ჭადრაკი

10:34 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბაციაშვილმა ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა

დასასრულს მიუახლოვდა ქალ მოჭადრაკეთა ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო, კონკრეტულად კი დაბა ჩაქვი მასპინძლობს.

სამწუხაროდ, მე-9 ტური ძალიან უიღბლო აღმოჩნდა სატურნირო ცხრილის ზემოთმყოფი ქართველი მოჭადრაკეებისათვის. მათგან გამარჯვება ვერავინ მოახერხა. ასპარეზობის ერთპიროვნული ლიდერი, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ნინო ბაციაშვილი მის თანაქალაქელ და ნაკრებში თანაგუნდელ ევროპის წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელ სალომე მელიას ეთამაშებოდა. შეხვედრა ყაიმით დასრულდა. ასევე ყაიმით დასრულდა მაია ლომინეიშვილისა და ანა უშენინას (რუსეთი) შეხვედრა. დანარჩენი ქართველი მოჭადრაკეებიდან, რომლებიც ზედა ნაწილში იმყოფებიან და საპრიზო ადგილებზე რომ აღარაფერი ვთქვათ 14 საუკეთესო მოჭადრაკეთა შორის მოხვედრის პრეტენზიას აცხადებენ (რაც მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს იძლევა) ყველა დამარცხდა. ბელა ხოტენაშვილმა ნატალია ჟუკოვასთან (უკრაინა), მერი არაბიძემ მარინა გუსევასთან (რუსეთი), ხოლო სოფო გურამიშვილმა ლილიტ მკრტჩიანთან (სომხეთი) წააგო. მათ შორის განსაკუთრებით დასანანი იყო თეთრებით მოთამაშე ხოტენაშვილის მარცხი, რომლის მეტოქეც ნატალია ჟუკოვა ბაციაშვილის ყველაზე რეალური კონკურენტია პირველი ადგილისათვის ბრძოლაში.

ყაიმის მიუხედავად ბაციაშვილმა 8 ქულით ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა, მას ნახევარი ქულით ჩამორჩება ჟუკოვა. 6.5 ქულით მესამე-მეექვსე ადგილებს სალომე მელია (საქართველო), ოლგა გირია (რუსეთი), ელინა დანიელიანი (სომხეთი) და მარინა გუსევა (რუსეთი) ინაწილებენ.

მომდევნო მე-10 ტურში გამორჩეულ ინტერესს ის პარტიები იწვევს, რომელშიც ეს მოჭადრაკეები მონაწილეობენ. პირველი ადგილისათვის ბრძოლაშიც უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ბაციაშვილი-ჟუკოვას შეხვედრას, სადაც თეთრებით ქართველი დიდოსტატი თამაშობს. გამორიცხული არაა ჩემპიონის ვინაობა ასპარეზობის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაირკვეს. სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია დანიელიანი-მელიასა და გირია-გუსევას შეხვედრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120098