ბლოგი

16:30 | 21.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ღამისმთევლები

ფეხბურთის გამო ღამის მტეხავი ხალხი ყველგანაა. განსხვავებულია მათი ხელობა და ასაკი, წარმომავლობა და რჯული, ფიქრი და ინტერესები, მაგრამ ეს ადამიანები მაინც ერთნი არიან, რადგან მათ შეუძლიათ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებიც კი გვერდზე გადადონ, მოიკლონ ძილი, გააღიზიანონ ცოლები (ანდა ქმრები) გაიფუჭონ საქმე სამსახურში, მეორე დღეს ბლიტონ თვალები, მაგრამ მაინც კმაყოფილები იყვნენ, რადგან ამაყობდნენ იმით, რომ კარგი ფეხბურთის სანახავად არაფერს ერიდებიან. ეს ხალხი დიდებული ხალხია.

გუშინ საღამოს სუპერმარკეტში შემთხვევით გადავაწყდი კოპა ამერიკის თამაშების გამო ღამის მტეხველ ორ ბიჭს და მე მივხვდი, რომ ისინი ”ისინი” იყვნენ და ისინიც მიხვდნენ, რომ მე მივხვდი მათ ამბავს. როგორც გაირკვა ორივენი ბრაზილიის ნაკრებს ქომაგობდნენ და ერთად გაიცინეს ჩემს კითხვაზე, ეგრე გვიან ფეხბურთის ცქერას როგორ ახერხებთ – მეთქი. კარგი, წესიერი ბიჭები იყვნენ მეორე თუ მესამეკურსელები. ერთს ხელი ჰქონდა შეხვეული. როგორც აღმოჩნდა ღამის ტეხვასთან ერთად, დღისით წყალდიდობის გამო დაზარალებულ ხალხსაც ეხმარებოდა და სწორედ მაშინ იტკინა ხელი. მათთვის ლუდის ყიდვა დავაპირე, მაგრამ სასტიკ უარზე დადგნენ, ფეხბურთის დროს ლუდი რომ დავლიოთ მოვითენთებით და ჩაგვეძინებაო.

მერე ერთ უცნაურ კაცს გადავაწყდი სკვერში, რომელიც ძველებურ ცალხაზიან რვეულზე რაღაცეებს ხაზავდა. არც ის ვიცი ვინ იყო და არც ის გამირკვევია რას ხაზავდა, მაგრამ საშინლად თვლემდა და ჩათვლემის დროს საწერი კალამი რამდენჯერმე ხელიდანაც გაუვარდა. არგენტინის ნაკრების ემბლემით დამშვენებული ძველი მაისური ეცვა. რაღაცნაირად, ტკბილად ჩათვლემდა ხოლმე. მასთან გამოლაპარაკების გარეშე ვიცანი ფეხბურთის გამო ღამისმტეხველი კაცი და რად უნდოდა სიტყვები იმას, რაც თავიდანვე ცხადია.

ეს ადამიანები ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, საკუთარი საფიქრალი აქვთ, საკუთარი მოსაგვარებელი თუ მოუგვარებელი პრობლემები აწუხებთ, მაგრამ მაინც ახერხებენ იმას, რასაც ჩვენ ხშირად უბრალოდ არ ან ვეღარ ვახერხებთ. ისინი სპორტით სუნთქავენ და ცხოვრობენ და ამ მხრივ ამერიკული კალათბურთის მოყვარული ჩვენებურებიც მინდა გამოვყო.

ალბათ აბსურდია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ როცა ადამიანი სპორტის გამო ღამეს ათენებს, ცუდი კაცი არ უნდა იყოს. მარტო აზარტში და წივილ-კივილშიც ხომ არაა საქმე. თუმცა აზარტიც აქვე ჩვენგან ერთი ხელის გაწვდენაზეა. ვიცი რომ არაა ეს შეფასება ობიექტური და შეიძლება სასაცილოც კია, მაგრამ მე მაინც ასე ვფიქრობ...

ამასობაში კოპა ამერიკა კიდეც დაიწყო, კიდეც გახურდა და რამდენიმე ისეთი კარგი თამაში იყო, სამხრეთამერუკულ ფეხბურთზე ცხვირაბზუებული ხალხიც კი ვერ დარჩებოდა გულგრილი. ღამისმთევლებსაც უფრო და უფრო ემატებათ ხალისი და სტიმული, რადგან ცხადია, რომ მთავარი თამაშები ჯერ კიდევ წინაა და კაცმა არ იცის შემდეგში უდავო აუტსაიდერებად მიჩნეული ვენესუელა და ბოლივია კიდევ რა სასწაულებს ჩაიდნენ. არც ის ვიცით, ბოლოს და ბოლოს იზამს თუ არა რამეს ერთთავად უიღბლო და მოწუწუნე არგენტინა და უცნაურ მარცხებს შეჩვეული ბრაზილია. ეს ამბები ღამისმთევლებმა სულ ზეპირად იციან და ვისაც ღამეების ტეხვა გეზარებათ, მათ კითხეთ რა დიდი ემოციები ტრიალებს ჩილეში. ალბათ იტყვით ინტერნეტის ეპოქაში ვიღაცეებს თამაშები რატომ უნდა მოვაყოლინოთო, მაგრამ მერწმუნეთ, ღამისმთევლებმა უფრო იციან სიმართლე, ვიდრე ეს არაფრისმეტყველ ვიდეოკადრებში ჩანს.

0.111386