ჭადრაკი

14:48 | 27.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გრან პრის ტურნირი ფაბიანო კარუანამ მოიგო

მოჭადრაკე ვაჟთა შორის საერთაშორისო დიდოსტატ ფაბიანო კარუანას (იტალია) გამარჯვებით დასრულდა გრან პრის გათამაშების ტურნირი. იტალიელმა მოჭადრაკემ 370 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ ჰიკარუ ნაკამურას (აშშ) 23 ქულით გაუსწრო.

აღნიშნული ტურნირი 4 ეტაპისაგან შედგებოდა, რომლებსაც შემდეგი თანმიმდევრობით ბაქომ (აზერბაიჯანი), ტაშკენტმა (უზბეკეთი), თბილისმა (საქართველო) და ხანტი-მანსიისკმა (რუსეთი) უმასპინძლეს. თითოეულ ეტაპზე 12-12, ხოლო მთლიანად ტურნირში მსოფლიოს 16 საუკეთესო მოჭადრაკე მონაწილეობდა. მათ შორის იყო ქართველი საერთაშორისო დიდოსტატი ბაადურ ჯობავა. გრან პრის გათამაშების დებიუტანტმა ჯობავამ 3 ეტაპის ჯამში 135 ქულა დააგროვა და რუსტამ კასიმჯანოვისა და მაქსიმ ვაშიე-ლაგრავის შემდეგ მე-14 ადგილი დაიკავა.

გრან პრიზე ჯობავას დებიუტი ტაშკენტში შედგა. დებიუტანტის პირობაზე ბაადურს შუა აზიაში ცუდად არ უთამაშია. სერგეი კარიაკინთან, მაქსიმ ვაშიე-ლაგრავთან და ტურნირის მომავალ გამარჯვებულ კარუანასთან ერთად მე-4-მე-7 ადგილები გაიყო და 75 ქულა გამოიმუშავა. სამწუხაროდ, ქართველმა დიდოსტატმა ტაშკენტში ნაჩვენები შედეგი თბილისსა და ხანტი-მანსიისკში ვეღარ გააუმჯობესა, სადაც პირიქით უარესი შედეგი აჩვენა, შესაბამისად 40 და 20 ქულა აიღო, როგორც უკვე ავღნიშნეთ, საერთო ჯამში 135 ქულა დააგროვა და 16 მონაწილეს შორის მე-14 ადგილი დაიკავა. შეიძლება ითქვას, რომ ჯობავამ გრან პრის ტურნირზე ლოგიკური შედეგი აჩვენა, რადგან ასპარეზობის მონაწილეთა შორის ერთ-ერთი იმ მოჭადრაკეთაგანი იყო, რომელსაც საერთაშორისო კლასიფიკაციაში დაბალი კოეფიციენტი ჰქონდა.

რაც შეეხება გრან პრის ტურნირის გამარჯვებულ კარუანას, მომავალმა ჩემპიონმა პირველ ეტაპზე, რომელსაც ბაქომ უმასპინძლა, ბორის გელფანდთან ერთად პირველი-მეორე ადგილები გაიყო და 155 ქულა გამოიმუშავა. კარუანამ ტაშკენტში კარიაკინთან, ჯობავასა და ვაშიე-ლაგრავთან ერთად მე-4-მე-7 ადგილები გაიყო და 75 ქულა აიღო. იტალიელ დიდოსტატს თბილისში არ უთამაშია. ბოლო ტურნირზე კი ჰიკარუ ნაკამურასა და დმიტრი იაკოვენკოსთან ერთად პირველი-მესამე ადგილები გაიყო და საერთო ჯამში, გამარჯვების მომტანი 140 ქულა მიიღო.

გრან პრის ტურნირზე ყველაზე მეტი 6 წარმომადგენელი რუსეთს ჰყავდა. მართალია ფავორიტებად ითვლებოდნენ, მაგრამ მათ შორის საუკეთესო შედეგი მესამე ადგილმა დმიტრი იაკოვენკომ აჩვენა, რომელმაც 310 ქულა გამოიმუშავა და პირველ-მეორე ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს საგრძნობლად ჩამორჩა.

გრან პრის საბოლოო სატურნირო მდგომარეობა 4 ეტაპის შემდეგ

  1. ფაბიანო კარუანა (იტალია, 370 ქულა)
  2. ჰიკარუ ნაკამურა (აშშ, 347)
  3. დმიტრი იაკოვენკო (რუსეთი, 310)
  4. ევგენი ტომაშევსკი (რუსეთი, 282)
  5. ბორის გელფანდი (ისრაელი, 255)
  6. შახრიარ მამედიაროვი (აზერბაიჯანი, 235)
  7. სერგეი კარიაკინი (რუსეთი, 212)
  8. თეიმურ რაჯაბოვი (აზერბაიჯანი, 210)
  9. დმიტრი ანდრეიკინი (რუსეთი, 200)
  10. ალექსანდრ გრიშუკუ (რუსეთი, 177)
  11. ანიშ გირი (ჰოლანდია, 170)
  12. ლენიერ დომინგეს პერესი (კუბა, 170)
  13. პიოტრ სვიდლერი (რუსეთი, 157)
  14. ბაადურ ჯობავა (საქართველო, 135)
  15. მაქსიმ ვაშიე-ლაგრავი (საფრანგეთი, 125)
  16. რუსტამ კასიმჯანოვი (უზბეკეთი, 125)
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102641