ფეხბურთი

22:24 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

სეზონის შეჯამება – “რეალი”

განვაგრძობთ ესპანეთის 2014/2015 წლების სეზონის ჩემპიონატის მიმოხილვას. შემდეგი კლუბი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრებთ მადრიდის “რეალია”, რომელმაც აწ უკვე დასრულებულ ლა ლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა.

ტრანსფერები

მადრიდელები სეზონის დაწყების წინ რამდენიმე ფეხბურთელს შეელივნენ, ანხელ დი მარია “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგდა, ხაბი ალონსო “ბაიერნში” წავიდა, დიეგო ლოპესი “მილანში”, ხოლო ალვარო მორატამ “იუვენტუსს” მიაშურა. სანაცვლოდ, “ბლანკოსმა” ხამეს როდრიგესი, ტონი კროოსი, კეილორ ნავასი და ხავიერ ერნანდესი დაიმატა.

არადამაჯერებელი სტარტი

ჩემპიონატის საწყისი ტურები “რეალისთვის” ცუდი გამოდგა. მადრიდულმა გრანდმა პირველ ტურში გაჭირვებით მოუგო დებიუტანტ “კორდობას” (2:0), ხოლო შემდეგ ზედიზედ ორი შეხვედრა წააგო. “ბლანკოსი” გასვლაზე ორბურთიანი სხვაობით უგებდა “სოსიედადს”, თუმცა ხაგობა არესატეს შეგირდებმა შეხვედრის სცენარის შეცვლა მოახერხეს და “რეალს” ოთხი გოლი გაუტანეს. მე-3 ტურში კარლო ანჩელოტის შეგირდები შინ მადრიდულ დერბიში დამარცხდნენ “ატლეტიკოსთან” (1:2). ბევრი ალაპარაკდა, რომ ზაფხულში “თეთრები” დასუსტდნენ და არასწორი სატრანსფერო კამპანია აწარმოეს, თუმცა მალევე კრიტიკოსები დადუმდნენ, რადგან კლუბმა შესანიშნავი თამაში დაიწყო.

საოცარი აღმასვლა და სეზონის საუკეთესო მონაკვეთი


“ატლეტიკოსთან” მარცხის შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ სწორი დასკვნები გამოიტანა, “რეალი” საოცარ ფორმაში შევიდა და ლა ლიგაში ზედიზედ 12 მატჩი მოიგო. ამ პერიოდში კლუბმა 50 გოლი გაიტანა და მხოლოდ 7 გაუშვა. დაამარცხა “ვილიარეალი” (2:0), “ბარსელონა” (3:1), “ბილბაო” (5:0) და “მალაგა” (2:1). მე-16 ტურისთვის “რეალი” 4 ქულით უსწრებდა “ბლაუგრანას”, თამაშის ხარისხიდან და პირადი მატჩიდან გამომდინარე, ლა ლიგის მოგების მთავარ ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა მალე ყველაფერი კვლავ შეიცვალა.

მოდრიჩის ტრავმა და შეჩერება “მესტალიაზე”

“რეალის” კარგი თამაში აბსოლუტურად ყველა მოთამაშის დამსახურება გახლდათ, თუმცა ლუკა მოდრიჩი ერთ-ერთი გამორჩეული გახლდათ. ხორვატი მოთამაშე უდიდეს სამუშაოს ასრულებდა მოედნის ცენტრში, ახერხებდა თამაშის დალაგებას, მწვავე პასების გაკეთებას და გუნდის მამოძრავებელი ძალა გახლდათ. ნოემბრის ბოლოს, სანაკრებო შეკრებისას ლუკა დაშავდა და სამი თვით ჩამოშორდა ფეხბურთს. “ბლანკოსისთვის” ეს დიდი დანაკლისი გახლდათ და მისი არყოფნა მალევე აისახა კლუბის თამაშზე. 4 იანვარს “რეალმა” 12-მატჩიანი მოგებათა სერია “მესტალიაზე” შეწყვიტა (1:2). აღნიშნულ შეხვედრაში, “თეთრებს” ძალიან გაუჭირდათ მოედნის ცენტრში და ცხადი გახდა, რომ ლუკა “ბლანკოსისთვის” უმნიშვნელოვანესი მოთამაშე გახლდათ. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბმა ლუკას სილვა დაიმატა, თუმცა მალევე გამოჩნდა, რომ ის ძირითადში სათამაშოდ მზად არ იყო. სილვას გარდა, “რეალმა” უნიჭიერესი ნორვეგიელი მარტინ ოდეგაარდი დაიმატა, რომელზეც უდიდეს იმედებს ამყარებენ.

მწარე სილა დერბიში და მოხშირებული ტრავმიანობა


“ვალენსიასთან” მარცხს “რეალზე” ცუდად არ უმოქმედია და ზედიზედ 5 მატჩის მოგება მოახერხა (“სევილიასთან”, “სოსიედადთან”, “ესპანიოლთან”, “კორდობასთან” და “ხეტაფესთან”). მომდევნო მეექვსე მატჩში კი, “რეალმა” ისტორიაში ერთ-ერთი სამარცხვინო მარცხი განიცადა. “თეთრები” ლა ლიგაში მეორედ, ხოლო სეზონში ყველა ტურნირზე (ესპანეთის თასზე და სუპერთასზე) მეოთხედ დამარცხდნენ თანაქალაქელ “ატლეტიკოსთან”. დიეგო სიმეონეს გუნდმა “ვისენტე კალდერონზე” ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა “სამეფო კლუბს”.
დერბიში განადგურებას “დეპორტივოსთან” და “ელჩესთან” მოგებები მოჰყვა, ხოლო შემდეგი ორი მატჩი “რეალისთვის” უიღბლო გამოდგა. კლუბმა შინ “ვილიარეალს” ვერ მოუგო, ხოლო გასვლაზე “ბილბაოსთან” დამარცხდა. შესაბამისად, 26-ე ტურისთვის “თეთრები” უკვე “ბარსელონას” მდევრის როლში იყვნენ, თუმცა სხვაობა მხოლოდ ქულას შეადგენდა. უნდა ითქვას, რომ ამ პერიოდში “რეალს” ძალიან ბევრი ტრავმირებული ჰყავდა: პეპე, რამოსი, ხამესი, კოენტრაო, ხედირა, მოდრიჩი. აღნიშნულმა ფაქტორმა, რასაკვირველია კლუბის თამაშსა და შედეგზე გავლენა მოახდინა.

კლასიკოში მარცხი, რომელმაც ყველაფერი გაარკვია


შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე სეზონის გამარჯვებული დიდწილად 28-ე ტურში ჩატარებულმა შეხვედრამ გამოავლინა. მადრიდული გრანდი “ნოუ კამპზე” ადგილობრივ კლუბთან დამარცხდა (1:2) და სხვაობამ უკვე 4 ქულა შეადგინა. ლა ლიგის დასრულებამდე ათი ტურიღა გახლდათ დარჩენილი, კალენდარი კი ორივე კლუბს დაახლოებით ერთნაირი სირთულის ჰქონდა. “რეალის” მისია წარმოუდგენლად რთული გახლდათ, მას ყველა შეხვედრა უნდა მოეგო, ხოლო მეტოქეს მინიმუმ ორ შეხვედრაში უნდა დაეკარგა ქულები. “ბლანკოსმა” პრინციპული მარცხის შემდეგ ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგო და პირველი წრის მსგავსად, წარმატებული სვლა კვლავ “ვალენსიასთან” შეწყვიტა. ანჩელოტის შეგირდებმა პირველი ნახევარი 0:2 წააგეს, მეორე ნახევარში მათ მოახერხეს გათანაბრება, თუმცა მოპოვებული ქულა უსარგებლო გახლდათ და ცხადი გახდა, რომ ესპანეთის ჩემპიონი “ბარსელონა” გახდებოდა, რომელმაც საჭირო ქულები მხოლოდ “სანჩეს პისხუანზე” დაკარგა და ბოლო ტურში “დეპორტივოს” უბრალოდ ლა ლიგაში დარჩენის საშუალება მისცა.

დასკვნა

შეიძლება ითქვას, რომ “რეალმა” პირველი წრე ბევრად უკეთ ჩაატარა, ვიდრე მეორე. ეს თამაშის ხარისხზეც აისახება და შედეგზეც. “ბლანკოსმა” პირველ ნახევარში 16 მატჩი მოიგო და 3 წააგო, ხოლო მეორეში 14 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 3 წააგო. სათქმელია ისიც, რომ აწ უკვე დასრულებულ სეზონში “რეალს” ძლიერ კლუბებთან ძალიან უჭირდა და შვიდეულში მოხვედრილ კლუბებთან, მხოლოდ “სევილიასთან” არ დაკარგა ქულები (2:1; 3:2), თუმცა ორივე შემთხვევაში გაუჭირდა. მადრიდელებმა “ვილიარეალთან” 4 ქულა აიღეს (2:0; 1:1), “ბილბაოს” საშინაო განადგურებას (5:0) კი, “სან მამესზე” მარცხი მოჰყვა (0:1). მსგავსი შედეგი დაფიქსირდა “ბარსელონასთან” მატჩებშიც – საშინაო მოგება და საგარეო მარცხი (3:1; 1:2), ხოლო “ვალენსიასთან” (1:2; 2:2) და “ატლეტიკოსთან” (1:2; 0:4) სულაც უარყოფითი მაჩვენებელი ჰქონდათ. ყველაფრიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მადრიდული გრანდის უტიტულოდ დარჩენა ლოგიკური გახლდათ. ზაფხულში “რეალში” დიდი ცვლილებები იქნება, რომლის განხორციელებაც ფლორენტინო პერესმა ორი დღის წინ, კარლო ანჩელოტის დათხოვნით დაიწყო. “თეთრების” ახალი თავკაცის ვინაობა უახლოეს მომავალში გაირკვევა. კანდიდატი რამდენია: რაფაელ ბენიტესი, უნაი ემერი, მიჩელი და იურგენ კლოპი.
აუცილებლად უნდა ითქვას, “რეალის” ერთ-ერთ მთავარ მიღწევაზე მიმდინარე ლა ლიგაში. კრიშტიანო რონალდუმ 48 გოლი გაიტანა, ლიონელ მესის 5 ბურთით გაუსწრო და ლა ლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. სიმბოლურია, რომ ბოლო ტურში “ხეტაფესთან” მოგებული მატჩის (7:3) 58-ე წუთზე პორტუგალიელი ვარსკვლავი კლუბის მომავალმა მარტინ ოდეგაარდმა ჩაანაცვლა, რომელსაც “რეალის” შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა.

“რეალის” სეზონის შეფასება –
8.5/10
საუკეთესო ახალწვეული –ტონი კროოსი 36 მატჩი, 2 გოლი და 9 საგოლე გადაცემა

წარუმატებელი ახალწვეული – ლუკას სილვა 8 მატჩი
საუკეთესო მოთამაშე – კრიშტიანო რონალდუ 35 მატჩი, 48 გოლი და 16 საგოლე გადაცემა
ყველაზე ცუდი მოთამაშე – სამი ხედირა 11 მატჩი
სეზონის აღმოჩენა –ხამეს როდრიგესი 29 მატჩი, 13 გოლი და 13 საგოლე გადაცემა
მწვრთნელის შეფასება – 8
სეზონის საუკეთესო მატჩი –“რეალი” – “გრანადა” 9:1
სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი –“ატლეტიკო” – “რეალი” 4:0

“რეალის” 2014/2015 წლების სეზონის შემადგენლობა:

მეკარეები


1.იკერ კასილასი
13.კეილორ ნავასი
25.ფერნანდო პაჩეკო

მცველები

2.რაფაელ ვარანე
3.პეპე
4.სერხიო რამოსი
5.ფაბიო კოენტრაო
12.მარსელო
15.დანიელ კარვახალი
17.ალვარო არბელოა
18.ნაჩო ფერნანდესი

ნახევარმცველები

6.სამი ხედირა
8.ტონი კროოსი
10.ხამეს როდრიგესი
16.ლუკას სილვა
19.ლუკა მოდრიჩი
23.ისკო ალარკონი
24.ასიერ ილარამენდი
41.მარტინ ოდეგაარდი

თავდამსხმელები

7.კრიშტიანო რონალდუ
9.ქარიმ ბენზემა
11.გარეტ ბეილი
14.ხავიერ ერნანდესი
20.ხესე როდრიგესი

შენიშვნა – მონაცემები მოყვანილია ლა ლიგის მატჩების მიხედვით



სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.179326