ფეხბურთი

18:13 | 22.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

მეტოქეების წარდგენა - "პარტიზანი"

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი გორის "დილა" უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მეორე ტურიდან ჩაებმება. შიდაქართლური გუნდის მეტოქე სერბეთის მოქმედი ჩემპიონი ბელგრადის "პარტიზანი" იქნება.

"პარტიზანი" თავის ქვეყანაში ტრადიციული გუნდია და არც საერთაშორისო გამოცდილების ნაკლებობას უჩივის.

"პარტიზანი", როგორც საფეხბურთო კლუბი 1945 წლის 4 ოქტომბერს დაარსდა. მას შემდგომ ბელგრადულმა გუნდმა სერბეთის (მანამდე ყოფილი იუგოსლავიის) ჩემპიონატის მოგება 26-ჯერ მოახერხა. ქვეყნის თასს კი აქამდე 12 გზის დაეპატრონა. ევროპულ ასპარეზზე კი ყველაზე დიდი წარმატებისთვის "დილას" მეტოქეს შორეულ 1965-1966 წლების სეზონში მიუღწევია, როცა ჩემპიონთა თასის ფინალს უწია, სადაც მადრიდის "რეალთან" დამარცხდა (1:2). გასულ სეზონში "პარტიზანი" უეფას ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამოდიოდა. ლონდონის "ტოტენჰემთან", სტამბულის "ბეშიქთაშთან" და "ასტერას ტრიპოლისთან" ჯგუფში მყოფმა სერბულმა გუნდმა 6 მატჩში მხოლოდ ორი ქულის დაგროვება შეძლო და პლეიოფს მიღმა დარჩა. ბოლოს კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2010-2011 წლების სეზონში ითამაშა. H ჯგუფში "პარტიზანმა" "შახტართან", "არსენალთან" და "ბრაგასთან" ჩატარებული ყველა მატჩი წააგო და ჯგუფური ტურნირი უქულოდ დაასრულა.

2014-2015 წლების სერბეთის ჩემპიონატი "პარტიზანმა" 30 შეხვედრაში მოპოვებული 71 ქულით მოიგო. "შავ-თეთრებმა" მოსისხლე მტერ ბელგრადის "სტელა როსას" 7 ქულით აჯობეს. გუნდის საუკეთესო ბომბარდირი კი სერბი ფორვარდი პეტარ სკულეტიჩი გახდა 14 გოლით. ამ ფეხბურთელმა "პარტიზანი" უკვე დატოვა და ამჟამად მოსკოვის "ლოკომოტივის" რიგებში ირჯება. მის გარდა, "პარტიზანისთვის" დიდი დანაკლისი უნდა იყოს გამოცდილი სერბი შემტევის, დანკო ლაზოვიჩის წასვლა, რომელმაც ჩინურ "ბეიჯინგ ბაქსის" მიაშურა. სამაგიეროდ, გუნდში ახალწვეულია ბულგარელი ლეგიონერის, ვალერი ბოჟინოვი სახით. ერთ დროს ნიჭიერი და იმედისმომცემი ფორვარდი ბელგრადში ახლახან გადაბარგდა. დაცვის ხაზის ლიდერად გამოცდილი ბრანკო ილიჩი ითვლება, ვისაც თავის დროზე სევილიის "ბეტისის" შემადგენლობაში აქვს ნათამაშები. გუნდის კაპიტანი 37 წლის გამოცდილი სერბი ნახევარმცველი საშა ილიჩია, რომელსაც ვიგოს "სელტაში" და სტამბულის "გალათასარაიში" აქვს ნათამაშები. "პარტიზანს" ჯამში სამი ლეგიონერი ჰყავს - ზემოხსენებული ბოჟინოვი, მისი თანამემამულე ივან ბანდალოვსკი და ბრაზილიელი ფაბრისიო სილვა, რომელსაც თავის დროზე გერმანული "ჰოფენჰაიმის" რიგებში უთამაშია. სამშობლოში კი 25 წლის ფეხბურთელი ისეთი სახელოვანი კლუბების წევრი იყო, როგორებიც "პალმეირასი", "ვასკო და გამა" და "ფლუმინენსეა". ფაბრისიო "პარტიზანმა" მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში დაიმატა.

შავ-თეთრებს ამჟამად სერბი სპეციალისტი ზორან მილინკოვიჩი ავარჯიშებს, რომელმაც სერბული გრანდი მიმდინარე წლის მარტის თვეში ჩაიბარა.

"პარტიზანის" საშინაო არენა "სტადიონ პარტიზანა" 32.710 გულშემატკივრს იტევს.

"პარტიზანი" აქამდე ქართულ კლუბებს ერთადერთხელ შეხვედრია - 1998-1999 წლების სეზონში თასების თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სერბულმა გუნდმა ბათუმის "დინამოს" აჯობა. ბელგრადში მასპინძლებმა 2:0 იმარჯვეს, ხოლო ბათუმში "დინამომ" მოიგო, თუმცა მხოლოდ 1:0 და მომდევნო ეტაპზეც ორი მატჩის ჯამში "დილას" მომავალი მეტოქე გავიდა.

"დილა" - "პარტიზანის" ორმატჩიანი დუელი 14/15 და 21/22 ივლისს გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.294152