ავტოსპორტი

15:34 | 25.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიის რალი ლატვალამ მოიგო

ფინელი იარი-მატი ლატვალას გამარჯვებით დასრულდა რალის მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 ეტაპი - პორტუგალიის რალი. ლატვალამ ამ სეზონში თავისი პირველი გამარჯვება, მსოფლიო ჩემპიონსა და თანაგუნდელ სებასტიან ოჟიესთან დაძაბულ პაექრობაში მოიპოვა. გამსაკუთრებით უშეღავათო ბრძოლა მათ შორის ბოლო სამ სპეცმონაკვეთზე გაიმართა და საბოლოოდ, ლატვალამ 8.2 წამით აჯობა თავის ტიტულოვან მეტოქეს.

ლატვალამ წინა სამი რბოლა ავარიების გამო ვერ დაასრულა. ამჯერად კი, რბოლის ბოლო დღის დაწყებამდე, ოჟიეს მხოლოდ 9.5 წამს უგებდა. ფრანგმა რბოლის პირველივე დღეს, საბურავის დაზიანების გამო, თითქმის ნახევარი წუთი დაკარგა, თუმცა მეორე დღეს დანაკარგი თითქმის ბოლომდე აინაზღაურა.

ბოლო სამი სპეცმონაკვეთიდან პირველი ოჟიემ მოიგო და ლიდერთან ჩამორჩენა 7.8 წამამდე შეამცირა. თუმცა მომდევნოზე ლატვალამ იმარჯვა და უპირატესობა 10.4 წამამდე გაზარდა. ბოლო, სუპერ სპეცმონაკვეთი ისევ ოჟიემ მოიგო და მართალია, რბოლაში გასამარჯვებლად ეს არ ეყო, მაგრამ სამი ბონუს ქულა მაინც დაიმსახურა.

„წინა სამი წარუმატებელი რბოლის შემდეგ, ბევრი ფიქრობდა, რომ დაბრუნებას ვერ შევძლებდი. ეს მართლაც ურთულესი პერიოდი იყო ჩემს კარიერაში და მიხარია, რომ მისი გადალახვა შევძელი“, - განაცხადა ლატვალამ, ვისაც ამ მოგებით 46 ქულა დაუგროვდა და კლასიფიკაციაში მე-5 ადგილზე გადაინაცვლა.

ჩემპიონატს კი ისევ ოჟიე ლიდერობს, რომელსაც 105 ქულა აქვს. მეორეზე „ფოლკსვაგენის“ კიდევ ერთი პილოტი, ნორვეგიელი ანდრეას მიკელსენია, რომელმაც პორტუგალიაში მესამე ადგილი დაიკავა. მას 63 ქულა აქვს.

მსოფლიო ჩემპიონატის მე-6 ეტაპი, იტალიის რალი, კუნძულ სარდინიაზე, 6 ივნისს გაიმართება.

პორტუგალიის რალი

  1. იარი-მატი ლატვალა (ფინეთი, ფოლკსვაგენი) 3:30:35.300
  2. სებასტიან ოჟიე (საფრანგეთი, ფოლკსვაგენი) +00:08.200
  3. ანდრეას მიკელსენი (ნორვეგია, ფოლკსვაგენი) 00:28.600
  4. კრისი მიკი (ბრიტანეთი, სიტროენი) 00:48.700
  5. ოტ ტაენაკი (ესტონეთი, ფორდი) 01:56.800
  6. დანიელ სორდო (ესპანეთი, ჰიუნდაი) 02:27.900
  7. მადს ოსტბერგი (ნორვეგია, სიტროენი) 02:32.200
  8. ჰეიდენ პადონი (ახალი ზელანდია, ჰიუნდაი) 02:54.300
  9. რობერ კუბიცა (პოლონეთი, ფორდი) 04:39.100
  10. მარტინ პროკოპი (ჩეხეთი, ფორდი) 07:31.200

http://autopanoramaf2.blogspot.com/

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138044