კალათბურთი

9:39 | 29.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სოსო მაჭავარიანი სამშობლოში ჩემპიონის და MVP-ის ტიტულით ბრუნდება

ქართველი კალათბურთელის სოსო მაჭავარიანის გუნდის „ტიგულიოს“ ტრიუმფით დასრულდა იტალიის 19 წლამდელთა ჩემპიონატი, საკუთარი გუნდის გამარჯვებაში კი ლომის წილი სწორედ ჩვენმა თანამემამულემ დაიდო. პირველობისთვის გადამწყვეტ, სერიის მესამე მატჩში ტიგულიოელებმა „სან რემოს“ 66:53 მოუგეს, შეხვედრის MVP კი სოსო მაჭავარიანი გახდა.

ფინალური სერიის პირველი მატჩი „ტიგულიომ“ 68:51 მოიგო, მეორე დაპირისპირებაში სან რემოელებმა 64:61 იმარჯვეს, დასკვნითი სატიტულო დაპირისპირება კი ქართველი მსროლელი-ფორვარდის ბენეფისად იქცა. 2400 მაყურებლის დასწრებით სან მარგარიტაში ჩატარებულ შეხვედრაში სოსომ პარკეტზე 34 წუთი გაატარა, 12 ქულა (შვიდიდან 4 ორქულიანი ჩააგდო,ერთადერთი სამქულიანის მცდელობა ზუსტი ჰქონდა, 2 ჯარიმიდან ერთი სათანადოდ გამოიყენა), 11 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 3-3 შედეგიანი გადაცემა და ჩაჭრა, ერთიც დაფარება შესძინა გუნდს და სავსებით სამართლიანად აღიარეს გადამწყვეტი დაპირისპირების საუკეთესო მოთამაშედ.

,,საინტერესო და დაძაბული საკალათბურთო ჩემპიონატი იყო. დიდი გამოცდილება შევიძინე. განსაკუთრებით დაძაბული იყო ფინალური შეხვედრა „სან რემოსთან“. შეხვედრის ბედი ბოლო მეოთხედში გადაწყდა. მეტოქე ძლიერი იყო, მაგრამ ჩვენმა გუნდმა, რომლის ბირთვს ლეგიონერები შევადგენდით (ჩემთან ერთად ამერიკელი, სერბი, დომინიკელი კალათბურთელები გამოდიან) შევძელით თამაშის ჩვენს სასარგებლოდ შემობრუნება, წარმატებით დავასრულეთ შეხვედრა და მოვიპოვეთ ჩემპიონის ტიტული.

მთელი თამაშის განმავლობაში ვგრძნობდით „ტიგულიოს“ გულშემატკივრების აქტიურ მხარდაჭერას - მადლობა მათ!

ხვალ მოვფრინავ... კარგი შეგრძნებაა-სამშობლოში გამარჯვებული დაბრუნება!"-გვითხრა სატელეფონო საუბრისას სოსომ.

0.11264