ფეხბურთი

13:58 | 16.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

კალჩოს ციებ-ცხელება და დარჩენილი 6 დღე

იტალიის სერია A-ს 2015-2016 წლების სეზონის დაწყებმადე ერთ კვირაზე ნაკლები დარჩა. იტალიური ფეხბურთს მოყვარულებს უკვე მომავალი უიქ-ენდიდან კალჩოსთვის თვალ-ყურის მიდევნების შესაძლებლობა ექნებათ.

გასულ სეზონთან შედარებით იტალიურ გუნდებში, მეტადრე კი წამყვან კლუბებში საკმაოდ ბევრი სიახლეა. თუმცა, სპეციალისტთა უმრავლესობის აზრით, კარს მომდგარი სეზონის მთავარ ფავორიტად ისევ ტურინის “იუვენტუსი” განიხილება, მაგრამ ურიგოდ არც “რომასა” და “ინტერის” შანსები მოსჩანს.

“იუვენტუსი”

ტურინელების შემადგენლობა წინა წლებთან შედარებით სახეშეცვლილი იქნება. თავად განსაჯეთ, მასიმილიანო ალეგრის კარლოს ტევესის, ანდრეა პირლოსა და არტურო ვიდალის გარეშე მოუწევს ფონს გასვლა. თუმცა, “ბებერმა ქალბატონმა” ჩინებული შევსებაც მიიღო – მარიო მანჯუკიჩი, სიმონე ძაძა, დანიელე რუგანი, სამი ხედირა და პაულო დიბალა ის ფეხბურთელებია, რომელთაზეც ტურინში დიდი იმედი მყარდება. “ბიანკონერიმ” იტალიის სუპერთასზე “ლაციოს” დამაჯერებლად აჯობა (დიბალასა და მაჯუკიჩის გოლებით) და ყველას დაანახა, რომ ტიტულებს ისევ ძველებურად შეუტევს. ერთი კი ფაქტია, რომ ახალი “იუვეს” ხილვა საკმაოდ საინტერესო უნდა გამოდგეს.

“რომა”

ტურინელთა მთავარ კონკურენტად ამ დროისთვის ვიცე-ჩემპიონი “რომა” სახელდება. ეს მოულოდნელი არაა, რადგან რუდი გარსიას გუნდში საკმაოდ საინტერესო მოთამაშეები მივიდნენ. განსაკუთრებით, “მგელთა” შეტევის ხაზი გაძლიერდა – ედინ ჯეკო, მოჰამედ სალაჰი და იაგო ფალკე წესით ისინი უნდა გამოდგნენ, რომლებიც მეტოქეებს სერიოზულ თავსატეხს გაუჩენენ. მათ გარდა უდავოდ უნდა გამოვყოთ “არსენალიდან” დამატებული პოლონელი კიპერი ვოიცეხ შჩესნი. “რომამ” მოსამზადებელ ეტაპზე საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ტიფოზებს დიდი იმედი ჩაუსახა.

“ნაპოლი”

ნეაპოლელთა შემადგენლობაშიც დიდი ცვლილებებია. რაფაელ ბენიტესი მაურიციო სარიმ ჩაანაცვლა და გუნდს თავისი ხედვით ათამაშებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ “აძურიმ” ძირითადი ბირთვი სრულად შეინარჩუნა, მაშინ მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს. პეპე რეინასა და მირკო ვალდიფიორის ყიდვით კი სამხრეთული გუნდი ერთობ დაბალანსდა.

“ინტერი”

აპენინელი სპეციალისტების აზრით მილანური გრანდი სატრანსფერო პერიოდში ყველაზე მეტად გაძლიერდა. ძნელია მათ არ დავეთანხმოთ – ჟეფრი კონდოგბია, მირანდა, ჯეისონ მურილო, მარტინ მონტოია, სტევან იოვეტიჩი – ამ ფეხბურთელებს შეუძლიათ “ინტერნაციონალეს” ძველი დიდება დაუბრუნონ. არადა, “ნერაძურიმ” ამხანაგურ შეხვედრებში რბილად რომ ვთქვათ, კარგი შთაბეჭდილება ვერ დატოვა. როგორც ჩანს, რობერტო მანჩინის დრო სჭირდება და ჩვენც ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ.

“მილანი”

სახე იცვალა “მილანმაც”. ლუის ადრიანო და კარლოს ბაკას კი ამ გუნდის შეტევით პოტენციალის მოძლიერების საფუძველი უნდა გახდეს. უდავოდ კარგი შენაძენია ალესიო რომანიოლიც, რომელშიც “როსონერიმ” საკმაოდ მსუყე თანხა (25 მილიონი ევრო) გადაიხადა. რაც მთავარია, დამდეგი სეზონიდან “მილანს” ახალი სათამაშო სტილი ექნება, რადგან მწვრთნელი ახალია – სინიშა მიხაილოვიჩი.

“ლაციო”

რომაული გუნდის წინაშე მთავარი ამოცანა ამჟამად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მოხვედრაა. სტეფანო პიოლის შეგირდებს კი ამისათვის ლევერკუზენის “ბაიერის” გავლა მოუწევთ, რაც დიდ ძალისმხევას მოითხოვს. “ლაციალე” იმ იშვიათაგანი იტალიური გუნდია, რომელსაც ზაფხულში არ უაქტიურია და ახალ სეზონს თითქმის იგივე შემადგენლობით ხვდება. როგორც ჩანს, პიოლის თავისი შეგირდების სჯერა და ენდობა, დანარჩენს კი დრო დაგვანახებს.

“ფიორენტინა”

ფლორენციაში ვინჩენცო მონტელას კარისკენ მიუთითეს მის ნაცვლად კი პაულო სოუზა იხმეს. პორტუგალიელს ფლორენციაში კარგად იცნობენს და მისი ეიმედებათ კიდეც. “არტემიო ფრანკიზე” რამდენიმე ახალი და საინტერესო სახე გამოჩნდა, რომელთა შორის მეკარე ლუიჯი სეპე და ნახევარმცველი მარიო სუარესი უნდა გამოვყოთ. ისე კი უნდა აღვნიშნოთ, რომ ტრავმა მოიშუშა ჯუზეპე როსიმ, რომელსაც თუ ჯანმრთელობა ხელს შეუწყობს, “იებისთვის” წარმატების მოტანა ნამდვილად ხელეწიფება.

წესითა და რიგით სწორედ ზემოხსენებულმა გუნდებმა უნდა გაითამაშონ ევროსაგზურები, მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ იტალია უცნაური ქვეყანაა და არ იქნება მოულოდნელი თუ ვინმე ცხრილის ზედა ნაწილში გაერევა. ამის შანსი კი ყველაზე მეტად გენუურ გუნდებსა და ტურინულ “ტორინოს” გააჩნიათ.

“ტორინოს” მთავარი პლიუსი მთავარი მწვრთნელია. ჯამპიერო ვენტურა კარგი ტაქტიკოსი რომ გახლავთ, უკვე ძველი ამბავია. მატეო დარმიანი ამ გუნდისთვის დიდი დანაკლისი იქნება, მაგრამ “გრანატამ” დანიელე ბაზელისა და დავიდე ძაპაკოსტას სახით მეტად საინტერესო და ნიჭიერი ფეხბურთელები დაიმატა. “ჯენოას” კი წესით ევროპა ლიგაზე უკვე უნდა ეთამაშა, მაგრამ უეფას ლიცენზირება ვერ დააკმაყოფილა (აპენინზე ყველაფერი ხდება) და მის ნაცვლად ევროსარბიელზე მოსისხლე მტერი “სამპდორია” გავიდა. ჯამპიერო გასპერინის გუნდი ლიდერმა იაგო ფალკემ დატოვა, მაგრამ პირველ ათეულში დამკვიდრება ზღვისპირულ გუნდს მაინც არ უნდა გაუძნელდეს. რაც შეეხება “სამპდორიას”, ლიგურიელთა რიგებში ცვლიელებია – სინიშა მიხაილოვიჩი ვალტერ ძენგამ ჩაანაცვლა. გარდა ამისა, ფეხბურთელების მხრივაც ბევრი სიახლეა. მთავარი ამბავი კი მაინც ანტონიო კასანოს “მარასიზე” დაბრუნებაა. ექვსთვიანი უქმობისა და 5 წლიანი განშორების შემდგომ ფანტანტონიო იქ დაბრუნდა, სადაც ძალიან უყვართ. ზემოხსენებულ ევროპა ლიგას კი “სამპა” უკვე დაემშვიდობა – სერბულ “ვოივოდინასთან” სტუმრად 2:0 კი მოიგეს, მაგრამ მანამდე შინ 0:4 წაგება მოახერხეს და უსახელოდ გამოვარდნენ.

“ატალანტა”, “უდინეზე”, “ვერონა”, “კიევო”, “ბოლონია”, “ემპოლი”, “პალერმო” “სასუოლო” კი დაახლოებით ერთ ჭრილში უნდა განვიხილოთ – ამ გუნდებისგან გასაკვირი არც სიურპირზები უნდა იყოს და არც გასავარდნ ზონაში ყურყუტი... თუმცა “ჰელასის” შეტევის ხაზში ისეთ გვარებს ამოვიკითხავთ, როგორებიც ლუკა ტონი და ჯამპაოლო პაცინია. ანუ, ანდრეა მანდორლინის გუნდში კალჩოს ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი ფორვარდი ირიცხება...

დასასრულს, ისიც აღვნიშნოთ, რომ სერია A-ს ორი დებიუტანი ჰყავს “ფროზინონესა” და “კარპის” სახით. ამ გუნდთა შანსები კი ყველა დეტალის გათვალისწინებით არცთუ სახარბიელოდ გამოიყურება, თუმცა ჩვენ ხომ იტალიის სერია A-ს შესახებ ვსაუბრობთ...

თეგებისერია ა
0.204922