ბლოგი

10:34 | 24.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

რამდენიმე ძველი თბილისური ამბავი

თბილისში სპორტი ყოველთვის უყვარდათ და ამ ქალაქში სპორტის სხვადასხვა სახეობა მუდამ სარგებლობდა დიდი ინტერესითა და პოპულარობით. შეგვიძლია დაუსრულებლად ვისაუბროთ თბილისურ კრივზე, რომელიც სხვადასხვა ქვე–სახეობებად იყოფოდა და მას ძირითადად ქალაქის დაბალი ფენის ჯეელები მისდევდნენ. ხშირად კრივი უბანი–უბანზე ჩხუბს უფრო მოგაგონებდათ და ამ ცემა–ტყეპაში გამარჯვებულის გამოვლენაც კი რთული საქმე იყო ხოლმე, მაგრამ გამორჩეულ მოკრივეებს ქალაქი ყოველთვის დიდად აფასებდა და უბნის ყოჩები ამ მხრივ პატივისცემით სარგებლობდნენ. ერთხელ თბილისურ კრივში ვაჟა-ფშაველაც კი ჩაება, რომელმაც საკმაოდ კარგად იჩხუბა და ბევრ თბილისელს მოაწონა თავი.

თბილისში ასევე დიდად პოპულარული იყო ჭიდაობა და არაერთი გამორჩეული თბილისელი მოჭიდავის სახელი შემორჩა ისტორიას. მათგან უპირველესი რა თქმა უნდა კულა გლდანელი იყო (თუმცა, მაშინ გლდანი თბილისი არ ყოფილა), რომელიც ისტორიაში თუნდაც იმით შევიდა, რომ ჩვენს მიერ უკვე ხსენებულ დიდ ვაჟა- ფშაველას პეტერბურგში სწავლის ფული მისცა, რაც დამეთანხმებით, საოცარი საქციელი იყო. თბილისში ჭიდაობები ძირითადად ბაზრებში ვაჭრობის დასრულების შემდეგ, სპეციალურად მოტიტვლებულ ადგილებზე იმართებოდა და ქალაქის მკვიდრთათვის არც გამარჯვებულზე ფსონების დადება იყო უცხო.

თბილისის შეძლებულ მოქალაქეებში უპოპულარულესი სპორტის სახეობა იყო ჭადრაკი, რასაც ყველა მისდევდა – ქალიც და კაციც და თბილისის ყველა შეძლებული მოქალაქე თავს ვალდებულად თვლიდა, რომ ჭადრაკი ელემენტარულად სცოდნოდა. ჭადრაკის მცირე ტურნირებს საქართველოში მეფის რუსეთის ბატონობის დროს, ხანდახან თბილისის გენერალ–გუბერნატორიც მართავდა და იქ გამარჯვება საკმაოდ პრესტიჟულიც იყო. ბაღებში, სახლის აივნებსა და ეზოებში ჩამოდგმული ჭადრაკის დაფები კი ჩვეულებრივი ამბავი გახლდათ.

თბილისის სპორტული ცხოვრება მნიშვნელოვნად შეცვალა და გადაასხვაფერა ამ ქალაქში ფეხბურთის შემოსვლამ. გასული საუკუნის დასაწყისიდან ფეხბურთი ისე უცებ გავრცელდა თბილისში, რომ ბევრი გაკვირვებას ვერ მალავდა, რადგან თბილისისთანა ტრადიციებით შემოსაზღვრულ ქალაქში სპორტის სრულიად ახალი სახეობის ასე სახალხოდ ქცევა ნამდვილად არ იყო ჩვეულებრივი და უბრალო ამბავი.

იმ პერიოდში მოგეხსენებათ თბილისი სულ სხვანაირი ქალაქი იყო, არ არსებობდა მთელი რიგი უბნები და მიკრორაიონები და ქალაქის გარშემო არსებული მინდვრები ფეხბურთის მოყვარული თბილისელებისათვის თამაშის შესანიშნავ საშუალებებს იძლეოდა. სპორტის სხვა სახეობისგან განსხვავებით, ფეხბურთის თამაში დაიწყეს ყველა ფენისა და საზოგადოებრივი მდგომარეობის ადამიანებმა დაწყებული სტუდენტებითა და წვრილი მოვაჭრეებით და დამთავრებული რკინიგზის მუშებით, რომლებსაც სხვა ქალაქებშიც ენახათ ბურთის გორება.

დღეს ხშორად გაკვირვებით იძახიან, რომ მიუხედავად ჩვენი ამჟამინდელი საფეხბურთო ნაკრებისა და კლუბების მძიმე მდგომარეობისა, საქართველოში ფეხბურთის გულშემატკივრების რიცხვი მაინც არ იკლებს. ეს მართლაც ასეა და ამის ერთ–ერთი მიზეზი შეიძლება სწორედ ის იყოს, რომ ფეხბურთი სპორტის პირველი მასობრივი სახეობა იყო, რომელმაც ყველა კატეგორიის ადამიანი გააერთიანა და წაშალა სოციალური თუ პოლიტიკური ზღვარი, რაც თბილისისთანა ქალაქებში ყოველთვის გულსატკენად თვალშისაცემია ხოლმე.

სპორტის უმთავრესი დანიშნულება ალბათ მართლაც მასობრიობაა. როგორც ჩანს ძველ თბილისში ეს ჭეშმარიტება ყველაზე უკეთ იცოდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121721