ფეხბურთი

21:47 | 22.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

“დილამ” ოქროს მედლები ჩაიბარა
“ვიტ ჯორჯია” უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა

გორის “დილამ” ჩემპიონის რანგში ბოლო მატჩი მშობლიურ “თენგიზ ბურჯანაძეზე” ჩაატარა. შიდაქართლელები არსებობის ისტორიაში ოქროს მედლების მისაღებად პირველად ემზადებოდნენ და როგორც სტადიონზე, ასევე ქალაქში ღონისძიებები დაიგეგმა.

თამაშის დაწყებამდე მოედანზე დოლებით, საქართველოსა და გორის “დილას” დროშებით აღჭურვილი “მოძრაობის თეატრი” გავიდა.

“ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელებმა, რომლებიც ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძოდნენ, საქართველოს ჩემპიონს დერეფანი გაუკეთეს და პატივი ამგვარად სცეს.

ამის შემდეგ, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა ტრიბუნებზე მსხდომი მაყურებლებს საჩუქრად ბურთები გადაუგდეს.

შეხვედრაში პირველი რეალური საგოლე მომენტი თბილისელებმა შექმნეს, როდესაც “დილას” ცენტრალურმა მცველმა ალექსანდრე კვახაძემ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი უხეიროდ მოიგერია, ხოლო ელგუჯა ლობჯანიძეს ახლო მანძილიდან კარიდან წინ გამოსულმა ომარ მიგინეიშვილმა არ გაატანინა. ამ ეპიზოდში გორელთა მეკარემ ფეხით ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ცოტა ხანში, მასპინძელთა შეტევის დროს რომან ახალკაცის გადაცემის შემდეგ, საჯარიმოს გარედან გუგა ფალავანდიშვილმა ძლიერად დაარტყა და ბურთი კარს გადასცდა.

მალევე, “ვიტ ჯორჯიას” საჯარიმოში მყოფმა ფალავანდიშვილმა ასისტენტობა ირაკლი მოდებაძეს გაუწია და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირმა ანგარიში გახსნა - 1:0.

შესვენებაზე ქალაქ გორის მერიის ანსამბლმა “გორმა” მოედანზე “პოპური” წარმოადგინა.

მეორე ტაიმის დაწყებიდან დიდი დრო არ გასულა, რომ ნიკა მაისურაძემ შორიდან დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით ასცდა.

ტაიმის შუაწელში ბადრი დემეტრაშვილმა მარჯვნიდან მასპინძელთა საჯარიმოში პასი გააკეთა და მაისურაძის მიერ შეუჩერებლად დარტყმული ბურთი მიგინეიშვილმა კუთხურზე მოიგერია.

საპასუხო იერიშის დროს, “ვიტ ჯორჯიას” საჯარიმოში მყოფმა მოდებაძემ შემოტრიალებით დაარტყა და ბურთი სტუმართა მცველმა მოიგერია.

75-ე წუთზე, თბილისელთა მიერ ჩამოწოდებულ ბურთზე მიგინეიშვილი ძალიან ცუდად გამოვიდა და ფაქტობრივად კარი დაკარგა, მაგრამ ვითარებაში მალე გაერკვა და გიორგი გეთიაშვილს არ გაატანინა.

79-ე წუთზე, “დილას” კონტრშეტევის დროს გიორგი ერისთავმა “ვიტ ჯორჯიას” საჯარიმოში მოდებაძე მოძებნა, რომელმაც დუბლი მიითვალა – 2:0.

შეხვედრაში წერტილი ერისთავმა დასვა, რომელიც თბილისელთა საჯარიმოში ერთ მცველს გასცდა და მარჯვენა ოდანვ მახვილი კუთხიდან გაიტანა.

მსაჯის სასტვენის შემდეგ, “დილას” ფეხბურთელებმა მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი ჰაერში ააბურთავეს, ხოლო თბილისელებმა მინდორი თავჩაქინდრულებმა დატოვეს - კლუბის ისტორიაში პირველად “ვეტერინარებმა” უმაღლესი ლიგა დატოვეს.

გორელებს ჩემპიონობა სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე პაპუნა კობერიძემ და გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა მიულოცეს.

ტრიბუნაზე ასულ “დილას” მოთამაშეებს ოქროს მედლები ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომენტი სიჭინავამ, ვიცე-პრეზიდენტებმა ალექსანდრე ჩივაძემ და გია ფირცხალავამ გადასცეს.

დაჯილდოვების მერე, გორელი ფეხბურთელებმა სპეციალურად მათთვის განკუთვნილი ავტობუსით ქალაქი მოიარეს.

საქართველოს ჩემპიონს გამარჯვება კონცერტით ჯგუფმა “ფრანმა” მიულოცა, რომელიც “დილას” ჰიმნის ავტორია.

მერიის ტერიტორიაზე გამართული კონცერტის მსვლელობისას “დილას” ფეხბურთელები ადმინისტრაციული შენობის აივანზე ავიდნენ და გულშემატკივრებს მიესალმნენ.

ბუნებრივია, “დილას” საზეიმო საღამოს, როგორც “თენგიზ ბურჯანაძეზე”, აგრეთვე, ქალაქის მოედანზე ფოიერვერკის გარეშე არ ჩაუვლია.

დილა (გორი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 3:0 (1:0)

22 მაისი. გორი. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.

დილა: მიგინეიშვილი, სამხარაძე (სეთურიძე, 76), ქარქუზაშვილი, კვახაძე (კ), ჯაფარიძე, რაზმაძე, წიქარიძე (ძარია, 55), ფალავანდიშვილი, კვეკვესკირი, ახალკაცი (ერისთავი, 73), მოდებაძე.

მთავარი მწვრთნელი: უჩა სოსიაშვილი.

ვიტ ჯორჯია: შეროზია, საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი (კ), დანელია, ლებანიძე, გახარია (დავლაშელიძე, 65), კურდღელაშვილი (დემეტრაშვილი, 57), ნიკა მაისურაძე, კახაბრიშვილი (ხვისტანი, 76), ელგუჯა ლობჯანიძე.

მთავარი მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი.

გოლები: 1:0 მოდებაძე (33), 2:0 მოდებაძე (79), 3:0 ერისთავი (87)

გაფრთხილება: მაისურაძე (90).

მთავარი მსაჯი: გიორგი დოგრაშვილი.

დილა 30 19 7 4 50 21 29 64
დინამო ბთ 30 18 4 8 40 24 16 58
დინამო თბ 30 17 7 6 56 28 28 58
ცხინვალი 30 16 5 9 47 37 10 53
ჩიხურა 30 13 7 10 39 36 3 46
სამტრედია 30 13 6 11 40 31 9 45
ტორპედო 30 10 11 9 39 33 6 41
შუქურა 30 11 8 11 36 38 -2 41
გურია 30 10 9 11 38 43 -5 39
კოლხეთი ფ 30 9 10 11 31 31 0 37
მერანი 30 9 9 12 29 33 -4 36
ზუგდიდი 30 8 9 13 24 45 -21 33
სიონი 30 9 5

16

32 46 -14 32
მეტალურგი 30 6 8 16 25 46 -21 26
ვიტ-ჯორჯია 30 7 5 18 27 40 -13 26
ზესტაფონი 30 6 8 16 40 61 -21 26

მეგოლეები:

16 – ირაკლი მოდებაძე (დილა)

14 – გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)

12 – ნიკა კაჭარავა (ცხინვალი)

11 - დათა სიჭინავა (კოლხეთი/სიონი),

10 –ჯაბა დვალი (ზესტაფონი/დაჩია), ოთარ კვერნაძე (ტორპედო)

9 – შოთა ლომია (ზუგდიდი)

8 – გიორგი ბერიაშვილი (დინამო ბათუმი), ლაშა შინდაგორიძე (ცხინვალი)

7 – ნიკოლოზ საბანაძე (დინამო თბილისი/ტორპედო), ნიკა კვეკვესკირი (დილა), თორნიკე მუმლაძე (ჩიხურა), თორნიკე კაპანაძე (სამტრედია), კობა შალამბერიძე (გურია), გიორგი ჩირგაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი (ორივე დინამო თბილისი)

შენიშვნა: უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები გაირკვევა შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით:

- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);

- ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების სხვაობა

- ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატში სტუმრად გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;

- ჩემპიონატის განმავლობაში გუნდის მიერ მიღებული – წითელ – ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი – 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);

- თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა;

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.27355