ბლოგი

15:55 | 14.06.2015 | ნანახია [] - ჯერ

აქტუალური სადღეგრძელოები

მოდით ტურინის “იუვენტუსის” ნაღდი ტიფოზების ალალ ცრემლებს გაუმარჯოს, რომელიც ეგრე უხვად დაიღვარა პოლონეთის, იტალიის და ლამის მსოფლიოს ყველა ქვეყნის მიწაზე. ამ ცრემლებით არის, რომ “იუვენტუსის” გასაჭირი ბოლოს მაინც გადაილახა და ალეგრის ბიჭებმა აგერ ფინალშიც კი ღააღწიეს, მაგრამ რა გინდა რომ ქნა? რა გინდა რომ მოიმოქმედო, როცა წინ ქარბორბალასავით ლათნოამერიკის საუკეთესო სამეული აგესვეტება? განა ადამიანის ძალას აღემატება ამ ქარბორბალას გადალახვა?!

კატალონიის “ბარსელონას” გულშემატკივრების სიხარულსაც გაუმარჯოს, რომელიც დამსახურებულიც იყო, ღირსეულიც და სამართლიანიც. გაუმარჯოს იმ ადამიანებს, ვისაც სჯეროდათ, რომ ”ბარსელონას” მიერ რამდენჯერმე უხეიროდ ჩატარებული თამაშები მხოლოდ შემთხვევითობები იყო და კატალონიელები არასოდეს იტყოდნენ უარს საკუთარი პოტენციალის ბოლომდე გამოყენებაზე. მათ უბრალოდ არც ჰქონდათ უფლება, რადგან ეს გამარჯვება ჩავისათვის უნდა მიეძღვანათ. იმ ჩავისათვის, რომელიც წლების მანძილზე ოფლშეუშრობლად იხარჯებოდა “ბარსელონასათვის” და მისი დიდი დამსახურებიაა იმაშიც, რომ კატალონიური გუნდის მშენებლობა დღესაც გრძელდება.

იმ ქართველ გულშემატკივრებს გაუმარჯოთ, რომლებიც დღეებსა და საათებს ითვლიან ევროპის სუპერთასამდე და გულში უკვე ხარობენ ასე ნანატრი დიდი ფეხბურთის თბილისში გამართვით. მათაც გაუმარჯოთ, ვისაც ევროპის ლიგაზე უკრაინელების, ჩემპიონთა ლიგაზე კი იტალიელების გამარჯვება სურდათ. მოდით გამძლეობა და ჯიგრის არგაფუჭება ვუსურვოთ ამ ხალხს, რადგან არაფერია იმაზე გულსატკენი, როდესაც ფინალამდე შესანიშნავად მიტანილი ოცნება ჰაერში აფრენილი საპნის ბუშტივით სკდება და აღმოაჩენ, რომ შენი ოცნებები რეალობისაგან სრულიად განსხვავებულია.

ახლა იმ ჭკუით სავსე ადამიანს ან ადამიანებს გაუმარჯოთ, ვინც ზეპ ბლატერს ფიფას პრეზიდენტის თანამდებობის დატოვება ურჩია. ამ მრჩევლებს შესაძლოა საკუთარი ტყავის გადარჩენის სურვილი და შიშიც ამოძრავებდათ, მაგრამ ფაქტია, რომ ბლატერის წასვლით და მსოფლიო ფეხბურთში ჩადენილი დანაშაულებების გამოძიების დაწყებით სრულიად ახალი ეპოქა იწყება და ღმერთმა ქნას, რომ ახლოს იყოს დრო, როდესაც სამართალი გაიმარჯვებს და მსოფლიო ფეხბურთი აღარ იქნება შავი ფულის საჭრელი დანადგარი, როგორც ეს ამ ბოლო ათწლეულების მანძილზე იყო.

მოდით წინასწარ გაუმარჯოს იმ კეთილ და ხელიხელსაგოგმანებ ხალხს, რომლებიც ფიფას რიგგარეშე ყრილობაზე ადრე ჩადენილ შეცდომებსა და დანაშაულებებს გამოასწორებენ და რუსეთსა და ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარების გადაწყვეტილებას გააუქმებენ. ეს იქნება ნათელი დასტური და ღია სიგნალი იმისა, რომ მართლაც ახალი ეპოქა იწყება და მილიონობით ფეხბურთის გულშემატკივრის აზრებსა და შეხედულებებს ვიღაც ითვალისწინებს. ბოლო დროს ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციები და რიგითი ქომაგები ერთმანეთს ისე დაშორდნენ, რომ ამ უფსკრულის ამოვსებას სწორედ მსგავსი რადიკალური ნაბიჯები სჭირდება.

დაბოლოს ჩვენ, ქომაგებს გაგვიმარჯოს, რომლებსაც კოპა ამერიკის თამაშების გამო ღამის ტეხვები არ გვეზარება და არც მეორე დღეს თვლემის, თვალების ბლეტვისა და ცოლის წუწუნის გვეშინია!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111713