რაგბი

14:43 | 29.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ბორჯღალოსნები” უნდა გამოფხიზლდნენ

დაახლოებით ამ შინაარსის ქვეტექსტი უძღვის ყველა იმ მიმოხილვას, რომლებიც საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ინგლისის “ავივა პრემიერშიპის” “ნიუკასლის” ამხანაგურ შეხვედრას მიეძღვნა.

ESPN-ის მიმოხილვა დაახლოებით ასე იწყება: “საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასისთვის მზადების ეტაპის პირველ მატჩში, სამშობლოში ერთ-ერთ ყველაზე ღირშესანიშნავ დღე “მარიამობას”, “ნიუკასლ მალკონზთან” 7:27 დამარცხდა - ეს გამოსაფხიზლებლად საგანგაშო ზარი უნდა იყოს.

სამთვიანი შეკრების შემდეგ საქართველოსა და პოლონეთში, მილტონ ჰეიგის შეგირდებს თამაშში დაბრუნების შანსი მიეცათ. მაგრამ ეს დღე ქართველთა იმედგაცრუების დღედ იქცა. “ქინგსთონ პარკზე” შეკრებილი მცირერიცხოვანი მაყურებელი, არც ელოდა განსაკუთრებით სანახაობრივ რაგბის, უკანა ხაზის თამაშზე რომ არაფერი ვთქვათ, ქართველთა ცნობილმა შერკინებამაც ვერ წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობა. მსოფლიო თასზე ტონგასთან მატჩამდე სამი კვირა დარჩა და თამაშის ასეთმა ხარისხმა მწვრთნელებში უდაოდ უნდა გამოიწვიოს დიდი შეშფოთება. პარასკევის თამაშის შედეგად შეიძლება ითქვას, რომ ჰეიგის ფილოსოფიამ აშკარად არ გაამართლა.

შეხვედრას 2 355 მაყურებელი დაესწრო და ის ქართველთა უპირატესობით დაიწყო და მასპინძლებმა პირველივე წუთებიდან იგრძნებს მეტოქის პირველ ხაზის - ზურაბ ჟვანიას, შალვა მამუკაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის ძალა. ჰეიგისთვის ეს იყო შანსი, საქმეში ეხილა თავისი შეგირდების შესაძლებლობები და მოთამაშეებიც ცდილობდნენ მწვრთნელზე შთაბეჭდილება მოეხდინათ. მაგრამ ქართველებს გადამწყვეტ მომენტში ცივსისხლიანად ვერ იმოქმედეს და ეს ძვირად დაუჯდათ.

მე-17 წუთზე “კაჭკაჭებმა” მოლი ააგორეს და პირველი ლელო გაიტანეს. ამას ჰეიგისთვის ორი შემაშფოთებელი ამბავი მოყვა - ტრავმები მიიღეს ჟვანიამ და გიორგი ფრუიძემ და მოედანი დატოვეს. ქართველთა იმედგაცრუება ამით არ დასრულებულა და შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე დაგვიანებული ბოჭვის გამო მათი 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე სინბინით დაისაჯა. მიუხედავად “ნიუკასლის” მცდელობებისა, ტაიმის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა - 5:0.

მეორე ტაიმი პირველის დასასრულის მსგავსად ინგლისელთა შეტევებით დაიწყო და მართალია პირველ ჯერზე “ნიუკასლს” ლელომდე ცოტა დააკლდა, მაგრამ ერთ წუთში 5-მეტრა შერკინებიდან ალამთან ლელო მაინც გავიდა. შემდეგი შეტევისას მასპინძელთა ხაზმა ქართველების დაცვა მარტივად გაჭრა და მესამე ლელო გავიდა. ქართველები თავს იმით თუ დაიმშვიდებდნენ, რომ გარდასახვები ამჯერადაც არაზუსტი იყო. ამას “ნიუკასლის” მხრიდან კონცენტრაციის დაკარეგვა მოყვა, საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ 52-ე წუთზე რაქიდან მოულოდნელად შეუტია და ლელო ძელებსშუა გაიტანა, ხოლო ბექა წიკლაურმა გარდასახვა გამოიყენა - 7:15.

ხისტ და მძლავრ ქართულ დაცვას სწრაფი ინგლისელების შეჩერება უჭირდათ, მათი ხაზი მარტივად იჭრებოდა და მეტოქის დერეფნის მოგების შემდეგ “ნიუკასლმა” მეოთხე ლელო გაიტანა, ხოლო სულ ბოლოს გატანილ ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა და “ნიუკასლმა” თითქმის იდეალური თამაშით 27:7 იმარჯვა. საქართველოს ნაკრებს და მის მთავარ მწვრთნელს კი, ბევრი საფიქრალი დაუგროვდათ, რათა 2 სექტემბერს იაპონიის წინააღმდეგ უკეთესი თამაში აჩვენონ”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.15673