კალათბურთი

10:57 | 20.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კაცი, რომელიც მსოფლიოს საქართველოს აცნობს

“ამერიკაში დღემდე ბევრს ჰგონია, რომ ჯორჯიის შტატიდან ვარ და ამაზე ყოველთვის ნერვები მეშლება. ყველანაირად ვცდილობ მათ ჩემი ქვეყანა გავაცნო. ვაჩვენო, რომ არსებობს საქართველო, რომელიც კარგი ქვეყანაა”, - ამ სიტყვებით მიმართა ზაზა ფაჩულიამ “საბურთალოს” ახალგაზრდა ფეხბურთელებს.

ზაზა 1984 წლის 10 თებერვალს, ერთ თბილისურ ოჯახში დაიბადა. გასაკვირი არაა, რომ ცხოვრების გზამკვლევად სპორტი აირჩია – დედა კალათბურთელი ჰყავდა, მამა – მოჭიდავე. ფაჩულიების ოჯახში იგი ერთადერთი შვილი იყო. თავიდან პატარა (ასაკით) ფაჩულია თითქმის ყველა სპორტის სახეობაზე დადიოდა, მაგრამ უშვებდნენ, რადგან ბურთს ყოველთვის ხელით ეხებოდა... საბოლოოდ, ზაზამ კალათბურთი აირჩია და პირველად ამ მშვენიერ სპორტის სახეობას 9 წლის ასაკში მიაკითხა.

არავინ უწყის, როგორ წარიმართებოდა მისი კარიერა, რომ არა ერთი შემთხვევა სკოლაში, სადაც ფაჩულია სწავლობდა, თურქული გუნდის “ულქერის” ერთ-ერთი წარმომადგენელი იმყოფებოდა. ქართველმა გიგანტმა ყურადღება სიმაღლით მიიპყრო, ხოლო მას შემდგომ, რაც დაინტერესებულმა სტუმარმა გაიგო, რომ ეს ტანმაღალი ბიჭი კალათბურთს თამაშობდა, თურქული გზის გახსნასაც აღარაფერი ედგა წინ. ბოლოს ისე მოხდა, რომ “ულქერის” ხელმძღვანელები ჩვენს ქვეყანას ერთი კვირის შემდგომ ეწვივნენ. რაღა თქმა უნდა, ფაჩულიას წასაყვანად. არადა, პარადოქსია, ზუსტად იმ პერიოდში ნიჭიერი კალათბურთელი საქართველოს კადეტთა ნაკრებს მიღმა დარჩა. იმავე თურქეთში წამსვლელი 12 კალათბურთელი კადეტთა ნაკრების ხელმძღვანელობას 13 მოთამაშისგან უნდა შეერჩია... შეარჩიეს კიდეც – ერთადერთი ვინც ნაკრებს მიღმა დარჩა, ეს ჩვენი დღევანდელი სტატიის გმირი იყო...

თურქეთში გატარებული წარმატებული პერიოდის შემდგომ კი ზაზას კარიერაში ერა დადგა, რომელსაც დღემდე წარმატებულად და ნაბიჯ-ნაბიჯ, სტაბილურად მიჰყვება. 2003 წელს, ქართველი ცენტრი “ორლანდო მეჯიქმა” აიყვანა. მართალია, ეს გუნდი NBA-ში განსაკუთრებული წარმატებით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ ვლადიმერ სტეფანიასა და ნიკოლოზ ცქიტიშვილის შემდეგ, ოკეანის გაღმა მესამე ქართველის მოხვედრა, თანაც 19 წლის ასაკში, ბევრ რამეზე მეტყველებდა.

ბევრს ასეთ დროს “ქართული სენი” შეეყრებოდა და თავში აუვარდებოდა, რასაც უმალ მოჰყვებოდა კარიერის დაღმასვლა, მაგრამ ფაჩულია ამ მხრივაც სასიამოვნო გამონაკლისია – აბა როგორია, ათეულ წელზე მეტხანს ისეთ ლიგაში სტაბილურად თამაში, რომელშიც მოხვედრაზე ოცნებაც კი ბევრს არ შეუძლია?!..

საქართველოს ნაკრების კაპიტნის წარმატების საიდუმლო კი ყოველდღიურ შრომასა და პროფესიონალიზმშია. მან კარგად იცის, რომ ოდნავი მოდუნების შემთხვევაშიც კი რეგრესი დაეწყება.

“ქართველებისთვის უცხოეთში თავის დამკვიდრება და სახელის მოხვეჭა უფრო რთულია, ვიდრე იტალიელისთვის, ესპანელისთვის ან სხვა ეროვნების ადამიანისთვის. ფერადკანიანები ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები არიან, ეს მათ დაბადებიდანვე მოსდევთ. მქონდა შემთხევვები, როცა თანაგუნდელები სატრენაჟორო დარბაზს არც ეკარებოდნენ, მაგრამ თამაშზე დაფრინავდნენ, მე კი მათ დონესთან მისაახლოვებლად ორმაგი, სამმაგი ვარჯიში მჭირდებოდა და მჭირდება”, - ესეც ზაზას სიტყვებია.

წარმატება ადვილად რომ არ მოდის, კარგად აქვს გათავისებული. სხვანაირად ვერც მიაღწევდა იმას, რასაც დღეს ვხედავთ. ფაჩულიას მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც კი კალათბურთზე სმენიათ იცნობენ. თანაც, დადებით კონტექსტში. ისე, სპორტსმენს ასაკის მატებასთან ერთად კარიერული დაღმასვლა ეწყება. ეს ბუნებრივი მოვლენაცაა, მაგრამ ფაჩულიას შემთხვევაში პირიქით ხდება! – 31 წლის კალათბურთელმა NBA-ში თავისი ერთ-ერთი საუკეთესო სეზონი გასულ წელს ჩაატარა და შემთხვევითი არაა, რომ შემოდგომიდან მას უკვე სახელოვანი “დალას მავერიქსის” მაისურით ვიხილავთ. ზემოხსენებული “მეჯიქისა” და “მავერიქსის” გარდა, ზაზას ამერიკულ კარიერაში “მილუოკი ბაქსი” და “ატლანტა ჰოუქსიც” არიან. ორივე გუნდის გულშემატკივრებს მისი თამაში კარგა ხანს ემახსოვრებათ.

ქართველმა კარგად იცის, რა არის ასაკის მატებასთან ერთად უკეთ ათამაშების საიდუმლოც. სჯობს თავად მისი სიტყვები ამოვიკითხოთ:

“კონიაკი რაც უფრო ძველდება, მით უფრო კარგი ხდება. ვფიქრობ, სპორტსმენიც ასე უნდა იყოს. ჩვენი კარიერა დიდხანს არ გრძელდება, 15-20 წელი და ეს პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, რათა წარმატებელები ვიყოთ. ცხოვრებაში შანსი ყოველთვის მოდის, ოღონდ მხოლოდ ერთხელ. იგივე შანსი მეორედ არ ბრუნდება და ჩვენ ამ შესაძლებლობას ხელი ისე მაგრად უნდა ჩავჭიდოთ, რომ ვერაფერმა გაგვაშვებინოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას სხვა დაეპატრონება, რომელსაც ყველაფერი კარგად ექნება გააზრებული და არ დაკარგავს. მსოფლიოში მილიონობით სპორტსმენია, მაგრამ წარმატებას ყველა ვერ აღწევს”...

ფაჩულიას ისიც კარგად აქვს გათავისებულ-გააზრებული, რომ ერთ დონეზე, სტაბილურად ყოფნისთვის და უბრალოდ, მაღალ დონეზე ასათამაშებლად დისციპლინის დაცვაც აუცილებელია. უმჯობესია, ამ შემთხვევაშიც მისი სიტყვები წავიკითხოთ:

“არავის ეგონოს, რომ თუ ღამის 2 საათზე სახლიდან გახვალ და რეჟიმს დაარღვევ, ვერავინ შენიშნავს. ჩვენს გვერდით არიან მეგობრები, ჟურნალისტები, ადამიანები, რომლებიც გამუდმებით თვალ-ყურს გვადევნებენ. მე პირადად, რეჟიმს არასდროს ვარღვევ, რადგან ვიცი, ეს კარგს არაფერს მომიტანს. თუ დამიჯერებთ, ტკბილსაც კი არ ვჭამ, რომ წონაში არ მოვიმატო. ძმაკაცებს, მეგობრებს, გართობას, ყველაფერს თავისი დრო აქვს”, - ამბობს ზაზა.

“დალასის” ახალწვეულს არც ის ავიწყდება, რომ წარმატების მისაღწევად გარდა თავდაუზოგავი შრომისა და ვარჯიშისა, მცირეოდენი გამართლებაცაა საჭირო. როგორც ზაზა ამბობს, არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრების რომელიმე ეტაპზე არ გაუმართლებს. მთავარია, როგორ გამოიყენებს იგი ამ შანსს.

“როდესაც “ულქერში” მოვხდი, აშკარად გამიმართლა. სამწუხაროდ, მაშინ და დღესაც წარმოუდგენელია რომ საქართველოს ჩემპიონატიდან პირდაპირ NBA-ში მოხვდე. რომ არა თურქული კარიერა, იქ მოხვედრა გამიჭირდებოდა. აი, “ულქერში” კი ნამდვილად გამართლების ხარჯზე მოვხდი. არადა, ზუსტად იმ კვირაში საქართველოს საუკეთესო 12 კალათბურთელს შორის ვერ მოვხვდი”, - იხსენებს 31 წლის კალათბურთელი.

ქარველის კარიერაში საუკეთესო დღე ალბათ, მიმდინარე წლის 20 მარტს დადგა, როცა NBA-ში, “ბრუკლინს” 22 ქულა და 21 მოხსნა გაუხერხა (!) – თანაც, როგორი საქმეა 21 მოხსნილი ბურთიდან 18 მეტოქის ფარზე იყო!.. – ეს შემთხვევით არ ხდება, ეს დიდი კლასისა და შრომის შედეგია. ისიც ვთქვათ, რომ იმ დღეს ქართველი ბიჭი NBA-ს ისტორიაში შევიდა, რადგან 21-ე საუკუნეში მეტოქის ფარზე ამდენჯერ ბურთი არავის მოუხსნია... ამ შედეგს ფაჩულიამ 7 პასი და ჩაჭრაც დაუმატა(!).. ვგონებ, სიტყვები ზედმეტია, შეფასებები თქვენთვის მომინდია...

საკლუბო კარიერასთან ერთად იგი სანაკრებო კარიერისთვის იცლის და აგერ მეორე ათეული წელი დაიწყო, რაც ჩვენი ქვეყნის მთავარ გუნდს ერთგულად ემსახურება, კაპიტნობს და ლიდერობს. ერთია საქართველოს ნაკრები მასთან ერთად და მეორე – მის გარეშე.

მალე ზაზა ნაკრებთან ერთად თავის მესამე ევროპის ჩემპიონტის ფინალურ ეტაპზე ითამაშებს. სექტემბერში იგი კიდევ ერთხელ შეეცდება ჩვენი გულების გახარებას. როგორც მან თქვა, იმაზე კარგი არაფერია, როდესაც გულშემატკივარი ტაშს გიკრავს, როდესაც ქომაგს უყვარხარ...

“სპორტზე კარგი არაფერია. არც პოლიტიკა, არც ბიზნესი... არაფერი სჯობს, როდესაც გულშემატკივარს უყვარხარ და ტაშით გაჯილდოვებს”, - ამბობს ფაჩულია.

ეჭვიც არ გვეპარება, რომ შესანიშნავი ქართველი კალათბურთელი და ადამიანი ჩვენს მქუხარე აპლოდისმენტებს კიდევ არაერთხელ დაიმსახურებს და გაგვახარებს...

უბრალოდ, ვუყუროთ ზაზას და დავტკბეთ, გადმოვიღოთ მაგალითი, ვისწავლოთ, ვიამაყოთ...

0.185128