ფეხბურთი

20:23 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

გეგუჩაძე თასის შენარჩუნებას ეცდება, ზამთარაძე პირველ ტიტულს გეგმავს
ფინალს გერმანელები განსჯიან

26 მაისს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გასამართ დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში, თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელი გია გეგუჩაძე ჯილდოს მოგებას სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში მეორედ შეეცდება, ხოლო “სამტრედიას” თავკაცი ზაზა ზამთარაძე ტიტულისთვის ასევე მეორედ იბრძოლებს.

ფინალი 19:00 საათზე დაუწყება და გერმანელი არბიტრები განსჯიან. მთავარ მსაჯად მარკო ფრიცია გამწესებული, რომელსაც კრისტიან დიცი და დომენიკ შალი დაეხმარებიან. მეოთხე მსაჯი გიორგი ყრუაშვილი.

თამაშემდე ერთი დღით ადრე “მიხეილ მესხზე” პირველმა “დინამომ” ივარჯიშა, შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ მოედანს “სამტრედიამ” მიაშურა.

პრესკონფერენციას გეგუჩაძისა და ზამთარაძის გარდა, “სამტრედიას” მარცხენა მცველი დათო კვირკველია დაესწრო.

ზაზა ზამთარაძე: “მადლობა მობრძანებისთვის. გიას “დინამოში” დაბრუნებას ვულოცავ. “სამტრედია” თასის ფინალში პირველად მოხვდა და ეს გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ვაცნობიერებთ და მთელი კოლექტივით მოსაგებად ვემზადებით”.

გია გეგუჩაძე: “ნებისმიერი გუნდისთვის ტიტულის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ალბათ, გულშემატკივარი საინტერესო და დაძაბული მატჩის მომსწრე იქნება. ორივე გუნდის მხრიდან ხარისხიან თამაშს უნდა ველოდეთ. ასეთი თამაშებისთვის მზადება ყოველთვის საინტერესოდ მიმდინარეობს. ჟურნალისტები მრავლად ხართ და იმედია, გულშემატკივარიც ბევრი იქნება”.

დათო კვირკველია: “გიას “დინამოში” დაბრუნებას მეც ვულოცავ. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, რომ რთული თამაში იქნება. “სამტრედია” ფინალში პირველად მოხვდა და შევეცდებით მოვიგოთ. კარგად ვიცით, რაც გველოდება. გავალთ მინდორზე და მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ”.

- მომავალ მატჩში რომელი ფეხბურთელები ვერ ითამაშებენ?

ზამთარაძე: “დისკვალიფიცირებული არავინ გვყავს და არც სერიოზული ტრავმა აქვს ვინმეს. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ელით რაუნდისთვის ემზადება და მას კერძევაძესთან ერთად, თევზაძეც დავუთმეთ. 19-წლამდელებს წარმატებას ვუსურვებ”.

გეგუჩაძე: “ჭანტურია და ტაბატაძე ტრავმირებულნი არიან, ხოლო შერგელაშვილი დისკვალიფიცირებულია. ფერეირამ ვარჯიშზე ფეხი იტკინა, მაგრამ არ მგონია, ტრავმა სერიოზული იყოს”.

- როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ ფინალში გერმანელები იმსაჯებენ?

გეგუჩაძე: “სასიამოვნო ფაქტია და მივესალმები. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში კვალიფიციური მსაჯები არ გვყავს და არ ვენდობი. მსგავსი რამ ბევრ ქვეყანაშია აპრობირებული”.

ზამთარაძე: “გიას დავეთანხმები, რომ საქართველოს კვალიფიციური მსაჯები ჰყავს. ამ გადაწყვეტილებას მივესალმები. მჯერა, რომ გერმანელები ობიექტურად იმსაჯებენ”.

- “სამტრედიაში” თქვენი მომავალი თასის მოგება-არმოგებაზე რამდენადაა დამოკიდებული?

- ახლა, მე და ჩემი მეგობრები, ვინც ეს პასუხისმგებლობა ავიღეთ, ამაზე ნაკლებად ვფიქრობთ. მნიშვნელოვანი უფრო ხვალინდელი დღეა. ამის შესახებ ფინალის შემდეგ ვისაუბროთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.193494