ავტოსპორტი

2:38 | 27.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფეტელმა უნგრეთში გამარჯვება ბიანკის ხსოვნას მიუძღვნა

ფორმულა 1-ის მოყვარული უნგრულ ეტაპს იმის იმედით ელოდა, რომ „მერსედესის“ პილოტთა ჰეგემონიის შეწყვეტას იხილავდა. პრაქტიკების და კვალიფიკაციის შემდეგ კი ყველა იმედი გადაიწურა - ლუის ჰამილტონმა ყველა იმაზე მეტად დაჩრდილა, ვიდრე სჩვევია, ნიკო როსბერგი კი ტექნიკის პრობლემების მიუხედავაც მეორე იყო. მაგრამ რბოლისას, სტარტიდანვე ყველაფერი თავდაყირა დადგა.

ფეტელმა სტარტზევე ჰამილტონიც ჩამოიტოვა და ნიკო როსბერგიც. მას მხარი კიმი რაიკონენმაც აუბა, რომელმაც პირველ მოსახვევამდე, დანიელ რიკარდო და ჰამილტონი ჩამოიტოვა, შემდეგ კი როსბერგიც ზედ მიაყოლა. პირველივე წრეზე, როსბერგს ჰამილტონმაც შეუტია, მაგრამ ამან შეტევა მოიგერია და საბოლოოდ, ჩემპიონი გრუნტზე აღმოჩნდა. სანამ გზას დაუბრუნდებოდა, რამდენიმე პოზიცია კიდევ დაკარგა.

28 წრე და საბურავების ერთი კომპლექტის შეცვლა დასჭირდა ჰამილტონს იმისათვის, რომ ლიდერთა შორის დაბრუნებულიყო. ეს კი მას შემდეგ მოხდა, რაც რიკარდოს გარე რადიუსით გაასწრო. ამ დროს წინ ისევ „ფერარის“ წყვილი იყო, მაგრამ მოულოდნელად, რაიკონენს ტემპი შეუმცირდა. მალე რადიოთი თავისიანებს აცნობა, სიმძლავრე არ მყოფნისო. ბოქსებში კი ტელემეტრიით დაადგინეს, რომ კერს-ი (კინეტიკური ენერგიის აღდგენის სისტემა) არ მუშაობდა. მალე ფინელს წრეზე ჩამორჩენილმა ფერნანდო ალონსომ გაასწრო. გამარჯვებაზე მისი ოცნება აქ დასრულდა...

ამასობაში კი ჰამილტონმა როსბერგთან ჩამორჩენის შემცირება დაიწყო. ამაში მას რბილი საბურავები ეხმარებოდა. მისგან განსხვავებით, წინ მყოფები მედიუმებით იყვნენ. მაგრამ მოულოდნელად, ნიკო ჰულკენბერგს ავარია მოუვიდა - პირველ მოსახვევში დამუხრუჭებისას, წინა ფრთა უცებ „ჩავარდა“ და ნამსხვრევებად იქცა. რაც მთავარია, ჰულკენბერგმა ვეღარ დაიმორჩილა მანქანა და საბურავების ზღუდეს დაეჯახა. ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა.

რესტარტზე (49-ე წრე) როსბერგმა ადვილად გაასწრო რაიკონენს, რომელიც მალე სხვებმაც ჩამოიტოვეს. პირველ მოსახვევში კი ჰამილტონს რიკარდომ გაუარა. ბრიტანელმა სცადა პოზიციის დაბრუნება, მაგრამ შეტევისას მანქანის ცხვირი დაუზიანდა და ამის გამო, ბოქსებში დაუგეგმავი ვიზიტი დასჭირდა. მალე კი იქ კვლავ შეიარა - სტიუარდებმა რიკარდოსთან შეჯახებაში დაადანაშაულეს და პიტლეინზე გავლით დასაჯეს. და ამის მიუხედავად, ჰამილტონმა როგორღაც მე-6 ადგილის დაკავება მაინც შეძლო.

მასზე მეტად კი როსბერგს არ გაუმართლა. და ამჯერადაც რიკარდოს გამო. ამ რბოლაში ავსტრალიელს სამი შეჯახება ჰქონდა და მესამე სწორედ როსბერგთან მოუვიდა. 64-ე წრეზე რიკარდომ როსბერგს შეუტია, რომელიც თავის მხრივ, ფეტელის გასწრებას ცდილობდა. „რედ ბულის“ პილოტმა პირველ მოსახვევში მიზანს მიაღწია, მაგრამ მეტისმეტად გვიან დაამუხრუჭა და ტრაექტორიას ასცდა. როსბერგმა პოზიციის დაბრუნება სცადა და მიზანსაც მიაღწია, მაგრამ მანევრის დასრულებისას, რიკარდოსთან შეჯახება მოუვიდა. ორივეს დაუზიანდა მანქანა, მაგრამ როსბერგმა უფრო იზარალა, რადგან მას უკანა საბურავი გაუსკდა და ამის გამო, ტემპი დააგდო. საბოლოოდ, ორივეს მოუწია ბოქსებში შესვლამ. ამაზე ავსტრალიელმა მხოლოდ ერთი პოზიცია (მეორე) დაკარგა და ისიც თანაგუნდელ დანილ კვიატს დაუთმო. როსბერგმა კი ათეულის კუდში გადაინაცვლა.

ფეტელმა ამ სეზონში მეორე გამარჯვება იზეიმა და ის რამდენიმე დღით ადრე გარდაცვლილ ჟულს ბიანკის ხსოვნას მიუძღვნა. კვიატმა კარიერაში პირველად შეძლო კვარცხლბეკზე ასვლა და პირველად იგემა პრიზიორის შამპანურის შხაპი. მეოთხე ადგილი მაქს ფერსტაპენმა დაიკავა, ვისთვისაც ეს ფ1-ში საუკეთესო შედეგია. მეხუთეზე კი ალონსო გავიდა, რაც ამ სეზონში „მაკლარენის“ საუკეთესო შედეგია. უფრო მეტიც, ამ სეზნში პირველად, უოკინგელთა ორივე პილოტმა შეძლო რბოლის ქულებში დასრულება - ჯენსონ ბატონმა მე-9 ადგილი დაიკავა.

უნგრეთის დიდი პრიზი

ჰუნგარორინგი, დისტანცია 306.630 კმ (4.381 კმ, 69 წრე)

  1. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:46:09.985
  2. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) +00:15.748
  3. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) 00:25.084
  4. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) 00:44.251
  5. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 00:49.079
  6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 00:52.025
  7. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) 00:58.578
  8. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) 00:58.876
  9. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 01:07.028
  10. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) 01:09.130
  11. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) 01:13.458
  12. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) 01:14.278
  13. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) 01:20.228
  14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) 01:25.142
  15. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) 2 წრე
  16. გ. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) 4 წრე
  17. გ. კარლოს საინსი (ესპანთი, ტორო როსო) 9 წრე
  18. გ. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 14 წრე
  19. გ. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 16 წრე
  20. გ. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) 28 წრე

შენიშვნა: გ - გამოეთიშა

უსწრაფესი წრე: დანიელ რიკარდო - 1:24.821, 68-ე წრე

მრბოლთა კლასიფიკაცია

ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) – 202 ქულა; 2. ნიკო როსბერგი (გერმანია, მერსედესი) – 181; 3. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) – 160; 4. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, უილიამსი) – 77; 5. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) – 76; 6. ფელიპე მასა (ბრაზილია, უილიამსი) – 74; 7. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რედ ბული) – 51; 8. დანილ კვიატი (რუსეთი, რედ ბული) – 45; 9. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ფორს ინდია) – 24; 10. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ლოტუსი) – 23; 11. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, ტორო როსო) – 22; 12. ფელიპე ნასრი (ბრაზილია, ზაუბერი) – 16; 13. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) – 15; 14. პასტორ მალდონადო (ვენესუელა, ლოტუსი) – 12; 15. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) – 11; 16. კარლოს საინსი (ესპანთი, ტორო როსო) – 9; 17. ჯენსონ ბატონი (ბრიტანეთი, მაკლარენი) – 6; 18. მარკუს ერიქსონი (შვედეთი, ზაუბერი) – 6; 19. რობერტო მერი (ესპანეთი, მენორი) – 0; 20. უილ სტივენსი (ბრიტანეთი, მენორი) - 0

კონსტრუქტორთა თასი

მერსედესი - 383 ქულა; 2. ფერარი - 236; 3. უილიამს-მერსედესი - 151; 4. რედ ბულ-რენო - 96; 5. ფორს ინდია-მერსედესი - 39; 6. ლოტუს-მერსედესი - 35; 7. ტორო როსო-რენო - 31; 8. ზაუბერ-ფერარი - 22; 9. მაკლარენ-ჰონდა - 17; 10. მენორ-ფერარი - 0

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113232