ფეხბურთი

23:43 | 14.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამოს” დამაჯერებელი სტარტი

საქართველოს უმაღლესი ლიგის 2015-16 წლის სეზონის პირველ ტურში “დინამო თბილისმა” თერჯოლის “საპოვნელას” უმასპინძლა.

თბილისელთა უპირატესობით მიმდინარე თამაში კარგი საცქერი გამოვიდა. გია გეგუჩაძის გუნდი გააზრებულ შეტევებს ახორციელებდა, სტუმრები კი თავს იცავდნენ, ცდილობდნენ კონტრშეტევების განხორციელებას, ამასთან იმერელთა რამდენიმე იერიში ძალიან სახიფათო გამოვიდა.

გასულ სეზონთან განსხვავებით “დინამო” უფრო მეტად გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს. ფეხბურთელებმა იციან, რა მიმართულებით განახორციელონ შეტევები, როგორ გააკონტროლონ ბურთი მეტოქის ნახევარზე. “დინამოს” თამაშში შემოქმედებისა და ტაქტიკური ცოდნის სინთეზი იგრძნობა.

მირიან გეწაძის გუნდმა დაცვითი ფეხბურთი ითამაშა. კლუბების ფინანასური და ინფრასტრუქტურული მდგომარეობიდან გამომდინარე “დინამოს” გამარჯვება მოსალოდნელი იყო. უმაღლეს ლიგაში აღზევებული “საპოვნელას” შესახებ ნათელი სურათის შექმნა რამდენიმე ტურის შემდეგ იქნება შესაძლებელი, დღეს კი გამოჩნდა, რომ თერჯოლელებს აქვთ რესურსი მწვავე კონტრშეტევების განხორციელების.

“საპოვნელას” რამდენიმე ეპიზოდში გოლის გატანის შანსი ჰქონდა, სტუმრები უფრო მეტად მეორე ტაიმში გააქტიურდნენ, ბურთი კარის ძელსაც მოარტყეს და გოლიც გაიტანეს, თუმცა თამაშგარე მდგომარეობა დაფიქსირდა.

“დინამოს” თამაშში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ალექსანდრე იაშვილი. მან წლების შემდეგ კვლავ გაიტანა გოლი “დინამოს” მაისურით ასპარეზობისას.

პირველი გოლისას ჯაბა ჯიღაურმა მეტოქის საჯარიმოს ხაზთან ახლოს ინდივიდუალურად კარგად ითამაშა, გიორგაძის კარისკენ დაბალი ბურთი დაარტყა და ანგარიში გახსნა. მეკარე გადახტა, თუმცა ბურთს ვერ შეწვდა.

მეორე გოლი 37 წლის ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. ჯიღაურის მსგავსად იაშვილმაც ინდივიდუალურად კარგად ითამაშა და ანგარიში ორამდე გაზარდა.

როგორც ტექნიკური, ასევე ფიზიკური მომზადების კუთხით გუნდებს შორის განსხვავება დიდი იყო. შესაბამისად გაიზარდა ანგარიში.

მესამე გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში თერჯოლელთა მცველების არადამაჯერებლ ქმედებებს მოჰყვა, საბოლოოდ კი თორნიკე ჯიმშელაშვილმა საკუთარ კარში გაიტანა.

66-ე წუთზე მსაჯმა მოედნიდან რენე ფერეირა გააძევა, რასაც მოედნიდან იაშვილის გასვლა და გიორგი გველესიანის შესვლა მოჰყვა. ამ მომენტს თამაშის შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. ბრაზილიელის გაძევებიდან მცირე დროში “დინამომ” მეოთხე გოლი გაიტანა.

მატჩის საუკეთესო გოლი 66-ე წუთზე ვახტანგ ჭანტურიშვილის ბრწყინვალე პასის შემდეგ ჯიღაურმა გაიტანა. ჭანტურიშვილმა პასი გარე ტერფით შეასრულა, საჯარიმოში კი ჯიღაურმა შანსი გამოიყენა.

მეოთხე გოლის შემდეგ “საპოვნელა” გააქტიურდა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოახერხა. მათი თამაშიდან გამომდინარე ანგარიშის ერთი ბურთით შემცირება ლოგიკური იქნებოდა, თუმცა სიზუსტეში მოიკოჭლებდნენ.

დინამო თბილისი – თერჯოლის “საპოვნელა” 4:0 (2:0)

თბილისი. “დინამო არენა”. 300 მაყურებელი.

დინამო: ჰრდლიჩკა (ბეგაშვილი 57), ცინცაძე, პარუნაშვილი, კაკაბაძე, კიტეიშვილი (ჭანტურიშვილი 53), ფერეირა, ჯიღაური, ჭელიძე, ქვილითაია, იაშვილი (გველესიანი 66), თევზაძე.

მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე

საპოვნელა: გიორგაძე, ბერუაშვილი, ბუხაიძე, ჯიმშელაშვილი, მაკარიძე (შალამბერიძე 76), ტყეშელაშვილი, ენდელაძე, შუღლაძე (ცქიფურიშვილი 46), რობაქიძე, ამბროლაძე (თავაძე 46), ბანძელაძე.

მთავარი მწვრთნელი: მირიან გეწაძე

გოლები: 1:0 ჯიღაური (26), 2:0 იაშვილი (38), 3:0 ჯიმშელაშვილი (ავტოგოლი 62), 4:0 ჯიღაური (66)

მთავარი მსაჯი: ჯენერი ხორავა

გაფრთხილება: რენე (18), რენე (64),

გაძევება: რენე (64)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.219823