ფეხბურთი

15:43 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ვლადიმერ დვალიშვილი: “თამაში მსურს და არა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა”

ვლადიმერ დვალიშვილს, რომელმაც “პოგონთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ახალ გუნდში გოლების გატანის და საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაბრუნების ეიმედება.

-იმედოვნებთ, რომ დებიუტი უკვე კელცეში გექნებათ? ამისთვის მზად ხართ?

-გუნდს კელცეში მივყვები და ამიტომ, მზად უნდა ვიყო. ოდენსეში მთელი ამ ხნის განმავლობაში ვვარჯიშობდი და მართალია, მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთხელ ვითამაშე, მაგრამ ფიზიკურად “კორონასთან” დაპირისპირებისთვის მზად ვარ.

-მოედანზე გატარებული არასაკმარისი დრო დანიიდან წასვლის მთავარი მიზეზია?

-სწორედ ასეა. მე თამაში და არა სათადარიგოთა სკამზე ჯდომა მსურდა. ამიტომ ვარ “პოგონში”. ჩემი მიზანი თამაშია. მსურს გუნდს დავეხმარო და პოლონეთის ლიგაში თავი კარგად წარმოვაჩინო.

-თქვენს კარიერას თუ გადავხედავთ სეზონში მინიმუმ 10 გოლი გაგქონდათ. ასე იყო საქართველოში, ლატვიაში, ისრაელსა და პოლონეთში. ეს მხოლოდ გასულ სეზონში ვერ მოახერხეთ. რატომ?

-ამის ახსნა ადვილია. ვერ ვიტანდი, რადგან ხშირად არ ვთამაშობდი. მოედანზე უფრო ხშირად რომ ვყოფილიყავი მეტს გავიტანდი. ორი გოლი გავიტანე და სასტარტო შემადგენლობაში მხოლოდ 5 მატჩი ჩავატარე. სეზონის განმავლობაში ასე ცოტა გოლი იშვიათად გამიტანია. მეტოქეთა კარის აღება კვლავ შემიძლია და ამის დამტკიცება მსურს.

-პოლონეთში “პოლონიასა” და “ლეგიაში” გამოდიოდით. საერთო ჯამში, 25 გოლი გაიტანეთ, მაგრამ ზოგიერთი გულშემატკივარი “ლეგიაში” თქვენს სუსტ თამაშს იხსენებს.

-ზოგიერთი “ლეგიაში” ჩემს მიერ გატარებულ ბოლო თვეებს იხსენებს და მანამდე რა იყო არ ახსოვს. პოლონეთში კარგად ვთამაშობდი და გოლებიც გამქონდა. არ უარვყოფ, რომ იყო პერიოდი, როდესაც შედარებით ცუდად გამოვიყურებოდი, მაგრამ ეს ფეხბურთია. ყოველთვის ერთ სიმაღლეზე ვერ იქნები. ასეთია ცხოვრება. როდესაც თამაში არ მიგდის, გულშემატკივრები მსგავს რამეს საუბრობენ. მე ამას არ ვუსმენ და ჩემს თამაშს ვთამაშობ. შემიძლია გუნდისთვის ბევრი რამ გავაკეთო, როცა საუკეთესო ფორმაში ვარ. ვარშავაში გულშემატკივრებს კარგი მომენტებიც უნდა ახსოვდეთ, რადგან ასეთებიც იყო. თუმცა, ზოგიერთს მხოლოდ სუსტი თამაში ახსოვს. მე ჩემი საქმე უნდა ვაკეთო.

-“პოგონთანაც” კარგი მოგონება უნდა გაკავშირებდეთ, რადგან მის კარში გოლი თითქმის ყველა მატჩში გაგქონდათ. საერთო ჯამში 3 გოლი გაიტანეთ?

-ოთხი.

-ყველაზე მეტად რომელი დაგამახსოვრდათ?

-ყველა კარგად მახსოვს. ერთი გოლი “პოლონიას” მაისურით გავიტანე. ეს ჩემს მიერ გუნდში ჩატარებული ბოლო მატჩი იყო. “ლეგიაში” თამაშისას საჯარიმოდან გავიტანე, ხოლო ერთხელ თავით.

-პოლონური ენა ხომ არ დაგავიწყდათ?

-პოლონეთში ორწელიწადნახევარი გავატარა და ენა ვიცი. ერთი წლის წინ, დანიაში რომ არ წავსულიყავი, ალბათ, უფრო კარგად მეცოდინებოდა.

-ახალ გუნდში ნაცნობი ფეხბურთელები დაგხვდნენ?

-მხოლოდ მილოშს ვიცნობ, რომელთან ერთად “პოლონიაში” მითამაშია. ასევე, მწვრთნელ მიხნევიჩიც ნაცნობია. მასთან ერთად სამი თვე მიმუშავია და პოზიტიური მოგონებები მაქვს. მართალია, ერთად დიდი დრო არ გაგვიტარებია, მაგრამ მან მოთამაშეებთან საერთო ენის გამონახვა იცის.

-ყველაზე კარგად თავს რომელ პოზიციაზე გრძნობთ?

-ყველაზე უკეთესად უკან დახეულ ფორვარდად თამაში გამომდის. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ნომინალური პოზიციაა.

-“პოგონში” ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი მოთამაშე ხართ. საქართველოში, ლატვიაში, ისრაელში, პოლონეთში, დანიაში, ჩემპიონთა ლიგაში გითამაშიათ. საქართველოს ნაკრებში ოცდაათზე მეტი მატჩი ჩაგიტარებიათ. გამოცდილებით ერთადერთი რაფალ მურავსკი თუ შეგედრებათ.

-გამოცდილება ყოველთვის გამოგადგება. 29 წლის ვარ და საუკეთესო დროა თავის გამოსავლენად. “პოგონთან” 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და გუნდის დახმარება მსურს. აქ დიდ ხანს დასარჩენად არ ჩამოვსულვარ. ვნახოთ რა იქნება.

-საქართველოს ნაკრებში ბოლოს თითქმის ერთი წლის წინ ითამაშეთ. მომავალში ნაკრებში დაბრუნების შანსი გაქვთ?

-დიდი ხანი როდესაც არ თამაშობ, ნაკრებზე ფიქრი ძნელია. ეს ნორმალურია. არ თამაშობ, არ გიწვევენ. საქართველოს ნაკრებში სამი კარგი თავდამსხმელია და შესაბამისად არჩევანიცაა. იმედია, რომ “პოგონში” გოლებს გავიტან და ნაკრებში კიდევ მიმიწვევენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110813