ძიუდო

19:38 | 5.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკების ევროტრიუმფი

საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართული ევროპირველობის დასკვნით, მესამე დღეს კონტინენტის ჩემპიონ-პრიზიორები გუნდურ ჩათვლაში გამოვლინდნენ და მინდია ბოდაველისა და ირაკლი ცირეკიძის გაწვრთნილმა ვაჟთა ნაკრებმა ყველა მეტოქეს დამაჯერებლად აჯობა.

ევროკონკურენციაში სულ 19 ქვეყნის ნაკრები ჩაერთო. ქართველებმა მერვედფინალით დაიწყეს, სადაც იტალიელებს 4:1 მოუგეს. ასეთივე ანგარიშით იმარჯვეს ოქროს გზაზე დარჩენილ ყველა შეხვედრაში. მეოთხედფინალში - გერმანიასთან, ნახევარფინალში – უკრაინასთან და ფინალში – ჰოლანდიასთან.

გადამწყვეტ ბრძოლაში ოქროს მედლის ბედი პირველი სამი წონითი კატეგორიის დაპირისპირებაში გადაწყდა. რობინზონ ბეგლარაშვილმა (60 კგ), ბაგრატ ნინიაშვილმა (66 კგ) და ლაშა დუდაშვილმა (73 კგ) თავიანთი შეხვედრები მოიგეს და ანგარიში 3:0 გახდა. გოგა ქევხიშვილი (81 კგ) დამარცხდა, გელა ზაალიშვილმა (+81 კგ) კი საბოლოო სამქულიანი უპირატესობა დააფიქსირა.

მესამე საპრიზო ადგილები რუსეთმა და საფრანგეთმა დაიკავეს.

დღესვე, მედლები გოგონებს შორისაც გათამაშდა და ტატამზე საქართველოს ნაკრებიც გავიდა, მაგრამ საწყის ეტაპზევე 1:4 წააგო მომავალ ფინალისტთან – ხორვატიასთან. რეპეშაჟში გამოსვლა კი გია თენაძის შეგირდებმა საფრანგეთთან შეხვედრით დაიწყეს და დაასრულეს (1:4) და საბოლოოდ მე-9 ადგილს დასჯერდნენ.

პოდიუმის უმაღლეს საფეხურზე რუსეთის ნაკრები ავიდა, ფინალში ხორვატიის ძლევით. ბრინჯაოს მედლებს კი სერბები და ფრანგები დაეუფლნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102519