ფეხბურთი

21:28 | 16.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ ფედიჩკინი: "დინამო" 10 დღე თურქეთში მოემზადება"
 "სტადიონის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება"

გასული სეზონის აღმოჩენა ბათუმის "დინამო" გახდა, რომელმაც უმაღლესი ლიგის გათამაშება საპატიო მეორე ადგილზე დაასრულა და ევროტურნირების საგზური 17-წლიანი პაუზის შემდგომ მოიპოვა. აჭარული კლუბი უკვე 10 დღეა რაც ახალი სეზონისთვის მზადებას შეუდგა და ამჯერად ბათუმში, "ადელის" სტადიონზე ემზადება. "დინამო" მშობლიურ ქალაქში 19 ივნისამდე დარჩება, შემდეგ კი თურქეთში გაემგზავრება, სადაც 10 დღის განმავლობაში 4 ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს.

"მსოფლიო სპორტი" ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტ ოთარ ფედიჩკინს დაუკავშირდა და გუნდში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

- როგორ ემზადება გუნდი ევროტურნირებისთვის?

- 10 დღეა რაც "დინამომ" ვარჯიში დაიწყო. ამჟამად ბათუმში, "ადელის" სტადიონზე ემზადება. ახალწვეულები კი ჯერჯერობით მხოლოდ ორი გვყავს - გიორგი გაბედავა და პაპუნა ფონიავა. ამ ბიჭების ძალიან მეიმედება.

- თუ იგეგმება უცხოური შეკრების გავლა და სად?

- 19 ივნისს თურქეთში გავემგზავრებით. ქალაქ კარტებეში. დარჩენილ დღეებში სამწვრთნელო შტაბი გადაწყვეტს თუ რომელი ფეხბურთელები წავლენ თურქეთში.

- რამდენი დღე დარჩება "დინამო" თურქულ შეკრებაზე და რამდენი ამხანაგური მატჩია დაგეგმილი?

- შეკრებაზე 10 დღე დარჩება. რაც შეეხება სპარინგებს - 4 შეხვედრას ჩავატარებთ.

- მეტოქეები ცნობილია?

- პერმის "ამკარი". დანარჩენებთან ჯერჯერობით მოლაპარაკება მიმდინარეობს.

- გუნდი რომელმა ფეხბურთელებმა დატოვეს?

- უკვე წავიდნენ მიხეილ კაკალაძე, არნოდ ჩუენსუ, ხოლო ამირან მუჯირმა კარიერა დაასრულა.

- სამწვრთნელო შტაბში სიახლე ხომ არ გაქვთ?

- მხოლოდ ის, რომ მწვრთნელებს ამირან მუჯირი დაეხმარებათ, რომელიც ამ საქმიანობის შესწავლას იწყებს.

- ახალი ფეხბურთელების დამატებას, ალბათ, ბუნებრივია, გეგმავთ. ვინ შეიძლება ვიხილოთ "დინამოში" და რომელ პოზიციაზე?

- დიახ, ვგეგმავთ. თუმცა ჯერ კონკრეტული არაფერია და მეტის თქმა, ამ მხრივ არ შემიძლია.

- როგორი იქნება ახალი სეზონისთვის გუნდის ფინანსური მდგომარეობა?

- მერია დაგვაფინანსებს, რომელიც ყველაფერში ხელს გვიწყობს და გვერდში გვიდგას.

- სტადიონის შესახებაც რომ ვთქვათ. რაიმე სიახლე ხომ არაა?

- დაპირება არ შეცვლილა. მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება.

- რამდენი ეტაპის გავლას გეგმავთ ევროპის ლიგაზე?

- ახლა ჩვენთვის ევროსარბიელზე მოხვედრაც დიდი წარმატებაა. თანაც, 17-წლიანი პაუზის შემდგომ დავუბრუნდით ევროთასებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110056