ბლოგი

12:35 | 15.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

იმედები სუპერთასის შემდგომ

თბილისში გამართულმა ევროპის სუპერთასის მატჩმა კიდევ ერთხელ ცხადყო ისედაც ცნობილი ამბავი, რომ საქართველო ჭეშმარიტად საფეხბურთო ქვეყანაა და ჩვენს ხალხს სპორტის ეს სახეობა როგორც იტყვიან სისხლხორცეულად უყვარს. ეს ფაქტი წესით სიგნალი უნდა იყოს მათთვის, ვინც იძახდა, რომ ჩვენთან ფეხბურთი უნდა დამთავრდეს, ფეხბურთში ფული აღარ უნდა ჩაიდოს და მისთანანი... ფაქტი ერთია – საქართველოში ფეხბურთი უყვართ და თუკი პოლიტიკოსებს ჩვენი ხალხის გულის მოგება სურთ, უნდა მივცეთ რეკომენდაცია, რომ დროის, ენერგიისა და თანხების ჩვენს ფეხბურთში ჩადება ნამდვილად ღირს!

თბილისს ბევრი დიდი კლუბი ახსოვს და რა თქმა უნდა კატალონიის “ბარსელონა” და “სევილია” არ არიან პირველი დიდი კლუბები, რომლებიც საქართველოს დედაქალაქს სწვევია. დიდი კლუბის სტუმრობა ავტომატურად იძლევა დიდი ფეხბურთის ხილვის იმედს და სწორედ ამიტომაც უყვართ ადამიანებს ფეხბურთი ასე ძალიან.

რა სჭირდება დიდი კლუბის საქართველოში ჩამოყვანას? პირველ ყოვლისა სჭირდება მონდომება, შრომა და კავშირები, რაც ფეხბურთის ფედერაციამ ნამდვილად მაღალ დონეზე შეასრულა და ახლა, როდესაც ფედერაციის პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა თანამდებობიდან მიდის, უფრო ღიად და გულწრფელად შეგვიძლია ამ კაცს და მის გუნდს სუპერთასისათვის მადლობა გადავუხადოთ.

ყველა თვითონ ირჩევს საფეხბურთო გემოვნებასა და პოლიტიკურ ორიენტაციას და მისი გადასაწყვეტია ფეხბურთის ფედერაციის წინა შემადგენლობის საქმიანობა მოეწონება თუ არა. ბევრ საკითხში ფეხბურთის ფედერაციის პოზიცია კრიტიკას იმსახურებდა (მაგალითად თუნდაც ჩვენი ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების რაოდენობის 16-მდე გაზრდა რად ღირს) და ეს კრიტიკა მათ არასოდეს აკლდათ, ბევრი რამ შეიძლება სულ სხვაგვარად გაკეთებულიყო, მაგრამ კარგი საქმეების დაუნახავობაც არ იქნება სწორი. მართლაცდა, პატარა ამბავი ხომ არაა, სუპერთასისთანა დიდი და მასშტაბური ღონისძიების მაღალ დონეზე მასპინძლობა მაშინ, როდესაც მსგავსი საერთაშორისო მასშტაბის მატჩი ჩვენს დედაქალაქში ჯერ არ ჩატარებულა.

რითიც დავიწყე ისევ იმას უნდა დავუბრუნდე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მომდევნო, ახალ შემადგენლობას, რომელსაც ფედერაციის ყრილობა აირჩევს, აქედანვე უნდა ვუთხრათ ქართველი ქომაგების უმთავრესი სურვილი, ოცნება და რა თქმა უნდა მოთხოვნა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ თბილისს დიდი მატჩები მოენატრა და ყველა ქომაგს სურს რომ მსგავსი თამაშები მომავალში კიდევ არაერთხელ გაიმართოს. ხოლო, თუკი მონაწილე გუნდთაგან ერთ-ერთი ქართული კლუბიც იქნება, მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გულშემატკივრების დიდი ხნის ოცნება ასრულდებული იქნება!

მხოლოდ იმედითა და მოლოდინით ველოდებით ფედერაციაში ხალხს, რომლებიც დაპირებებს უკვე იძლევიან და იმასაც ამბობენ, მთავრობას და ბიზნესს ბევრ ფულს დავცინცლავთ ჩვენი ფეხბურთის საკეთილდღეოდო. მხოლოდ მოლოდინითა და იმედით ვართ აღვსილნი, რომ ეს ყველაფერი ნამდვილად მოხდება და არ გამოდგება ცრუ დაპირებები, რაც ბევრი გვსმენია და გვახსოვს. ჩვენ რა თქმა უნდა ოპტიმისტი ხალხი ვართ!

0.114612