ბლოგი

10:42 | 28.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

იმედიანი დიალოგი

- მორჩა! დამთავრდა! ამომივიდა ყელში ეს ყალბი იმედი და მუდმივი მოლოდინი, რომ რამე უკეთესობისკენ შეიცვლება. ხვალვე უნდა შევიტანო საელჩოში განაცხადი და აქედან უნდა წავიდე. ყველაფერს აქვს საზღვარი!

- შენ ადრეც იძახდი უნდა წავიდეო, მაგრამ ისევ აქ ხარ.

- ადრე რას ვიძახდი არ ვიცი, ახლა მართლა მივიდივარ. აღარ მინდა ასე გაგრძელება და იმიტომ!

-შენსავით ყველამ რომ დავკრათ ფეხი და წავიდეთ, ვიღას დარჩება ეს ქეყანა? ამაზე თუ გიფიქრია?

- ვისაც გინდა იმათ დარჩეს. აქ საიმედოს ვერაფერს ვხედავ...

- საიმედო ამბები სწორედაც რომ ხდება და ამიტომაც ვამბობ.

- რა ხდება? გამაგებინე აბა ერთი მეც თუ კაცი ხარ...

- როგორ თუ რა ხდება? ხომ ასეთი ღარიბი ქვეყანა ვართ? ხომ ასეთი პრობლემებია? მაგრამ აბა ნახე, ჩვენმა 20 წლამდელმა მორაგბეებმა “ალაფი” მოიგეს, ქალი მოჭადრაკეები მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ, კალათბურთში ფანტასტიკური თაობა მოდის...

- და ეს ყველაფერი რას ცვლის?

- გამოდის, რომ რაღაცის იმედი არსებობს და ტყუილია ის, რომ ქართველები არაფერში ვუქნივართ ღმერთს. განა პატარა ამბები ჩამოვთვალე? თუკი 20 წლამდელ მორაგბეებს შეუძლიათ ამდენი ძლიერი და ჩვენზე ბევრად წელგამართული ქვეყნები დაამარცხონ, შენ რატომ არ უნდა გქონდეს იმედი, რომ დადგება დრო, როცა ამ ქვეყანას ეკონომიკურადაც დაადგება საშველი.

- ჩვენს მორაგბეებს ენაცვალოს ჩემი თავი, მაგრამ ამ ქვეყნის ეკონომიკა და მორაგბეების გამარჯვება მაინც ვერ დავაკავშირე და რა ვქნა?

- სულ მარტივი ამბავია. ყველაფერი ადამიანების ხელშია - რაგბისაც ადამიანები თამაშობენ და ეკონომიკას და დოვლათსაც ადამიანები ქმნიან. თუ ადამიანებს ერთის კეთება კარგად შეუძლიათ და მეორე ცუდად გამოდის, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი ადამიანები ვცხოვრობთ ამ ქვეყანაში. მეტი ცოდნა, მეტი პროფესიონალიზმი, არაფრის მაქნისებისათვის ადგილის მიჩენა და დამიჯერე, ყველაფერი გამოსწორდება.

- ეგ როდის იქნება? სულ მესმის, რომ როცა იქნება ყველაფერი გამოსწორდებაო, მაგრამ არაფერი არ იცვლება.

- ეგ როდის იქნება ღმერთმა იცის ალბათ, მაგრამ რომ იქნება, დარწმუნებული ვარ. 20 წლის წინ, როდესაც ჩვენს მორაგბეებს ელემენტარული სავარჯიშო მოედანიც კი არ ჰქონდათ, დღევანდელ გამარჯვებებზე მაშინ ოცნებაც კი შეუძლებელი იყო, მაგრამ ხომ ხედავ, რომ გამარჯვებებიც მოვიდა და ისეთ ქვეყნებს ვუგებთ, ხან რომ ვფიქრობ დაჯერება მიჭირს.

- ძალიან კარგად ლაპარაკობ, მაგრამ ხვალ საელჩოში რომ არ წავიდე და მერე ვინანო, შენ რა პასუხს გამცემ?

- მე რა პასუხი უნდა გაგცე? ხომ გეუბნები, პასუხი უკვე გაგცეს ჩვენმა მორაგბეებმა და მოჭადრაკეებმა.

- არ შეგრცხვება, ხვალ უპურისფულოდ რომ მნახო?

- სირცხვილით კი იცი ვისაც უნდა რცხვენოდეს. მე თუ გნახე, ხომ იცი რომ ყოველთვის დაგიდგები გვერდით.

- აბა, ესეიგი არ წავიდე?

- მოდი, ცოტაც მოითმინე. სულ ცოტაც...

ლევან სეფისკვერაძე

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123686