ფეხბურთი

18:48 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლოკომოტივი” ხუთწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლესში დაბრუნდა
რუსთავში ფეხბურთი “ჩაკვდა”

თბილისის “ლოკომოტივი” 5-წლიანი პაუზის შემდეგ, უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა. გუნდმა წარმატებას ვასილ მაისურაძის ხელმძღვანელობით მიაღწია, რომელმაც თავის დროზე საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გაიყვანა.

გადათამაშებაში “ლოკომოტივმა” რუსთავის “მეტალურგს” აჯობა, რომელმაც მწვავე ფინანსური კრიზისის ფონზე სეზონის ბოლომდე როგორ მიაღწია გასაკვირია.

ვარლამ კილასონიას პირველ წრეში სიმპათიური გუნდი ჰყავდა, მაგრამ უფინანსობის გამო, მეორე წრეში შემადგენლობის შენარჩუნებას ვინ ჩივის, ქვემოქართლელები თამაშებზე დიდი გაჭირვებით დადიოდნენ. ნამდვილად დასაფასებელია, რომ კილასონიამ პირველ ყოვლისა პატივი საკუთარ თავს, მშობლიურ ქალაქსა და ეროვნულ ჩემპიონატს სცა. თორემ მის ადგილზე ასე ბევრი არ მოიქცეოდა და “მეტალურგი” ჩემპიონატს ნაადრევად გამოემშვიდობებოდა.

თუმცა, როგორც იტყვიან “თავს ზემოთ ძალა არაა” და საქართველოს ორგზის ჩემპიონი რუსთავული კლუბი უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ასეთ ვითარებაში მყოფი “მეტალურგი” საერთოდ იარსებებს თუ არა უცნობია.

“მიხეილ მესხის” სტადიონის სათადარიგო მოედნის ტრიბუნები გაივსო და გულშემატკივართა უმრავლესობა “ლოკომოტივის” მხარდამჭერები იყვნენ.

მატჩის დებიუტში მარჯვნიდან გურამ მინდორაშვილის ჩამოწოდების შემდეგ, თბილისელთა საჯარიმოში მყოფმა რეზო ბარაბაძემ თავით დაარტყა და ბაჩო მიქავამ ბურთი ხელებში დააფიქსირა.

ამ ეპიზოდიდან ათ წუთში, გიორგი არაბიძე მარჯვენა ფრთაზე სამ მეტოქეს გასცდა და საჯარიმოში შესულმა მარჯვენა კუთხიდან დაარტყა, მაგრამ გიორგი ნადირაძეს ბურთის დაუფლება არ გაჭირვებია.

მე-16 წუთზე, “ლოკომოტივის” კონტრშეტევის დროს, გიორგი კიკნაძემ პასი “მეტალურგის” საჯარიმოში მარცხნიდან გახსნილ დავით უბილავას არ დაუგვიანა, რომლის გამჭოლი გადაცემის მერე, გიორგი ნარიმანიძემ ბურთი თავის კარში ჩაჭრა.

29-ე წუთზე, კიკნაძემ მარცხენა ფლანგიდან მეტოქის საჯარიმოში მამია გავაშელიშვილი მოძებნა, რომელმაც რუსთაველ მცველთან ორთაბრძოლაში ბურთი დაამუშავა და “ცაციათი” ზუსტად დაარტყა – 0:2. გავაშელიშვილისთვის მიმდინარე სეზონში ეს გოლი 46-ე იყო.

“ლოკომოტივს” ტემპი არც ამის შემდეგ შეუნელებია და მეკარესთან პირისპირ გასულ კიკნაძეს ნადირაძემ არ გაატანინა – ბურთი კუთხურზე გადავიდა. მარჯვენა ფლანგიდან სტანდარტული არაბიძემ შეასრულა და კიკნაძემ მარცხნიდან ოდნავ მახვილი კუთხიდან ერთი შეხებით ვერ გაიტანა.

ტაიმის მიწურულს ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა გიორგი დიასამიძემ გაუშვა, რომელმაც ნადირაძესთან მარტო დარჩენილმა სუსტად დაარტყა და რუსთაველთა მეკარეს ბურთი ხელებში მიუვიდა. შესვენებამდე არაბიძემ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და ბურთი ზედა ძელს მოხვდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში, დიასამიძის პასის შემდეგ, ნადირაძემ მასთან პირისპირ გასული არაბიძე წააქცია და მსაჯმა გიორგი ვადაჭკორიამ პენალტი დანიშნა, რომელიც გიორგი გაგნიძემ გამოიყენა – 0:3.

ცოტა ხანში, გაგნიძემ დუბლი შეასრულა, როდესაც დაახლოებით 25 მეტრიდან “ჯარიმა” ზუსტად დაარტყა და ბურთი ვიდრე ბადეში აღმოჩნდებოდა, გვერდით ძელს მოხვდა – 0:4.

“ლოკომოტივი” სოლიდური ანგარიშით დაწინაურების მიუხედავად, კვლავ უტევდა და მარჯვნიდან რუსთაველთა საჯარიმოში შეჭრილმა არაბიძემ მახვილი კუთხიდან დაარტყა, მაგრამ ამჯერად ნადირაძემ ივარგა. მალე, არაბიძე “მეტალურგის” საჯარიმოში ერთ მცველს გასცდა, თუმცა კარი კვლავ ნადირაძემ არ დაანება.

რუსთაველებმა პირველი რეალური საგოლე მომენტი მეორე ტაიმის შუაწელში შექმნეს, მაგრამ ახლო მანძილიდან რევაზ ბარამიძის მიერ დარტყმული ბურთი მიქავამ მოიგერია.

“ლოკომოტივმა” რუსთაველებს ისევ მწვავე შეტევით უპასუხა და მარცხნიდან რუსთაველთა საჯარიმოში შესულმა კიკნაძემ მახვილი კუთხიდან დაარტყა – ბურთი ხარიხას მოხვდა.

74-ე წუთზე, დიასამიძე “მეტალურგის” საჯარიმოში შეიჭრა და ფეხებში მცველი ჩაუვარდა, რის შემდეგ ბურთი უმეთვალყურეოდ მდგომ დემურ ჩიხლაძეს მიუვიდა, რომელსაც გატანა არ გასჭირვებია – 0:5.

მატჩის დასრულებამდე 10 წუთით ადრე, ბარაბაძეს პრესტიჟის გოლის გატანა შეეძლოა, მაგრამ “ლოკომოტივის” მეკარესთან პირისპირ აღმოჩენილს თავის გამოჩენის შანსი მიქავამ არ მისცა, რომელმაც ბურთი კუთხურზე მოიგერია.

შეხვედრის მიწურულს ისევ არაბიძემ იაქტიურა და ამჯერად, ბურთი გვერდით ძელს მოხვდა.

მეტალურგი (რუსთავი) – ლოკომოტივი (თბილისი) 0:5 (0:2)

27 მაისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანი.

მეტალურგი: ნადირაძე, ჩიკვაიძე, ზვიადაძე, შუშიაშვილი, ნარიმანიძე (ბიწკინაშვილი, 46), გაბაშვილი (ბარამიძე, 56), კოტე ხიზანეიშვილი (ციცქიშვილი, 44), მინდორაშვილი, ბერუაშვილი, რეზო ბარაბაძე, სარიშვილი.

მთავარი მწვრთნელი: ვარლამ კილასონია.

ლოკომოტივი: მიქავა, ჩიტეიშვილი (მაკასარაშვილი, 56), სანდოხაძე, კიკნაძე, მამია გავაშელიშვილი (ღვინაშვილი, 74), არაბიძე, უბილავა, დიასამიძე, სულთანიშვილი, გაგნიძე, სამურკასოვი (ჩიხლაძე, 64).

მთავარი მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე.

გოლები: 0:1 ნარიმანიძე (16, საკ.კარ.), 0:2 გავაშელიშვილი (29), 0:3 გაგნიძე (50, პენ.), 0:4 გაგნიძე (54), 0:5 ჩიხლაძე (75)

გაფრთხილება: ხიზანეიშვილი (33), ნადირაძე (49)

მთავარი მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია.

0.128899