ფეხბურთი

19:55 | 3.07.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დინამომ” ინციდენტი დაგმო                

“დინამოსა” და “გაბალას” მატჩთან დაკავშირებით ქართველთა მხრიდან აზერბაიჯანელთა დროშის შეურაცხყოფას გამოეხმაურა “დინამო თბილისის” ოფიციალური ვებგვერდი.

“პირველ რიგში გვინდა დავაფიქსიროთ, რომ კლუბი სრულიად ემიჯნება და გმობს გუშინდელ ინციდენტს, სადაც ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას და შემდეგ საქართველოს მეგობარი ქვეყნის სიმბოლიკის შეურაცჰყოფას. ჩვენს ხელს არსებული ინფორმაციით, დანამდვილებით შეგვიძლია ვთვათ, რომ კლუბთან ასოცირებული ფანკლუბის – გლადიატორების წევრებს ამ ინციდენტთან კავშირი არ ჰქონიათ.

მოვლენები არენას ტერიტორიის გარეთ მოხდა და შესაბამისად – “დინამო თბილისი”, როგორც ორგანიზატორი მხარე ამ ფაქტზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს. რაც შეეხება მეორე იარუსზე გადმოფენილ ერთ-ერთ ბანერს, მის შესახებ სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა მიიღო ოპერატიული ზომები და მოხდა ამ ბანერის ტრიბუნიდან მოცილება.

აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ მატჩის ოფიციალურ პროგრამაში ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ თუ როგორი დატვირთვა აქვს აზერბაიჯანულ ფეხბურთს “დინამოს” ისტორიაში და თუ როგორი პატივია ჩვენთვის მეზობელი ქვეყნის გუნდის წინააღმდეგ ასპარეზობა. იმედს ვიტოვებთ, რომ მსგავსი ფაქტები ხელს არ შეუშლის ორი მეგობარი ქვეყნის ურთიერთობას და მათ სპორტულ წარსულს, აწმყოსა და მომავალს” – აღნიშნულია “დინამოს” განაცხადებაში.

შეგახსენებთ აზერბაიჯანულმა ვებგვერდებმა გაავრცელეს ცნობა, რომლის მიხედვით “დინამოსა” და “გაბალას” მატჩს თან ახლდა ინციდენტი. კერძოდ, ქართველმა სტუმარი კლუბის გულშემატკივრებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი აზერბაიჯანის დროშა გათელეს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-მდივანმა ქართველთა მხრიდან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115253