ფეხბურთი

12:45 | 12.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

სრული განუკითხაობა ვაკის პარკში

ევროპის 2015 წლის სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 22 ივნისს უნდა დაწყებულიყო, თუმცა Biletebi.Ge-ს სუსტმა სერვერმა მომხმარებელთა დიდ რაოდენობას ვერ გაუძლო და მწყობრიდან მალევე გამოვიდა. ბევრი მცდელობის მიუხედავად, ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა ვერ მოხერხდა და ბილეთების ონლაინ გაყიდვა კრახით დასრულდა.

ამის შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უეფასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბილეთები “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონის სალაროებში გაიყიდებოდა.

ის ფაქტი, რომ შეხვედრის ორგანიზებასთან დაკავშირებით ყველაფერი იდეალურ მდგობარებაობაში არ გახლდათ ბილეთების ონლაინ გაყიდვამაც დაადასტურა, თუმცა ის რაც დღეს მოხდა, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა ჯგუფების შედგენა დაიწყეს. თითო ჯგუფში 50 ადამიანი შედიოდა და ყოველი ჯგუფი სათითაოდ გახლდათ დანომრილი. აღნიშნულ ფაქტზე რეაგირება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ მოახდინა და განაცხადა, რომ ეს ჯგუფები ფედერაციასთან კავშირის გარეშე გახლდათ შექმნილი და მათ არავინ სცნობდა. გაყიდვები მოხდებოდა ცოცხალი რიგის მიხედვით, რომელშიც ყოველი მოქალაქე თანაბარ პირობებში იქნებოდა.

თუმცა, ყველაფერი სიჭინავას ნათქვამის საპირისპიროდ მოხდა. გუშინ ღამის 23:00 საათიდან ვაკის პარკის ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი და ყურადღებით ვადევნებდი თვალს იქ განვითარებულ მოვლენებს. გაწევ-გამოწევა, ყვირილი, ლანძღვა და გინება მიდიოდა რიგებში, სადაც მოქალაქეები ცდილობდნენ ჯგუფებში ჩაწერილიყვნენ. რამდენჯერმე, უკანა რიგებიდან წინ მდგომ პირებს სხვადასხვა საგნები ესროლეს: მაგალითად ბოთლი. ყოველივე ამაზე რეაგირება არავის მოუხდენია. პატრული ღამით ვაკის პარკის გარე ტერიტორიას აკონტროლებდა, ხოლო ჯგუფებში ჩაწერისთვის "მებრძოლი" რიგები ნებაზე იყო მიშვებული.

მე და ჩემმა მეგობრებმა ვაკის პარკში წამოსვლამდე სიჭინავას განცხადება მოვისმინეთ, რომელიც ამბობდა, რომ ეს ჯგუფები აბსურდი გახლდათ და ცოცხალ რიგებში ყველა მოქალაქე თანაბარ პირობებში იყო. შესაბამისად, იმ აყალ-მაყალს გავერიდეთ და დილამდე იქვე გადავწყვიტეთ მოცდა.

რაც უფრო ახლოვდებოდა 9 საათი, უფრო იძაბებოდა ვითარება. ჩვენ, როგორც თითქმის ყველა გულშემატკივარი ვაკის პარკის გასასვლელისკენ გადავიწიეთ, სადაც დაახლოებით 07:30 წუთზე რამდენიმე პირთან შელაპარაკება მოგვივიდა. მათ კითხვაზე, თუ რომელ ჯგუფში ვიყავით, ვუპასუხე, რომ ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით ცოცხალი რიგი ჯგუფების მიხედვით არ იქმნებოდა, რის პასუხადაც სიჭინავა ძალიან ცუდ კონტექსტში მოიხსენიეს და შემდგომ ეს დაამატეს: "აქ ჩვენ ვწყვეტთ ყველაფერს და მაგათ არავინ არაფერს ეკითხება, ვისაც ბილეთი უნდა რიგი უნდა დაიცვას, ისე ვერავინ ვერ იყიდის და ხელს ნურავინ შეგვიშლის”. დიახ, ჩემს მშვიდ კითხვას ასეთი აგრესიული პასუხი მოჰყვა. კამათი გრძელდებოდა, საბოლოოდ სიტუაცია აღარ გავამწვავეთ და ოდნავ უკან გადავიცვლე, სადაც პატრულის რამდენიმე თანამშრომელს გავესაუბრე.

ისინი ამბობდნენ, რომ ამხელა რიგს უბრალოდ ვერაფერს უზამდნენ და ხალხს ვერ დაშლიდნენ. შესაბამისად, ბილეთების გაყიდვა ჯგუფების რიგის მიხედვით მოხდებოდა. დანარჩენი დეტალი მათ არ იცოდნენ. ეს უკვე სიჭინავას განცხადების საპირისპირო ნასაუბრები გახლდათ. გამოვიდა, რომ ფედერაციის პრეზიდენტმა ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომაში შეგვიყვანა, რომლებიც პირადად ვიხილე და რამდენი მათგანს გავესაუბრე კიდევ. ისინი ძალიან უკმაყოფილო იყვნენ ფედერაციის მუშაობით და აცხადებდნენ, რომ მათ არაფრის ძალა შესწევდათ და სიმართლე რომ ითქვას, ეს აზრი რეალობასთან საკმაოდ ახლოსაა. ბილეთების გაყიდვამდე პრეზიდენტი ამბობს, რომ ისინი ჯგუფებს არ ცნობენ, ხოლო მეორე დღეს ხდება საპირისპირო და ხალხი ამბობს: “ვინ არის სიჭინავა? ჩვენ რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ”. ნამდვილად გაუგონარი ფაქტია, როდესაც ოფიციალური ორგანოს მმართველი, რომელსაც აღნიშნული ტურნირის ორგანიზება საკუთარ თავზე აქვს აღებული, უბრალო მოქალაქეებთან ვერაფერს ხდება და ყველაფერი ისეა, როგორც გულშემატკივრის რაღაც ნაწილს სურს.

ზოგიერთი იძახდა, რომ სამი დღეა იქ ათენებდა და აღამებდა, თუმცა ამის გამო მათთვის რაიმე უპირატესობის მინიჭება არა სამართლიანი ისეთ ხალხთან , რომლებიც მუშაობენ, სწავლობენ (გამოცდები ემთხვევა ამ პერიოდში), რაიონებში ცხოვრობენ და რომლებიც ბევრი მიზეზის გამო დედაქალაქში ჩამოსვლას რამდენიმე დღით ადრე ვერ მოახერხებდნენ. იდეაში, ყოველივე ეს სიჭინავას გათვლილი ჰქონდა, თუმცა დღეს ყველაფერმა საპირისპიროდ ჩაიარა.

ფეხბურთის ფედერაცია და მათი მოვალეობები ერთი საკითხია, ხოლო მეორე თავად ქართველი ხალხის ქცევაა. მთავარ რიგთან ოდნავ მოშორებით ვიდექი და დავინახე, რომ რამდენჯერმე სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფამდე მივიდა საქმე. ამაზე არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ სამართალდამცავებს, რომლებიც იმ დროისთვის უკვე მრავლად იყვნენ ვაკის პარკის ტერიტორიაზე. იყო შემთხვევები, როდესაც რიგში მყოფმა ადამიანებმა პოლიციის კორდონის შემორღვევა სცადეს და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს.

აღარაფერს ვიტყვი იმაზე, თუ როგორ გამოიყურებოდა პარკი. ევროპული ქვეყნის წარმომადგენელმა რომ იქ შეიხედოს, იფიქრებს ნამდვილი საღორეაო და რთულია, რომ არ დავეთანხმოთ. ცარიელი ბოთლები, პარკები, ქილები, კარტები და სხვა ათასგვარი რამ ეყარა ვაკის პარკში, რომელშიც უამრავი ნაგვის ურნაა და მათგან ორ ნაბიჯში ეყარა ეს ყველაფერი.

ყოველივე ამას, გაგრძელება ნამდვილად ექნება, რადგან ეს ამბები მხოლოდ 11:00 საათამდე მოხდა. ბილეთების გაყიდვა კი დღის ბოლომდე გაგრძელდება და ალბათ სამწუხარო ამბების შემსწრენი კიდევ გავხდებით.

ერთია, როდესაც ფეხბურთის ფედერაცია და ქვეყანა ასეთი რანგის ტურნირის ჩატარებას კისრულობს, მათ გაცილებით მეტი მოეთხოვებათ და მიუღებელია, რომ ასეთი დონის მატჩზე დასწრება-არდასწრების საკითხი რიგითი გულშემატკივრების რაღაც ნაწილის სურვილის ხარჯზე გადაწყდეს. ასევე გაუგებარია, თუ რატომ მოხდა ბილეთების გაყიდვა მხოლოდ ერთი სტადიონის სალაროებში. გაცილებით ეფექტური იქნებოდა, თუ ბილეთები “დინამო არენასა” და “მიხეილ მესხის” სალაროებში გაიყიდებოდა. რიგები საგრძნობლად ნაკლები იქნებოდა და უფრო კომფორტულად წარიმართებოდა გაყიდვის პროცესი.

სიჭინავას და კამპანიას ნამდვილად მეტი შემართება მართებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა 11 აგვისტოს სერიოზული კრახის წინაშე აღმოვჩნდნეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ დღეს ყველაზე ხშირად გულშემატკივრისგან ასეთი ფრაზები ისმოდა: “ასეთი ტურნირი აქ პირველად და უკანასკნელად ტარდება”

P.S. ერთადერთი დადებითი, რაც შეიძლება ვთქვათ ისაა, რომ შეზღუდული უნარის შესაძლებლობების მქონე მოქალაქეები და მოხუცები ყოველგვარი რიგის გარეშე გაატარეს.

0.112527