ფეხბურთი

14:56 | 19.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზურაბ ხიზანიშვილი: "21 წლის ასაკში ჩემპიონთა ლიგაში თამაში ჩემთვის ტრამპლინი გამოდგა"
"შემოთავაზებები უცხოეთიდან მაქვს"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი ზურაბ ხიზანიშვილი ბოლოს საფეხბურთო კლუბ "სამტრედიაში" ირჯებოდა, რომელთანაც კონტრაქტი მაისში დაუმთავრდა და მას შემდგომ ახალი გუნდის ძიებაშია. 33 წლის ფეხბურთელის თქმით, მას შემოთავაზებები უცხოური კლუბებიდან აქვს, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილი და კონკრეტული არაფერია.

"მსოფლიო სპორტი" გამოცდილ ქართველ ფეხბურთელს დაუკავშირდა და საკმაოდ საინტერესო თემებზე ესაუბრა. ხიზანიშვილმა ჩვენთან საუბარში საქართველოს ნაკრების განვლილი ორი შეხვედრაც შეაფასა. გარდა ამისა, მან შოტლანდიური და ინგლისური თავგადასავალიც გაიხსენა.

- "სამტრედიიდან" საბოლოოდ წამოხვედით?

- დიახ. "სამტრედიასთან" კონტრაქტი მაისამდე მაკავშირებდა, რომელიც ოფიციალურად ამოიწურა და გუნდი დავტოვე.

- შემოთავაზებები თუ გაქვთ და რომელი გუნდებიდან?

- შემოთავაზებები მაქვს, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული არაფერია. იმ ასაკში არ ვარ, რომ გუნდები განსაკუთრებულ დაინტერესებას იჩენდნენ, მაგრამ რამდენიმე კლუბთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უახლოეს ხანებში ყველაფერი გაირკვევა.

- საუბარი უცხოურ კლუბებზეა თუ ქართულზე?

- საუბარი უცხოურ გუნდებზე მაქვს და ვნახოთ რა იქნება.

- როგორ გაიხსენებთ "სამტრედიაში" გატარებულ პერიოდს?

- "სამტრედიაში" გატარებულ პერიოდს ძალიან კარგად გავიხსენებ. ბევრი ახალი მეგობარი შევიძინე და ფეხბურთელი გავიცანი, რომლებიც ქართულ ფეხბურთს აუცილებლად გამოადგებიან. სამწუხაროდ, სეზონი ცუდად დავასრულეთ, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების სათამაშო დონის ამაღლებას ისეთი გამოცდილი მოთამაშეების გვერდით თამაში, როგორებიც თქვენ და ალექსანდრე იაშვილი ხართ?

- ეს ძალიან კარგია. საერთოდ, ეს მეთოდი თითქმის ყველა ქვეყანაშია აპრობირებული, როცა გამოცდილი მოთამაშეები სამშობლოში ბრუნდებიან და კარიერას იქ აგრძელებენ ან ასრულებენ. მინდა ვთქვა, რომ ეს სტიმულია ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის, გუნდებისთვის, გულშემატკივრებისთვის და ეს ძალიან მისასალმებელი ფაქტია.

- ეროვნული ნაკრების ბოლო ორ თამაშს როგორ შეაფასებდით?

- ორივე თამაშს ვუყურე. უკრაინასთან მატჩით დავიწყებ, რადგან პირველი ის გაიმართა - ნაკრებს ეტყობოდა რა უნდოდა, რას თამაშობდა. მართალია მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ გაბედული თამაში მიდიოდა. საქართველოს ნაკრები დაცვიდან შეტევაში და შეტევიდან დაცვაში სწორად მიდიოდა. როგორც ცხოვრებაშია, რომ მთავარი ცხოვრების აზრია, ისეა ფეხბურთშიც - ფეხბურთელმა მოედანზე უნდა იცოდეს დავალება, რა უნდა გააკეთოს. დანარჩენს რასაც ინდივიდუალურად შემატებს, ეს უკვე მასზეა დამოკიდებული. პოლონეთთან თამაში კი ადამიანს რომ არ ენახა, გაზეთში ან ინტერნეტში წაეკითხა, ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დარჩებოდა. თუმცა ვუყურეთ მატჩს და ბიჭებს არაფერი დაუკლიათ. ანგარიშის გათანაბრების ძალიან კარგი შანსიც გვქონდა. ბოლოს რაც მოხდა, ჩემი აზრით, დაღლილობისა და კონცენტრაციის დაკარგვის ბრალი იყო. ფეხბურთელი ვარ და მეც მითამაშია. მეც ვყოფილვარ შეხვედრის ბოლოს დაღლილი.

- ზურა, ინგლისისა და შოტლანდიის პრემიერლიგაში გითამაშიათ. შემდგომ უკვე თურქეთის სუპერლიგაში, თუმცა უფრო ბრიტანული პერიოდიდან რომელი გახსენდებათ ყველაზე დადებითად?

- გამოსარჩევი ორივე პერიოდია. "რეინჯერსი" ძალიან დიდი გუნდია. თანაც, იმ პერიოდში მხოლოდ 21 წლის ვიყავი და ჩემპიონთა ლიგაში ვთამაშობდი. გლაზგოურ გუნდში ძალიან გავიზარდე, როგორც ფეხბურთელი. ისეთი ფეხბურთელების მხარდამხარ ვთამაშობდი, როგორებიც კლაუდიო კანიჯა, ფრანკ და რონალდ დე ბურები, შოთა არველაძე და სხვები იყვნენ. შოტლანდიური პერიოდი ტრამპლინი გამოდგა და ინგლისის პრემიერლიგაშიც აღმოვჩნდი, სადაც ოფიციალურად კონტრაქტის მიხედვით "ბლექბერნ როვერსის" რიგებში 6 წელი გავატარე. ამ პერიოდში სხვადასხვა დროს განათხოვრების წესით "რედინგსა" და "ნიუკასლ იუნაიტედშიც" ვითამაშე.

- რამდენიმე სახელოვანი ფეხბურთელი ახსენეთ. რომელ მოთამაშეს გამოარჩევდით მათ შორის, ვის გვერდითაც გითამაშიათ?

- ჩემი აზრით, ფრანკ დე ბური ყველაზე გამორჩეული იყო. თუმცა ნორვეგიელი ჰენინგ ბერგიც მინდა გამოვყო. იგი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" იჯარის წესით მოვიდა და უკვე ასაკში იყო. მას ძალიან დიდი გამოცდილება ჰქონდა. მოედანზე კომუნიკაციით ყველაფერს აგვარებდა. მის გვერდით თამაშმა ძალიან დიდი გამოცდილება შემძინა. ეს საკლუბო დონეზე, სანაკრებოზე კი რა თქმა უნდა კახა კალაძეს გამოვარჩევ. კახა ძალიან დიდი მოთამაშე იყო და მასთან ერთად დაცვის ცენტრში თამაში არაერთხელ მომიწია. მის გარდა, გამოვყოფდი მალხაზ ასათიანსა და ალექსანდრე ამისულაშვილს, რომლებთანაც ნაკრებში მითამაშია. საუბარი ცენტრალურ მცველებზე მაქვს. ამ ბიჭებთან ერთად კარგი თამაშებიც მოგვიგია, თუმცა სამწუხაროდ, უფრო მეტის მიღწევაც შესაძლებელი იყო...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118112