯიშო ხასიათს ატარებდა და მიზნად ისახავდა მსოფლიომდე ბორჯღალოსნების თამაშის შეფასებას, ფიზ-მომზადების დამღლელი კურსის შემდეგ უშუალოდ სარაგბო კომპონენტებზე გადართვას და კომბინაციების დამუშავებას.

ვინაიდან მატჩზე არც ტელეგადაღება და არც სთრიმვა არ წარმოებდა, მსვლელობას ქომაგები მხოლოდ საქართველოს რაგბის კავშირის და ფოლქონზის სოც-მედიის პლატფორმებზე მიმდინარე ტექსტური ლაივით ადევნებდნენ თვალყურს.

მატჩი ჩვენი დროით 22.45 საათზე დაიწყო. ბორჯღალოსნები თავიდანვე შეტევაზე გადავიდნენ. ქიქოფიდან ბურთს მასპინძლები დაეუფლნენ, რაქში ჯარიმა აგვკიდეს და თამაში აუტში, ცენტრისკენ გადაიტანეს.დერეფანში აგდებისას ფოლქონზის კვაჭმა ყველას გადააცილა და ბურთს ვასილ ლობჟანიძე დაეუფლა.

ამას ჩვენი მორკინალების ორი დარტყმა მოყვა, რის შემდეგაც ვასომ ბურთი ხაზზე მარჯვნივ ლაშა ხმალაძეს მისცა, ამან აფციაურს, რომელმაც ფრთაზე ფრუიძეს გადააწოდა. იერიში მეტოქემ 22-თან შეაჩერა. რაქიდან ბურთი მარჯვნივ გავათამაშეთ.

აქ შეტევაში შერკინება ჩაერთო და რამდენიმე პასის შემდეგ ფრთაზე ზურაბ ჟვანია შეება მოწინააღმდეგეს. ამას მამუკა გორგოძისა და გიორგი თხილაიშვილის მიძალებები მოყვა, რის შემდეგაც ხმალაძემ კვლავ მარჯვენა ფრთისკენ გააგრძელა შეტევა.

შტრუმი კიდევ რამდენიმე ფაზას გაგრძელდა, მაგრამ 5-მეტრიანთან ცოტა დაგვაკლდა. ამ დროს მსაჯმა რაქში წინ თამაშზე დაგვისტვინა და პირველი შერკინება დანიშნა.

ბურთი მასპინძლებმა მოიგეს და სიღრმეში დაკიდეს. ამის შემდეგ ორივე გუნდი უტევდა, მაგრამ ლელომდე მისვლას ვერ ახერხებდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ტაიმში, ისევე როგორც მთელი თამაშში, გუნდები ჯარიმებს კარის ნაცვლად, შეტევის გაგრძელების მიზნით, აუტში ურტყამდნენ. ეს გასაკვირი არცაა, რადგან ორივე გუნდივარჯიშობდა.

ნიუქასლელთა ერთ-ერთი შეტევის დროს რაქში ჩვენს 10-მეტრიანთან დავჯარიმდით. მასპინძლებმა ბურთი ზედ ლელოს ხაზთან აუტში გადაიტანეს, დერეფანში მოლი შეკრეს და 16’ წუთზე, ჩვენი წინააღმდეგობის მიუხედავად, ლელოში შევიდნენ. გარდასახვა არაზუსტი იყო * 5:0

თამაში ორმხრივი შეტევებით გაგრძელდა. თავს კარგად ვიცავდით. რიგ მომენტებში იმდენად სწრაფად ვახერხებდით მოწინააღმდეგის ჩახურვას, რომ შეტევას ფოლქონზი საკუთარი 22-დანღა იწყებდა.

მათ რამდენჯერმე ფეხით მოედნის სიღრმეში მოიგერიეს ბურთი, რასაც ბორჯღალოსნების შეტევები მოყვა.აღსანიშნავია, რომ ჩვენი შერკინება და ხაზი დაბალანსებულად კინძავდნენ რამდენიმე-ფაზიან შეტევებს, მაგრამ არც ფოლქონზი იჯდა გულზე-ხელ-დაკრეფილი და მედგრად იცავდა თავს.

ტაიმის ბოლომდე 10-ოდე წუთი რჩებოდა, ჯარიმიდან ბურთი მარცხენა ფრთაზე, 5- მეტრიანთან, აუტში რომ გადავიტანეთ. მოგებული დერეფნიდან მორკინალებმა ზედიზედ 6 დარტყმა გააკეთეს, რასაც ბურთის მარჯვნივ,ხაზზე ჩათამაშება მოყვა. რაქიდან შეტევა კვლავ მარცხნივ განვავითარეთ და ზედ 5-მეტრიანთან მსაჯმა ჩვენს სასარგებლოდ შერკინება დანიშნა.

მივაწექით და ჯარიმა ავკიდეთ. შერკინება მოვითხოვეთ და კვლავ მაგრად მივაწექით. ლელომდე ნახევარი მეტრიღა გვრჩებოდა, რომ მსაჯმა ჩაუსტვინა და მორიგი შერკინება გვიბოძა. ფოლქონზი ისევ დაჯარიმდა. ამას თითქოს საჯარიმო ლელო უნდა მოყოლოდა, მაგრამ არა!

მეოთხე მცდელობაზე ბურთი უკვე მასპინძლებმა იგდეს, მგეზავს გადასცეს და მანაც საკუთარი ლელოდან ფეხით მოიგერია. 10 ნომერს ლობჟანიძე მიუხდა და როდესაც შებოჭა, მას ბურთი უკვე მოშორებული ჰქონდა. მსაჯმა ეს უბურთოზე თავდასხმად ჩათვალა და ჩვენი ნორჩი 9 ნომერი 10 წუთით გააძევა.

შესვენებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა. ორივე გუნდმა უტია. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სამწვრთნელო შტაბი ბევრ შეცვლას ახორციელებდა, რაც ყველასთვის შანსის მიცემით იყო გამოწვეული. ზოგ ბორჯღალოსანს მოედანზე შებრუნებაც მოუხდა, რის გამოც შეცვლები ოქმში არ ფიქსირდებოდა.

მეორე ნახევარი

თამაშის განახლებისას მოედანზე ერთბაშად შევიდნენ გიორგი ბეგაძე, კოტე მიქაუტაძე, ლაშა ლომიძე, გიორგინემსაძე, ვიტო კოლელიშვილი, მერაბ შარიქაძე, მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ტალახაძე. მალევე მასპინძლებმა შეუტიეს, რამდენიმე ფაზის შემდეგ იერიში მარჯვენა ფრთაზე განავითარეს და კიდესთან მოახერხეს მეორე ლელოს დადება. გარდასახვა ისევ აცდა * 10:0

ფოლქონზმა მალე კვლავ შემოგვიტია, ჩვენს ლელოს მოუახლოვდა. ჯარიმიდან მიღებული დერეფანი მოიგო, მოლი შეკრა, ჩვენი დამცველიც ჩაითრია და მარჯვენა ფრთაზე 9 ნომერმა გარემარბს ზედ ლელოს ხაზზე გადასცა ბურთი. მარტო დარჩენილს დამიწება არ გაჭირვებია, დამრტყმელმა კი კვლავ ააცილა * 15:0

მესამე ლელოს გაშვების შემდეგ ბორჯღალოსნები შეტევაზე გადავიდნენ. მეტოქის 22-ში, მარჯვენა ფრთიდან, ბეგაძემ ბრეგვაძეს დაარტყმევინა. რაქიდან ბურთი შარიქაძეს მიუვიდა. იგი 10-მეტრიანთან შეაჩერეს. მიწიდან კი ბურთი გორგოძემ აიტაცა და ლელომდე შეუჩერებლად ირბინა. გარდასახვა ბექა წიკლაურმა გაიტანა * 15:7

ამის შემდეგ ვუტევდით, დერეფნებსაც ვიგებდით, მაგრამ შეტევების დასრულება ვერ გამოგვდიოდა. მეტოქეც თავს რიგიანად იცავდა. თამაშის ბოლომდე მასპინძლებმა კიდევ ორჯერ შეძლეს ჩვენს ლელოში ბურთის დამიწება:

71’ წუთზე დაცვაში დავჯარიმდით და ფოლქონზის მორაგბემ უცებ გაათამაშა * 20:7, ბოლო წუთებზე კი, დერეფნიდან, 9 ნომერმა შუამარბს ხაზი გააჭრევინა * 27:7. მერე ისევ ვუტევდით, მაგრამ მსაჯმა დაგვაჯარიმა დამატჩიც დაასრულა.

ნამატჩევს ყველა ბორჯღალოსანი თავს კარგად გრძნობს. ბიჭებს მცირე დაჭიმულობები და მიკრო ტრავმები აქვთ, რომლებიც სავარაუდოდ ფალქონზის ხელოვნურ საფარიანი მოედნისგან არის გამოწვეული.

ქომაგებს გვინდა ვაცნობოთ, რომ დიდი, საყოველთაო ინტერესის მიუხედავად,სამწვრთნელო შტაბისგადაწყვეტილებით, გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე შეხვედრის ჩანაწერი და მიმოხილვის ვიდეო, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით ამ ეტაპზე არ გასაჯაროვდება.

კანადამდე ისევ გილდფორდში

დღეს, შაბათს, გუნდი ნიუქასლიდან ბრუნდება გილდფორდში, სადაც სარის სპორტულ ცენტრში გააგრძელებსშეკრებას.

შემდეგ საკონტროლო მატჩად ბორჯღალოსნები კანადას ტესტს ეთამაშებიან. შეხვედრა ოთხშაბათს, 2 სექტემბერს, ეშერში გაიმართება და საქართველოს დროით 22.30 საათზე დაიწყება.

შეკრების დასრულებამდე ბორჯღალოსნები მესამე მატჩს იაპონიის წინააღმდეგ, შაბათს, 5 სექტემბერს,გლოსთერში ჩაატარებენ. ეს თამაში 18.45 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ილია ზედგინიძე (სამწვრთნელო შტაბის წევრი, ნაკრების ყოფილი კაპიტანი):

„მომზადების დამაგვირგვინებელ ფაზაში გადავედით. 9-კვირიანი წრთობის შემდეგ პირველად მოგვეცა შესაძლებლობა, რომ სათამაშო გარემოში გვენახა გუნდი.

რა თქმა უნდა, სარაგბო კუთხით ჯერაც ბევრია სამუშაო და ამდენ-ხნიანი ფიზ-მომზადების შემდეგ, პირველივე შეხვედრაში ყველაფერი იდეალურად ვერ იქნებოდა. გამოჩნდა ის, რაზეც უნდა გავამახვილოთ მეტი ყურადღება. ახლა მიმდინარეობს ვიდეო-ანალიზი, რის შემდეგაც უფრო კონკრეტულად ვიმოქმედებთ.

წრთობას უკვალოდ არ ჩაუვლია. ფიზიკურად ყველა ისეთ ფორმაშია, რომ დატვირთვას გაუძლოს. მატჩის განმავლობაში მოთამაშეებს ენერგია არ გამოლევიათ და ყოჩაღად იყვნენ, მაგრამ აქვე აღსანიშნავია, რომ სათამაშო დროის ყველასთვის მისაცემად, 30-მა მორაგბემ ითამაშა - ზოგს 40, სხვას კი ნაკლები წუთი ერგო.

ტესტებს რომ მოვილევთ, საბოლოო დასკვნებს მერეღა გამოვიტანთ. მოთამაშეებმა ფაქტიურად ჩააბარეს წინასწარი გამოცდა და ამას შტაბში დადებითად ვაფასებთ“

მილთონ ჰეიგი (მთავარი მწვრთნელი):

„უმნიშვნელოვანესი სათამაშო პრაქტიკა მივიღეთ. ამ პროცესის გავლა აუცილებელი იყო. რამდენიმე დაგეგმილ კომბინაციაზე ვიმუშავეთ. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ჩვენთვის სავარჯიშო მატჩი იყო, ზოგადად კმაყოფილი ვარ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანად მიმაჩნია, რომ ყველას მიეცა თამაშის შესაძლებლობა.

რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ იმ მომენტს, რომ გუნდს ამდენი მზადების შემდეგ აკლდა სათამაშო პრაქტიკა -ძალიან ბევრს დიდი ხნის განმავლობაში აღარ ებურთავა. განვლილი წრთობის შემდეგ, ეს ჩვენი მზადების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია, რადგან უკვე უშუალოდ სარაგბო კომპონენტებზე და თამაშზე ვართ გადასულნი.

გავიმეორებ და შევნიშნავ, რომ ეს ნაწილია მზადების პროცესისა, რომლის განმავლობაშიც ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ტონგასთან ძალიან კარგად ვითამაშოთ.

მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მაგარ გუნდს ვეთამაშეთ, და იმასაც ვიტყვი, რომ მატჩმა ზოგი მოთამაშე გამოაფხიზლა. ეს მსოფლიოსთვის მზადების გზაზე კიდევ ერთი და კარგი, წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ მოგვეგო, მაგრამ ეტყობა, ამისათვის საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ.პირველი ნახევრით განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ, ვინაიდან ბურთსაც ბლომად ვფლობდით, მეტოქეს მეტ-ნაკლებად წნეხში ვამყოფებდით და მხოლოდ ერთი ლელო გავუშვით.

კარგად ვუტევდით, მაგრამ ეგეც ვთქვათ, რომ დასრულება გვიჭირდა, მეორე ნახევარში კი ნიუქასლმა ისეთი ლელოები დაგვიდო, რომელთაგან თავის დაღწევა შეგვეძლო.

ისეთი ბევრი რამ დავინახეთ, რისი მზადების პროცესში გათვალისწინებაც გვარგებს. ბიჭებთან ერთად ვიდეო-ანალიზს გავივლით და შესაბამისად ვიმუშავებთ. ჯამში, მიღებული გამოცდილება შეუფასებელია, თან მისი მიღების შესაძლებლობა ყველას მიეცა.

გუშინდელი გაკვეთილი გუნდზე დადებითად იმოქმედებს. 4 დღეში კანადას ვეთამაშებით. შესაბამისად, უკვე ამ მატჩზე ვფიქრობთ და ვცდილობთ, მაქსიმალურად კარგად მოვემზადოთ“

www.site.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11907