რაგბი

13:06 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაფხულის სარაგბო სეზონს მზარდი საქართველო გახსნის

2015 წელი სავსეა სხვადასხვა ტესტ თუ ამხანაგური მატჩებით. წინ მსოფლიო თასია, ხოლო მანამდე კი ავჭალის სტადიონი 13, 17 და 21 ივნისს ‘მსოფლიო რაგბის” ყოველწლიურ ტურნირს – თბილისის თასს უმასპინძლებს, რომელსაც “ბორჯღალოსნების” სამწვრთნელო შტაბი მსოფლიოსთვის მოსამზადებელ ერთ-ერთ ეტაპად განიხილავს. წლევანდელ ტურნირში ჩვენი ნაკრები ურუგვაის, მზარდ ირლანდიასა და იტალიას ეთამაშება.

თბილისის თასის წლევანდელ გათამაშებამდე ერთი კვირით ადრე საქართველოში რაგბის საზაფხულო სეზონს მზარდი საქართველოს ნაკრები გახსნის. შარშან გუნდმა ინგლისის საგრაფოთა ნაკრებს უმსაპინძლა, ხოლო წლეულს ორ მატჩიან სერიაში უელსურ “ქროშეიზს” (უელსის რაგბის კავშირის პრეზიდენტის 15-ეული) დაუპირისპირდება.

მატჩები 3 და 6 ივნისს რუსთავის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. პირველი რკენა 19 საათზე დაიწყება, ხოლო მეორე მატჩი კი 18 საათზე. ორივე შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია და იმედი გვაქვს, რომ ქართული რაგბის ქომაგი არ გაუშვებს ხელიდან ეროვნული ნაკრების უახლოესი რეზერვის საქმეში ხილვის შესაძლებლობას.

“ტრადიციულად, ზაფხულში მზარდი საქართველო ორ თამაშს მართავს, რომელიც წინ უსწრებს თბილისის თასს. ეს არის კიდევ ერთი, არაჩვეულებრივი საშუალება იმისა, რომ ჩვენი უახლოესი რეზერვი შევამოწმოთ საქმეში. “ქროშეიზი” საკმაოდ ძლიერი გუნდია. პრაქტიკულად, უელსის შიდა ჩემპიონატის ნაკრებს წარმოადგენს და ცხადია, ძალიან ძლიერი და ჩვენთვის სასარგებლო მეტოქე იქნება“, - განაცხადა საქართველოს რაგბის კაშვირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ.

მან ასევე დასძინა: “ვფიქრობ, რომ ორი ძალიან საინტერესო მატჩი გველის. სამწუხაროდ, თბილისის სარაგბო სტადიონებზე ივნისის ტურნირისთვის და ნაკრების სამსოფლიო შეკრებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და აქედან გამომდინარე, ორივე თამაში რუსთავში გაიმართება. ვფიქრობ, რომ რაგბის ადგილობრივ გულშემატკივრებთან ერთად, თბილისიდანაც ბევრი ქომაგი ჩავა და ისიამოვნებს მაღალი დონის რაგბით“.

“ქროშეიზი” უელსური წვეული (Invitational) გუნდია, რომელიც 1922 წელს უელსელმა სამხედრო მოსამსახურემ, ჯოფრი ქროშეიზმა ინგლისურ სამხედრო ნაწილებთან სათამაშოდ შექმნა. მას შემდეგ გუნდი ტურნეებს მთელს მსოფლიოში მართავს. მზარდ საქართველოსთან სათამაშოდ კლუბი უელსის შიდა პირველობის სელექციით იქნება წარმოდგენილი (Principality Premiership), რომელსაც ინგლისში მოთამაშე ორი მორაგბე დაემატება. უელსის რაგბის კავშირის განცხადებით ეს ტურნე განიხილება, როგორც კარგი შესაძლებლობა უელსსა და საქართველოს შორის არსებული კავშირების გამყარებისათვის.

“ქროშეიზის” ქართულ ტურნეზე უელსის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, დენის გეთინმა განაცხადა: “საქართველო ამაყი ქვეყანაა სადაც რაგბს თამაშობენ. გარდა იმისა, რომ დაგეგმილი მატჩები ჩვენს ორ ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს, აღნიშნული ტურნე წარმოადგენს შესანიშნავ შესაძლებლობას მეორე დონის სარაგბო ქვეყნებში რაგბის განვითარებისათვის ხელის შესაწყობად. ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ამ ტურნეში უელსს “ქროშეიზი” წარმოადგენს და მოუთმენლად ველით მომავალ ორ თამაშს“.

საქართველოში გუნდს უელსური “ქარმართენ ქუინზის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლუი თონქინი უხელმძღვანელებს: “ქართული სელექცია საკმაოდ ძლიერი გუნდია. განსაკუთრებით ძლიერი შერკინება ეყოლებათ. ისინი ნამდვილად არაფერს დაგვითმობენ და ამ გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ. ჩვენც ძლიერი ფორვარდებით მივემგზავრებით, რომელთა ძირითად ბირთვს უელსის პირველობის ფინალისტი კლუბების “პონთიფრიზისა” და “ებოუ ვეილზის” მოთამაშეები წარმოადგენენ.

თუმცა, “ქროშეიზის” სტილსა და ტრადიციებს რომ არ ვუღალატოთ და შესაბამისად, ღია, ლაღი და სწრაფი რაგბი ვითამაშოთ, გუნდში რამდენიმე კარგ მორბენალსაც ვუხმეთ. მართალია, ძალიან რთული იქნება 26 მოთამაშით ოთხ დღეში ორი მატჩის ჩატარება, მაგრამ ამ ტურნეში მონაწილეობა ჩვენთვის დიდი პატივია. მოთამაშეები და მენეჯმენტი მოუთმენლად ველით საქართველოში ჩასვლას“.

ქროშეიზ XV-ს რაზმი:

ხაზი: გევინ დეისი (კაპ) (პონთიპრიზი), გერენთ ოდრისქოლი (ნიუპორთ), ჯემი დევისი (ნის), ელიოტ ფრუენ (ნიუპორთ), პატრიქ თეფლეი (ბედფორდ ბლუზი), ჰლივარქ აფ მირჰდინ (ნიუპორთ),დავიდ ლოქიარ (პონთიფრიზი), მეთიუ ჯეკობზი (ჰლანდოვერი), დევიდ ლენგდონი (ებოუ ვეილ), ქიარან მიქ (ნიუბრიჯი), თომ ჯეიმზ (ნის), ჯასთინ ჯეიმზ (ჰლანდოვერი).

შერკინება: ლუის სმაუთ (კარდიფი),ჯონ ლავენდერ (ებოუ ვეილ), რიჩარდ ვილქს (ბედვას), ჰიუ დაუდენ (პონთიპრიზი), როს დევისი (დონქასთერ, ინგ.), ქირონ ჯენქინს (პონთიპრიზ), დემიენ ჰად (ებოუ ვეილ), ედამ ბრაუნ (ნიუპორთ), ეშლი სვით (ეოუ ვეილ), დენ გოდფრი (პონთიპრიზ), დერი მეთრავერს (ბედვას), შონ მაილზ (ჰლანდოვერი), ედ სიგერი (მოუზლი, ინგ.), რის შელარდ (პონთიპრიზ).

2-მატჩა სერიისათვის მოსამზადებლად მზარდი საქართველო 27 მაისს შეიკრიბა და შევარდენის სანაკრებო ბაზასა და მარტყოფის სარაგბო სტადიონზე ივარჯიშებს. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გუნდში მსოფლიო ალაფიდან დაბრუნებულ 7 ოცწლამდელს უხმო. გუნდის შემადგენლობაში ასევე ვიხილავთ “ბორჯღალოსან” ჯაბა ბრეგვაძეს, რომელსაც მიღებული ტრავმის შედეგად წელიწადზე მეტია, რაც ნაკრების კვართი არ მოურგია. სერიისთვის მაისაშვილმა ასევე ვაჟა ხუციშვილს, გივი ბერიშვილსა და ირაკლი მირცხულავას უხმო. ეს უკანასკნელი გუნდს 30 მაისს შეუერთდება.

ლევან მაისაშვილი (მზარდი საქართველოს მთავარი მწვრთნელი): “ტრადიციულად, საზაფხულო სეზონს მზარდი საქართველო ვხსნით. სერიისთვის მზადებისას იყო ერთი უხერხული მოენტი – ჩვენ ვფლობდით ინფორმაციას, რომ პირველი თამაში უნდა გვეთამაშა 21-წლამდე ასაკობრივი ზღვარით. შესაბამისად, სელექციის კუთხითაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდით ალაფაზე 20-წლამდელების თამაშს და ძირითადად პირველი თამაშისთვის ამ ბიჭებისგან ვაპირებდით გუნდის დაყენებას, მაგრამ მოგვიანებით გაირკვა, რომ უელსელებმა კაცთა გუნდით გადაწყვიტეს ჩამოსვლა და ახლა, ჩვენც გათვლას სხვა მოთამაშეებზეც ვაპირებთ.

მოწინააღმდეგეს საკმაოდ კარგი გუნდი ყავს. მოგეხსენებათ, უელსის პირველობის სელექციაა და ძლიერი მოთამაშეები არ აკლიათ. 2012 წელს, მაშინდელი “ა” ნაკრებით ორი თამაში მოვუგეთ უელსის მსგავს სელექციას და დარწმუნებული ვარ, რომ დიდი მოტივაციით იქნებიან და ყველაფერს გააკეთებენ სერიის მოსაგებად.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კიდევ უფრო მეტი მოთამაშე გამოჩნდეს და უფრო გაფართოვდეს ეროვნული ნაკრების სასელექციო სია. სწორედ ეს დანიშნულება აქვს ამ ნაკრებს და სერია ამ მიზანს ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად დრო ძალიან ცოტა გვაქვს, ჩვენ აუცილებლად მოსაგებად ვითამაშებთ.

გარდა ამისა, საქართველოს ეროვნულ პირველობაში მოთამაშე ბიჭებს შინ მიეცემათ საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა. მზარდი საქართველო 25-წლამდე ასაკობრივი ცენზის სელექციას წარმოადგენს, თუმცა გვყავს რამდენიმე შედარებით უფროსი ასაკის მორაგბე.

მაგალითად, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის რეკომენდაციით, ვუხმეთ ჯაბა ბრეგვაძეს, რომელსაც ხანგძლივი რეაბილიტაციის პერიოდის შემდეგ გვინდა მიეცეს თამაშის შესაძლებლობა. მინდა ავღნიშნო, რომ თამაშის და მაღალ დონეზე თავის წარმოჩენის შანსი ყველას მიეცემა, დანარჩენი კი ბიჭებზე და ჩვენზე, სამწვრთნელო შტაბზეა დამოკიდებული“.

მზარდი საქართველოს რაზმი:

ხაზი: ირაკლი სვანიძე (გორის ჯიქი), იოსებ კიკვაძე (აია), ლევან გოგოლაშვილი (ბოლნისის ყოჩები), ანზორ სიჭინავა (აკადემია), გიორგი ფრუიძე (აია), გიორგი ტალახაძე (ლელო სარასენს), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი), რეზი ჯინჭველაშვილი (აია), მამუკა ნინიძე (გორის ჯიქი), ვაჟა ხუციშვილი (ხარები), სანდრო მინდიაშვილი (ლელო სარასენს).

შერკინება: ზურაბ ჯულაყიძე (ლელო სარასენს), არჩილ ბეჟიაშვილი (ლოკომოტივი), ნიკოლოზ ხატიაშვილი (ორიაკ, საფ.), ირაკლი მირცხულავა (ტარბ, საფ.), ჯაბა ბრეგვაძე (ბოლნისის ყოჩები), ბადრი ალხაზიშვილი (ლელო სარასენს), ნოდარ ჭეიშვილი (ლა’სენ, საფ.), სანდრო ქოიავა (ლელო სარასენს), ოთარ გიორგაძე (აია), დაჩი კოპაძე (ლელოს სარასენს), გურამ შენგელია (გორის ჯიქი), მიხეილ გაჩეჩილაძე (კარკერან, საფ.), ვახტანგ ამირანაშვილი (არმაზი), გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი).

სამწვრთნელო შტაბი:

ლევან მაისაშვილი - მთავარი მწვრთნელი, მიხეილ სუჯაშვილი - მწვრთნელი, ივანე ერგემლიძე - ფიზ.მომზადება, სერგო ბერიაშვილი - ექიმი, გიორგი მურადაშვილი - ფიზიო, დავით რამიშვილი - ვიდეო ანალიტიკოსი, პაატა მაისურაძე - მენეჯრი

www.rugby.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122584