კალათბურთი

15:00 | 28.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზარი ზუპანთან
სლოვენიელებმა გამოცდილი ცენტრი დააბრუნეს

როგორც სჩანს, სლოვენიის საკალათბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იურე ზდოვცმა ამერიკელი ბრაიან დანსტონის ნატურალიზების იმედი საბოლოოდ დაკარგა და მის შემცვლელად გამოცდილ მიჰა ზუპანს უხმო.

შეგახსენებთ, რომ სლოვენიის ეროვნულ გუნდს, რომელიც ევრობასკეტ-2015-ზე საქართველოს ნაკრების ერთე-ერთი მეტოქეა, მომავალი ბატალიების წინ არაერთი პრობლემა შეექმნა.

ცხადია, უმთავრესი ნაკრების 29 წლის კაპიტან გორან დრაგიჩის საქციელია, რომელმაც საკლუბო სეზონისთვის უკეთ მომზადების მიზეზით, ევროპის ჩემპიონატზე თამაშზე უარი განაცხადა.

ახლა, მე-2 საკითხზეც. ჯერ კიდევ ივნისის დასაწყისში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ზდოვცი ცენტრის/მძიმე ფორვარდის პოზიციის ამერიკელი კალათბურთელით გაძლიერებას გეგმავდა და მიზანში პირეოსის “ოლიმპიაკოსის” ერთ-ერთი ლიდერი ბრაიან დანსტონი ჰყავდა ამოღებული.

სლოვენიის ნაკრების მაისურის მორგებაზე წინასწარი თანხმობა დანსტონმაც განაცხადა, თუმცა, საქმის მოკვარახჭინება თავად სლოვენიელებმა ვერ შესძლეს. როგორც ირკვევა, გარკვეული პროცედურების გამო, ამერიკელისთვის პასპორტის გადაცემა ვერ ესწრება და თუკი რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, მისი ნატურალიზება უკვე გამორიცხულია.

ეტყობა, გაურკვევლობაში ყოფნა ნაკრების დამრიგებელსაც მოსწყინდა და სასწრაფო წესით შეკრებაზე ვეტერანი მიჰა ზუპანი გამოიძახა, რომელსაც თამაში როგორც ცენტრის, ასევე მძიმე ფორვარდის პოზიციაზე შეუძლია. 32 წლის კალათბურთელს წარსულში ნაკრების თითქმის არცერთი დიდი ტურნირი არ გამოუტოვებია და ამჯერად, მისი გუნდს მიღმა დატოვება მოულოდნელადაც სჩანდა, თუმცა, მიჰას იღბალმა მაინც გადმოხედა.

საინტერესოა, რომ ზუპანი ოჯახთან ერთად დასასვენებლად იყო და ზდოვცის ზარს ჰოლანდიიდან უპასუხა, სადაც 1 კვირით იყო ჩასული, თუმცა, წამითაც არ უფიქრია და მყის ბარგის ჩალაგება დაიწყო. ისიც ვთქვათ, რომ მიჰას კარიერის განმავლობაში “სლოვანის”, “ოლიმპიას”, ბერძნული “ტრიკალას”, რუსული “სპარტაკის” და თურქული “ტურკ ტელეკომის” ღირსება დაუცავს, ამჟამად კი, თურქეთშივე “უშაკ სპორტიფში” ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტ-2015 5-20 სექტემბერს ერთბაშად ოთხ ქვეყანაში შედგება. საქართველოს და სლოვენიის ნაკრებები ზაგრებში დაგეგმილ C ჯგუფში ითამაშებენ, სადაც მათი მეტოქეები მასპინძელი ხორვატია, საბერძნეთი, მაკედონია და ჰოლანდიაც იქნებიან. საქართველოს და სლოვენიის ნაკრებთა მატჩი 6 სექტემბერს გახლავთ დაგეგმილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113722