ფეხბურთი

20:47 | 13.08.2015 | ნანახია [] - ჯერ

სეზონის სტარტი “საბურთალოს” გამარჯვებით

საფეხბურთო უმაღლესი ლიგის 2015-16 წლების სეზონი გაიხსნა. თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ნომინალურმა მასპინძელმა “ცხინვალმა” უმაღლეს ლიგაში აღზევებულ “საბურთალოს” უმასპინძლა.

სეზონის სტარტიდან გამომდინარე მატჩი კარგი საყურებელი გამოვიდა. გასათვალისწინებელია, რომ ფეხბურთელებს საკმაოდ მაღალი ტემპერატურის პირობებში მოუწიათ თამაში, რის გამოც ნონიკაშვილმა მატჩი რამდენჯერმე შეაჩერა და ფეხბურთელებს მცირე დასვენების საშუალება მისცა.

ორივე გუნდი ცდილობდა გააზრებული შეტევების განხორციელებას. მათ თამაშში არ იყო ქაოსი, ფეხბურთელები ზონებს არ ტოვებდნენ, დალაგებულად თამაშს ცდილობდნენ, რაც ჩვენი ჩემპიონატის დაბალი დონიდან გამომდინარე დადებითი მომენტია.

შეხვედრის პირველი ტაიმი “ცხინვალის” უპირატესობით მიმდინარეობდა, მიწურულს კი გოლი გავიდა. კაჭარავამ ქურდაძეს მახვილი კუთხიდან დაურტყა, მოგერიებულ ბურთზე ცაცკრიალაშვილმა ზუსტად ითამაშა და ანგარიში გახსნა.

პირველ ტაიმში ჭიაბრიშვილის გუნდიდან ხარაიშვილი და გოშთელიანი აქტიურობდნენ, თუმცა მეორე ტაიმში მათი თამაში გაცილებით უფრო ეფექტური და დამაჯერებელი გამოვიდა. სწორედ ხარაიშვილისა და გოშთელიანის გოლებით მოხერხდა ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი გამარჯვება.

“საბურთალო” კარგად იყენებდა ფლანგებს, მისი მცველები ცდილობდნენ შეტევაში ჩართვას. ამ კუთხით გიორგი ჭიაბრიშვილმა “ზესტაფონში” მუშაობის დროსაც დატოვა კვალი. წლების წინ, “ზესტაფონიდან” გია გეგუჩაძის წასვლის შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილის “ზესტაფონი” უფრო ეფექტურად იყენებდა ფლანგებს. თანამედროვე ფეხბურთში აუცილებელია განაპირა მცველები და ნახევარმცველები დაცვითი და შეტევით ფუქნციების შესრულებას ახერხებდნენ.

მეორე ტაიმი “საბურთალოს” შეტევებით დაიწყო. ბურთის ფლობის უპირატესობა სტუმართა მხარეს გადავიდა. “საბურთალოს” მოთამაშეები ბურთს სწორად ანაწილებდნენ, ზედმეტ გადაცემებს არ აკეთებდნენ, რასაც ლოგიკური გოლი მოჰყვა. მე-60 წუთზე გოშთელიანმა საჯარიმოს გარედან ძლიერად დაარტყა მარცხენა დაბალ კუთხეში და გაიტანა.

გოლის შემდეგ თამაში გათანაბრდა, თუმცა გუნდებს რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ.

85-ე წუთზე ხარაიშვილი “ცხინვალის” საჯარიმოში შეიჭრა, მაისაშვილთან ბრძოლაში წაიქცა, ნონიკაშვილმა კი თერთმეტმეტრიანი დანიშნა. ამასთან მაისაშვილი გააფრთხილა. თერთმეტმეტრიანი დაზარალებულმა ზუსტად გამოიყენა.

გოლის შემდეგ მსაჯმა კახა კაჭარავა გააძევა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი უსამართლოდ მიიჩნია. სიმართლის გამოსარკვევად იდეალური ვარიანტია ეპიზოდის განმეორებით ნახვა.

მსაჯის გადაწყვეტილების მართებულობა-არამართებულობის მიუხედავად გამოცდილ კახა კაჭარავას მეტი თავშეკავება მართებდა.

“საბურთალომ” უმაღლეს ლიგაში თამაში წარმატებით დაიწყო, “ცხინვალი” კი ანგარიშგასაწევ მეტოქესთან დამარცხდა.

ცხინვალი – საბურთალო 1:2 (1:0)

თბილისი, მიხეილ მესხის სათადარიგო მოედან, 250 მაყურებელი

ცხინვალი: ნადირაძე, ჭაფოძე, კაკუბავა, მაისაშვილი, ჯაფარიძე, ქარდავა, მახარობლიძე (ბურძენაძე 80), ლექვთაძე (შულაია 52), ივანიშვილი, ცაცკრიალაშვილი, კაჭარავა.

მთავარი მწვრთნელი: კახა კაჭარავა

საბურთალო: ქურდაძე, თოთაძე, მარგველაშვილი, მამუჩაშვილი (ფანცულაია 50), გოშთელიანი, ხარაიშვილი, დვალი, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, გვარაძე, სოფრომაძე (ნადარაია 56)

მთავარი მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

გოლები: 1:0 ცაცკრიალაშვილი (45+2), 1:1 გოშთელიანი (60), 1:2 ხარაიშვილი (პენ 87)

მთავარი მსაჯი: არსენ ნონიკაშვილი

გაფრთხილება: გოშთელიანი (55), მაისაშვილი (85), თოთაძე (90).

87-ე წუთზე მსაჯმა “ცხინვალის” მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა გააძევა

დღის მეორე მატჩში საჩხერის “ჩიხურამ” “ლოკომოტივს” 1:0 მოუგო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.200626