ფეხბურთი

12:59 | 23.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ხიზანიშვილი: “ბილბაოელებზე მას შემდეგ ვიფიქრებთ, რაც “ჰაფნარფიორდურს” გავივლით”

ბაქოს “ინტერის” მცველის ზურაბ ხიზანიშვილის აზრით, უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო მატჩში სტუმრად ისლანდიის “ჰაფნარფიორდურის” დამარცხების (2:1) მიუხედავად, ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

- 23 ივლისს, ევროპა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო “ჰაფნარფიორდურს” ეთამაშებით. როგორ ემზადებით?

- მომავალი თამაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამიტომ, სერიოზულად ვემზადებით. სტუმრად გავიმარჯვეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ წყვილში გაამრჯვებულის ვინაობა გარკვეულია. ჩვენ მეორე 90 წუთიც უნდა მოვიგოთ. კონცენტრირებული ამაზე ვართ.

- მეტოქეს უკვე კარგად იცნობთ. “ჰაფნარფიორდურის” შესახებ რა აზრის ხართ?

- ისლანდიური გუნდი ძლიერია. მასპინძლები პენალტამდე კარგად თამაშობდნენ, ხოლო მას მერე რაც მეტოქის ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო, უპირატესობას ჩვენ დავეუფლეთ. ამით მაქსიმალურად ვისარგებლეთ და გავიმარჯვეთ. იმ მატჩის წაგებაც შეგვეძლო. “ჰაფნარფიორდური” განსაკუთრებით კარგად ფიზიკურადაა მზად.

- მომავალ მატჩში “ინტერი” სტუმრად ანგარიშში მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას შეეცდება თუ გამარჯვებისთვის იბრძოლებს?

- ასეთი მატჩები ორმოქმედებიანი სპექტაკლივითაა. პირველ მოქმედებაში ჩვენ გავიმარჯვეთ. თუმცა, ბაქოს მატჩში დაცვაში ჯდომას არ ვაპირებთ. დაცვიდან თუ ვითამაშებთ, გაგვიჭირდება. შევეცდებით ჩვენი თამაში ვაჩვენოთ. საჭირო შედეგს უნდა მივაღწიოთ. მეტოქის შეუფასებლობა არ შეიძლება. ეს ფეხბურთია, სადაც წინასწარ ვერაფერს იტყვი. გოლს თუ გავიტანთ, თამაშის მსვლელობა შეიცვლება, მაგრამ დაცვაში არც ამ შემთხვევაში “ჩავჯდებით”.

- პირველ მატჩში გაშვებულმა სწრაფმა გოლმა თქვენში შეშფოთება ხომ არ გამოიწვია, რომ ბრძოლას გამოეთიშებოდით?

- ისლანდიაში შესაძლოა ყველაფერი მომხდარიყო. ვიმეორებ, რომ ფეხბურთში როგორც მოგება, ასევე წაგება შეგიძლია. მთავარია, რომ გუნდმა თავისი თამაში აჩვენა, არ გატყდა, ბოლომდე იბრძოლა და შედეგი მოიმკა.

- ბევრს მიაჩნია, რომ მომდევნო ეტაპზე ბილბაოს “ატლეტიკს” სწორედ “ინტერი” შეხვდება. ფეხბურთელებიც ასე ფიქრობენ?

- ამის კარგი შანსი გვაქვს. თუმცა, ჯერ ვერ ვიტყვი, რომ ბარიერს გადავახტით. ბილბაოელებთან შეხვედრაზე მას შემდეგ ვიფიქრებთ, რაც “ჰაფნარფიორდურს” ბრძოლას ჩამოვაშორებთ. ახლა ამაზე საუბარი ადრეა.

- გუნდს ამ ამოცანის შესასსრულებლად თავდაჯერება აქვს?

- გუნდი დაახლოებით 90 პროცენტით განახლდა. მთავარი მწვრთნელიც შეიცვალა. ხელოვნური მოედანი, იმ ფაქტმა, რომ ფეხბურთელები ცოტა ხნის წინ შეიკრიბნენ და შეკრება ვერ გავიარეთ, თავისთავად პრობლემები შეგვიქმნა. ბუნებრივია, ყოველ თამაშში ეს პრობლემები გვარდება. ჩვენ უკვე ერთად რამდენიმე მატჩი ვითამაშეთ და ერთმანეთს ვიცნობთ. მოტივაცია გაგვიჩნდა და ამან შედეგი უნდა მოიტანოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118775