ფეხბურთი

18:37 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიელთა წარმატებული დასაწყისი

თბილისში დაიწყო ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატის ელიტ-რაუნდის ჯგუფური ეტაპი. პირველი ტურის პირველ მატჩში პორტუგალიამ დიდი ანგარიშით 6:1 დაამარცხა თურქეთი. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა და მას დაახლოებით 200-მდე გულშემატკივარი ესწრებოდა.

მატჩის საწყის წუთებში ორივე გუნდის ფეხბურთელები საკმაოდ ბევრს მოძრაობდნენ. მაღალი ტემპერატურის მიუხედავად თვალშისაცემი იყო მოთამაშეთა კარგი ფიზიკური მომზადება.

საწყისი წუთების შემდეგ უპირატესობას პორტუგალიელები დაეუფლნენ, თურქები კი კონტშეტევებზე აკეთებდნენ აქცენტს.

მე-10 წუთზე თურქთა 5 ნომერი სიუნჩუ შეცდა, იგი ბურთით საჯარიმოსთან ახლოს იმყოფებოდა და პასი ცენტრისკენ უმისამართოდ გააკეთა, რასაც პორტუგალიელთა სწრაფი შეტევა მოჰყვა. შეტევას კი თერთმეტმეტრიანი.

მთელი მატჩის განმავლობაში პორტუგალიელთა შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე გუნდის 8 ნომერი პედრო როდრიგესი იყო, რომელმაც მე-11 წუთზე პენალტის ნიშნულიდან გახსნა ანგარიში. იგი ჟოაო მოუტინიოს ამპლუის ფეხბურთელია და თანამემამულეს თამაშის სტილითაც გავს.

პედრო როდრიგესი “ბენფიკას” 19-წლამდე გუნდის წევრია და გასული ჩემპიონთა ლიგის ახალგაზრდული გათამაშების ფინალშიც ითამაშა, სადაც ბექა ვაჩიბერაძის “შახტართან” დამარცხდა.

23-ე წუთზე ანგარიში 2:0 გახდა. პაულო ენრიკემ სტანდარტული გამოიყენა. მან ცაციათი ცოცხალ კედელს კარგად გადაატარა ბურთი და მეკარისაგან შორეულ კუთხეში გაიტანა.

33-ე წუთზე ჟილ დიასის პასის შემდეგ ალეხანდრე სილვამ სამამდე გაზარდა სხვაობა. ჟილ დიასი მარჯვენა ფლანგელად თამაშობდა, იგი ხშირად ცდებოდა, თუმცა ამ მომენტში მახვილგონივრული გადაცემა გააკეთა.

3 წუთში თურქთა ფორვარდმა ოგულსან ჩაღლაენიმ მარცხენა ფლანგზე იაქტიურა, პორტუგალიელთა დაცვით ხაზს, შემდეგ კი მეკარეს გაცდა და პრაქტიკულად ცარიელ კარში გაიტანა გოლი. ბოლო მომენტში პორტუგალიელთა მცველი ართმევაზე თამაშს ცდილობდა, თუმცა მის მცდელობას შედეგი არ მოჰყვა.

მეორე ტაიმში, 55-ე წუთზე პაულო როდრიგესს კვლავ მიეცა თერთმეტმეტრიანის დარტყმის საშუალება. მან ამჯერადაც გამოიყენა შანსი.

ბურთის ფლობის უპირატესობა პორტუგალიელა მხარეს იყო, თუმცა გამოჩნდა, რომ თურქეთის ნაკრები ფიზიკურად ძლიერი გუნდია და რამდენიმე კარგი შემტევი ჰყავს. მათ შორის გოლის გამტანი ოგულსან ჩაღლაენი, თურქეთის სუპერლიგაში მესამე სეზონს ატარებს და რეგულარულად უწევს თამაში. ასევე კარგი შთაბეჭდილება დატოვა მელიჰ ოკუტანმა, რომელმაც მიმდინარე წელს “ფენერბაჰჩეში” სადებიუტო მატჩი ჩაატარა.

მატჩის დარჩენილ დროში დიეგო ჟოტასა და ფლავიო სილვას გოლები იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ პორტუგალიას მნიშვნელოვანი ბურთების შეფარდება შეექმნა, რაც მსგავს ტურნირებში ზოგჯერ გადამწყვეტიც კი ხდება ხოლმე.

პორტუგალია – თურქეთი 6:1 (3:1)

29 მაისი, თბილისი, მ. მესხის სახელობის სტადიონი, 200 მაყურებელი

პორტუგალია: ფერეირა, ჟორჟე სილვა, რუბენ დიასი (კაპიტანი), სოუზა, კოშტა (ანდრე ჰორტა 59), პედრო როდრიგესი, ალეხანდრე სილვა, გომესი, პაულო ენრიკე, ჟილ დიასი, დიეგო ჟოტა

მთავარი მწვრთნელი: ედგარ ბორგესი

თურქეთი: საკირი, ისკი, სელიკი (პოლატი 71), სიუნჩუ, ერდოღანი (კაპიტანი), ოკუტანი, ტაში (უნდერი 46), ჩაღლაინი, ჩამოღლუ, კოსე, აითემური

მთავარი მწვრთნელი: ვედათ ინკეეფი

გოლები: 1:0 პედრო როდრიგესი (პენ 11), 2:0 პაულო ენრიკე (23), 3:0 ალეხანდრე სილვა (33), 3:1 ჩაღლაენი (36), 4:1 პედრო როდრიგესი (55), 5:1 დიეგო ჟოტა (61), 6:1 ფლავიო სილვა (82)

მთავარი მსაჯი: დანიელ ზიბერტი (გერმანია)

გაფრთხილება: ერდოღანი (10), ისკი (25), სოუზა (27), რუბენ დიასი (31), სიუნჩუ (45+2)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.332433