ფეხბურთი

19:04 | 15.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

გია ცეცაძე: “ასეთი ქომაგი არსად მინახავს”
“საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. დარწმუნებული ვარ, სხვაგან ასეთი ლამაზი თამაში არ იქნებოდა”

სტარტი აიღო საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესმა ლიგამ. პირველ ტურში ირაკლი სიხარულიძის დუბლის წყალობით “სამტრედიამ” ქობულეთის “შუქურას” დამაჯერებელი ანგარიშით მოუგო. გასულ სეზონთან შედარებით, იმერელთა შემადგენლობაში საკადრო ცვლილებები მრავლადაა, რომელიც ფეხბურთელების გარდა, სამწვრთნელო კონტიგენტსაც შეეხო. სამტრედიაში საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ყოფილ თავკაცს და ამჟამად ეროვნული ნაკრების მესაჭის კახა ცხადაძის თანაშემწეს გია ცეცაძეს უხმეს.

ცეცაძე კარგად მოსაუბრე ადამიანია. worldsport.ge მას დაუკავშირდა და საკმაოდ საინტერესო საუბარი გამოგვივიდა. ცეცაძის თქმით, სამტრედიაში ერთწლიანი გუნდი არ იქმნება და გრძელვადიანი გათვლები არსებობს. გარდა კლუბისა, ბატონ გიას საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისში გამართული ევროპის სუპერთასის შესახებაც დავეკითხეთ.

- პირველ ყოვლისა გილოცავთ პირველ ტურში გამარჯვებას. როგორ შეაფასებთ ქობულეთის “შუქურასთან” გამართულ მატჩს?

- დიდი მადლობა მოლოცვისთვის. რაც შეეხება თვითონ მატჩს, პირველი თამაში იყო და თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩემი გუნდის ფეხბურთელთა უმრავლესობას უმაღლეს ლიგაში თამაშის გამოცდილება არ გააჩნიათ, დადებითი თამაში ვაჩვენეთ. მთლიანობაში არც კარგი იყო და არც ცუდი, რადგან რაღაც ხარვეზები ჩვენს თამაშში შეინიშნებოდა.

- რა იქნება მიმდინარე სეზონში გუნდის მიზანი?

- “სამტრედიას” მიზანია განვითარდეს და საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს. ამას კი დრო სჭირდება, 3-4 წელი მაინც. ერთ დღეში გუნდს ვერ გააკეთებ. მესმის ყველა იმ ადამიანის ვისაც ევროტურნირებზე გასვლა უნდა, მაგრამ ასე უცებ არაფერი ხდება. ამ სეზონში კი ჩვენი მთავარი მიზანი შეთამაშება იქნება. რა თქმა უნდა, არც ისეთი გუნდი გვეყოლება, რომლის მიზანი მხოლოდამხოლოდ არგავარდნაა.

- როგორ შეფასებას მისცემდით თურქულ შეკრებას?

- საბოლოო ჯამში ნორმალური შეკრება გამოვიდა. ერთადერთი პრობლემა ის იყო, რომ თურქებმა მეტოქეები შეგვიცვალეს, თუმცა პირველი ლიგის გუნდებთანაც კარგი სპარინგები გამოვიდა, რადგან ჩვენ ახალი შეკრებილი გუნდი ვართ და შეთამაშების მხრივ უდაოდ წაგვადგა ის მატჩები.

- სატრანსფერო ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა. ხომ არ იგეგმება “სამტრედიაში” ახალი სახეების გამოჩენა?

- არა. ამ ეტაპზე გუნდის დაკომპლექტება დასრულებულია და ახალ ფეხბურთელებს აღარ დავიმატებთ. იანვარში კი ვნახოთ, რომელ პოზიციაზე დაგვჭირდება მოძლიერება...

- რამდენად გრძელვადიანი პროექტია სამტრედიაში?

- როდესაც გუნდის ხელმძღვანელობას პირველად შევხვდი გრძელვადიანი კონტრაქტი შემომთავაზეს. ცუდად არ გამიგოთ, მაგრამ სხვანაირად მუშაობას არც დავთანხმდებოდი, რადგან 6 თვეში და ერთ წელიწადში გუნდი ვერ კეთდება. რა თქმა უნდა, იდეალური მდგომარეობა ქვეყნის მსგავსად არც აქაა, მაგრამ სამტრედიაში ძლიერი გუნდის ჩამოყალიბების გეგმა არსებობს.

- “სამტრედიას” საკმაოდ ამბიციური ქომაგი ჰყავს, რომლებიც სტადიონს ყოველთვის ავსებენ. რას იტყვით მათზე და რას დაპირდებით?

- მე უკვე შევხდი გულშემატკივრებს. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი გულშემატკივრები არსად მინახავს. ისინი ვარჯიშებზეც კი დადიან, ხოლო თუ რა ხდებოდა “შუქურასთან” თამაშზე ამას სიტყვით ვერ აღვწერ. საერთოდ, ფეხბურთი გულშემატკივრებისაა და სამწუხაროდ ასეთი მდგომარეობა საქართველოში ბევრგან არაა, რაც გარკვეულწილად ფეხბურთის განვითარებას ხელს უშლის.

- საქართველოს ნაკრების შესარჩევ ჯგუფს 2018 წლის მუნდიალზე როგორ შეაფასებთ?

- ამ თემაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. თუმცა, ნორმალური ჯგუფია. თანაც, ისეთ გუნდებთან ვართ, ადვილი შესაძლებელია ურთიერთშეხვედრებში ბევრი ქულა დაიკარგოს, რაც რაღა თქმა უნდა, კარგია. ცხადაძემაც თქვა, რომ გუნდი იბრძოლებს. ჩვენი პროგრამა მინიმუმი მესამე ადგილზე გასვლა იქნება, ხოლო მაქსიმუმი მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოპოვება. მაგრამ ისეც არ გავიგოთ, რომ ადვილი ჯგუფია. ადვილი თამაში არავისთან გველის, თუმცა რა დასამალია და კარგია, რომ ჯგუფში გრანდი არ გვყავს.

- თბილისში ახლახან ჩატარებულ უეფას სუპერთასზე რას იტყვით?

- სამწუხაროდ თამაშს სტადიონიდან ვერ ვუყურე, რადგან სამტრედიაში ვიყავი. იმის თქმა შემიძლია, რომ ნამდვილი საფეხბურთო ზეიმი იყო, ისეთი, როგორიც აქამდე საქართველოში არ ყოფილა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, თუ როგორი ორგანიზებული იყო. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველო საფეხბურთო ქვეყნაა და სწორედ სტადიონზე შექმნილი საოცარი გარემოს გამოძახილი იყო ასეთი დიდებული თამაში. დარწმუნებული ვარ, სხვაგან რომ ჩატარებულიყო, ასეთი ლამაზი თამაშის ნაცვლად, ერთი ჩვეულებრივი მოსამზადებელი შეხვედრა იქნებოდა, თუმცა “დინამო არენაზე” შექმნილი ატმოსფერო ფეხბურთელებსაც გადაედოთ. მწვრთნელი ვარ და ვიცი, რას ნიშნავს კარგ გარემოში თამაში, რამხელა მუხტის მოტანა შეუძლია მას ფეხბურთელებისთვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11704