ძიუდო

20:16 | 18.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანი: “ვარლამ ლიპარტელიანი ჩემი კუმირია!”

თბილისის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონს, ძიუდოისტ ეთერ ლიპარტელიანს (57 კგ.) ახლახანს შევხვდით. კადეტ ძიუდოისტთა ნაკრები თბილისის ტურნირის ჩამთავრებიდან მეორე დღეს სეზონის ერთ-ერთ უმთავრეს შეჯიბრზე -მსოფლიოს ჩემპიონატზე საასპარეზოდ გაემგზავრა სარაევოში და ეთერსაც დაპირებულ ინტერვიუზე უარის თქმა მოუხდა, თუმცა ბოსნიიდან დაბრუნებისთანავე პირნათლად შეასრულა თავისი სიტყვა და სასაუბროდ სავარჯიშო დარბაზში მიგვიწვია.

უნდა ითქვას, რომ მსგავსი ზრდილობის, სანიმუშო აღზრდისა და თავაზიანობის მქონე ახალგაზრდას ძნელად თუ შეხვდებით სადმე. მისი შრომისმოყვარეობის და საქმისადმი პროფესიონალური დამოკიდებულების შესახებ ქალ ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელებისგანაც გვქონდა გაგებული. ჰოდა რა გასაკვირია, ასეთმა სპორტსმენმა შედეგების ჩვენება ადრეულ ასაკში რომ დაიწყო და აგერ-ოლიმპიური ფესტივალის ოქროც კი დაისაკუთრა.

პირველი, რაც ეთერის დანახვისთანავე თვალში მოგვხვდა, მის სახეზე ორთაბრძოლებისას მიღებული ნაიარევები იყო. საუბარიც ამით დავიწყეთ.

- მართალია ძიუდო კონტაქტური სპორტია, მაგრამ ამდენი ნაკაწრები ზედმეტი ხომ არ არის?

- რას ვიზამთ, ასეა, ტატამზე გამარჯვებისთვის ყველაფერს ვაკეთებთ გოგონები. ერთმანეთს არაფერს ვუთმობთ და ბრძოლაში ყველაფერი ხდება. ამას უკვე მივეჩვიე და აღარც ვაქცევ ყურადღებას.

- ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ძიუდო ტრავმიანი სპორტია?

- არანაირად. ხანდახან არის უსიამოვნო შემთხვევები ტრავმებთან დაკავშირებით, ისევე, როგორც ნებისმიერ სპორტში, მაგრამ ის რომ ძიუდო ჯანმრთელობისთვის საშიში სპორტია, ამას ვერ ვიტყოდი. პირიქით.

- ჩვენი საუბრის მთავარ თემაზე, ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონობაზე რას იტყოდით?

- ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საგანგებოდ ვემზადებოდი. მეტიც, შეიძლება ითქვას, აქ ჩემპიონობა მთელი ჩემი ბავშვობის ოცნება იყო. თანაც როცა შევიტყვე 2015 წელს თამაშები თბილისში უნდა ჩატარებულიყო, განსაკუთრებული მოტივაცია გამიჩნდა. ძალიან მინდოდა ჩემი ოჯახის წევრები, მწვრთნელები და მთლიანად საქართველო გამეხარებინა. ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი.

- იქამდე იყო ევროპის ჩემპიონატი კადეტთა შორის...

- ოლიმპიურ ფესტივალამდე სამი კვირით ადრე, კადეტები ევროპის პირველობაზე ვიყავით. ფაქტობრივად, იმ ტურნირს საოლიმპიადოდ გენერალურ რეპეტიციად განვიხილავდით. ჩემს წონაში ევროპის მასშტაბით თითქმის ყველა მოწინავე გოგონასთან მიჭიდავია და ვიცი, რომ ფიზიკურად არავის ჩამოვუვარდები. ჩვენი მწვრთნელების დახმარებით ვცდილობ ტექნიკურადაც არ ჩამოვრჩე და ამიტომ იმედიანად ვიყავი განწყობილი. თუმცა, ეს ძიუდოა და მოხდა - კარგ გერმანელ სპორტსმენთან პირველივე შეხვედრაში დავმარცხდი.

ამ შემთხვევამ წყობიდან გამომიყვანა. ისე, რომ შემდგომში მედლისთვის საბრძოლველად რეპეშაჟში მონაწილეობას გული ვერ დავუდე და მესამე ადგილისთვის გადასასვლელი პაექრობა დავთმე. ამის შემდეგ მომდევნო სამი კვირა მხოლოდ მომავალი ოლიმპიადა მიტრიალებდა თავში. ვბრაზობდი ჩემს თავზე, ვიცოდი, რომ ევროპაზე მხოლოდ ჩემი უყურადღებობით წავაგე. საოლიმპიადედ გორში ვვარჯიშობდით. მწვრთნელებმა მართლაც უმაღლეს დონეზე მოგვამზადეს. შეჯიბრის წინ ჩემს მოძღვართან წავედი. მისმა დალოცვამ ისე იმოქმედა ჩემზე, რომ წარმატებაში ეჭვიც არ მეპარებოდა. ამას ერთიც დაემატა; დედამ წინა დღით სიზმარში მნახა - ოქროს მედლით მკერდდამშვენებული. ეს ბოლო წვეთი იყო. ისეთი განწყობით წავედი იმ დღეს დარბაზში, რომ თვით მძიმეწონოსნებთან საომრადაც კი მზად ვიყავი.

- ასეთი განწყობის მიუხედავად, თითქოს პირველ შეხვედრაში ჩეხ ზემანოვასთან ცოტა გაგიჭირდათ.

- ვერ ვიტყოდი ასე. უბრალოდ პირველი შეხვედრა გასახსნელად დამჭირდა. მსაჯმაც ორი საეჭვო შიდო მომცა და გარედან ჩანდა, თითქოს ვნერვიულობდი. სინამდვილეში კი ვგრძნობდი, რომ მასზე ძლიერი ვიყავი და ბოლოსკენ გდებები მაინც გავუკეთე.

- აკრეფილი ტემპი კარგად გემჩნეოდათ მაკედონიელ ფეიზულასთან და რუს ნაგუჩევასთან შეხვედრებში.

- დიახ. უკვე ისეთ სვლაზე ვიყავი, ეს მძლავრი მეტოქეები ერთი ამოსუნთქვით გავიარე.

- ამის შემდეგ ნახევარფინალში გელოდათ მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, “ფინურ საოცრებად” შერაცხული მართლაც უძლიერესი ემილია კანერვა, ვინც თქვენზე ერთი წლით უფროსია.

- კანერვა ღონიერი, ძლიერი გოგოა. უფროსია და ეს ჩვენს ასაკში მნიშვნელოვანი უპირატესობაა. მე ჯერ 15 წლის ვარ, ის კი მალე 17-ის ხდება. მას ჭკუით მივუდექი, რადგან მაღალია და ცერები არ უყვარს. სწორედ ცერით გამოსმულით მოვიპოვე გადამწყვეტი გდება.

- შემდეგ კი იყო ფინალი პოლონელ დაბროვსკასთან და ის ცნობილი, ვარლამ ლიპარტელიანისეული საფირმო ამოსმული...

- ვარლამ ლიპარტელიანი ჩემი კუმირია! მას უმცროსი დასავით ვყავარ. დიდ ყურადღებას მაქცევს. სულ მარიგებს, რა და როგორ გავაკეთო. მეუბნება, რომ ჭკვიანი მოჭიდავე ვარ. მიზიარებს მის უდიდეს გამოცდილებას და ძიუდოს მრავალ, ბევრისთვის მიუწვდომელ საიდუმლოებას მანდობს. სწორედ ვარლამის რჩევების დამსახურებაა ჩემი ამოსმული-უჩიმატა, ასევე პარტერში ბრძოლის ჩვევები. მოგეხსენებათ ოლიმპიადაზე სამი მეტოქე სწორედ პარტერში აქტიურობით დავამარცხე. ასევე მიყვარს ცერების ხმარება, კისრული. კარგად გამომდის ჩახტომები და მაჯებიდან აყვანილი გდებები. მოკლედ რომ ვთქვა, ვარლამი ჩემი ფავორიტია. ჩემი მოსიყვარულე უფროსი ძმა და მეგობარი და ჩემს გულში მუდმივი ჩემპიონი. ჩვენ ასეთი მიზანი გვაქვს: 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ორივე ლიპომ უმაღლესი მწვერვალების დასაპყრობად ერთად უნდა ვიბრძოლოთ!

- მშვენიერია. მსოფლიო ძიუდოში გოგონებიდან თუ მოგწონთ ვინმე. ვის გულშემატკივრობთ?

- იარდენ გერბი (63 კგ.) მომწონს ისრაელიდან. ჩემს წონაში ფრანგი ოტომნ პავია. კოსოვოელ მაილინდა კელმენდიზე (52 კგ.) კი, რა უნდა ვთქვა - მსოფლიოში საუკეთესო მოჭიდავეა. თუმცა, ღმერთის წყალობით ქართველებს გვყავს ერთი გოგო, ვისიც კელმენდის უნდა ეშინოდეს. ეს ადამიანია - მარიამ ჯანაშვილი. მჯერა მარიამი უდიდეს წარმატებებს მიაღწევს და მთელი საქართველო იამაყებს მისით.

- მოდით განვლილ მსოფლიო ჩემპიონატზეც ვთქვათ. ვიცით, რომ გადაღლილობამ იჩინა თავი, თან სიცხიანი ჭიდაობდით და პირველივე შეხვედრა დათმეთ მონღოლ მეტოქესთან.

- დიახ. სამწუხაროდ ჩვენ აქამდე არასოდეს შევხვედრივართ აზიელ სპორტსმენებს. იაპონლები, მონღოლები, კორეელები უძლიერესი მოჭიდავეები არიან და მათთან სხვა გამოცდილებაა საჭირო. საქართველოს ნაკრების გოგონებს დიდი იმედი გვაქვს, რომ ბოლოდროინდელი წარმატებების ფონზე მოხერხდება ჩვენთვის შეკრების მოწყობა იაპონიაში. ახდება ჩვენი ოცნება, მოგვეცემა მსოფლიოში უპირველეს მოჭიდავეებთან სპარინგის საშუალება და შემდეგ ვნახოთ როგორ შეძლებენ ქართველების დამარცხებას.

ბოლოს მინდა ჩვენს ხალხს, გულშემატკივრებს უდიდესი მადლობა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ყველას, ვინც დარბაზში მოვიდა და ვინც ეკრანებთან სულგანაბული უცქერდა ჩვენს ჭიდაობას. ქომაგების თანადგომა და მათი სიმრავლე უდიდესი სტუმულია პირადად ჩემთვის. ეს ოქროს მედალიც უმეტესწილად მათი დამსახურებაა. რომ არა ისინი, მე ამდენს ვერ მივაღწევდი.

0.153698