ფეხბურთი

23:36 | 17.05.2015 | ნანახია [] - ჯერ

”ჩიხურამ” მინი-რევანში აიღო

საჩხერეში გამართულ მატჩს თავისებური ინტრიგა ახლდა, რაც მდგომარეობდა იმაში, შეძლებდა თუ არა “ჩიხურა” მისთვის არასასურველი მეტოქის წინააღმდეგობის დაძლევას - წლეულს საჩხერელები სამჯერ დამარცხდნენ “სამტრედიასთან”, რაც ფსიქოლოგიურად მოქმედებდა გუნდზე.

თან უნდა ვთქვათ ისიც, რომ სამტრედიელებმა “ჩიხურა” დაამარცხეს ზედიზედ ორჯერ იმ ტურნირზე, სადაც ზემოიმერული კოლექტივი ბოლო წლებია საუცხოოდ ასპარეზობს. იგულისხმება დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშება, რომლის ნახევარფინალში “სამტრედიამ” აჯობა მეტოქეს და თასის ფინალში გავიდა. ასე რომ “ჩიხურას” რევანში ჰქონდა ასაღები.

შეხვედრის პირველი ტაიმი მოსაწყენი და ნაკლებად თვალსასეირო გამოდგა. გუნდები მაინცდამაინც აქტიურობით არ გამოირჩეოდნენ. ისინი უფრო ერთმანეთის ხელის შეშლაზე ფიქრობდნენ და კარგა ხანს რეალური ხიფათი ერთურთის კართან არც შეუქმნიათ. სტუმრებმა ბურთის ფლობის მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, ფაქტობრივად მოწინააღმდეგის კარისკენ დარტყმა ვერ მოახერხეს.

რაც შეეხებათ საჩხერელებს ისინი საწყისს 45 წუთში ერთადერთხელ იყვნენ ვალდებულნი გოლი გაეტანათ. მასპინძლებს ეს მომენტი კონტრშეტევისას შეექმნათ, როდესაც კუჭუხიძემ გონივრული პასით მეკარესთან პირისპირ დეკანოიძე გაიყვანა. “ჩიხურას” შემტევმა ნახევარმცველმა პირველი დარტყმით ბურთი ძელს მოარტყა, ხოლო განმეორებითი მცდელობისას ბურთმა ხარიხა “მოიკითხა”. ამ მომენტში ფეხბურთელს ფორტუნამ აშკარად უგანა, თორემ ანგარიში აუცილებლად გაიხსნებოდა. ტაიმი კი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი წინამორბედს სანახაობრივი თვალსაზრისით ბევრად აღემატებოდა. გაცილებით უკეთ ათამაშდნენ მასპინძლები, რომლებმაც განახლებისთანავე შეუტიეს მოწინააღმდეგის კარს. დასაწყისშივე თევდორაძემ კორიფაძის ძლიერად დარტყმული აიღო, ხოლო მალევე კუჭუხიძის მცდელობას დააკლდა ოდნავ სიზუსტე. ცოტა ხანში ანალოგიური მცდელობა ჰქონდა სარდალიშვილსაც, მაგრამ ბურთი ამჯერადაც სამტრედიელთა კარს მიღმა აღმოჩნდა.

სტუმართა თავკაცმა მოედანზე სიტუაციის შესაცვლელად ვეტერანი ფორვარდი ალექსანდრე იაშვილი გამოიყვანა, რომლის მოედანზე შემოსვლამ თანაგუნდელები უკეთ აათამაშა. საჩხერლები კი შეტევებს განაგრძობდნენ. 64-ე წუთზე მათ სტანდარტულიდან შეუტიეს თევდორაძის კარს, მაგრამ სამტრედიელთა კიპერი ამჯერადაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა საკმაოდ რთული ბურთი მოიგერია. სულ მალე სტუმართა კარის დარაჯმა დეკანოიძეს არ გაატანინა და ძლიერად დარტყმული აუღო.

მასპინძელთა სამწუხაროდ, მათთვის ამოქმედდა დაუწერელი საფეხბურთო კანონი – “არ გაიტან, გაგიტანენ”. შეტევის მარჯვენა ფლანგზე კარგად გაისარჯა დოლიძე, რომელმაც დროული გადაცემით შარიქაძეს ზუსტი პასი უბოძა. ლევანმა თავის მხრივ ძლიერად “გაისროლა” მოწინააღმდეგის კარისკენ, ქვილითაიამ ბურთზე ხელის წარტყმა კი მოასწრო, მაგრამ საკუთარი კარი გაშვებული გოლისაგან მაინც ვერ იხსნა და ანგარიშიც გაიხსნა – 0:1.

საჩხერელთა იღბლად, მათ მალევე შეძლეს წონასწორობის აღდგენა. ფაქტობრივად, საპასუხო შეტევაში მათ მოახერხეს გოლის გატანა. ამჯერად მათ რიგებში დეკანოიძე-კორიფაძის დუეტი უნდა გამოიყოს. პირველმა მათგანმა თანაგუნდელს დოლიძის მსგავსად ასისტენტობა გაუწია, კორიფაძემ კი ცაციათი ისეთი მოჭრილი დარტყმა გაგზავნა მეტოქის კარისკენ, რომ თევდორაძემ ამ დარტყმულს ვერაფერი მოუხერხა – 1:1.

მასპინძლებმა იგრძნეს, რომ შეიძლებოდა მოგებაც და ისევ დიდი ძალებით შეუტიეს მოწინააღმდეგეს, რამაც შედეგი 87-ე წუთზე გამოიღო. შეტევის მარჯვენა ფლანგზე ჩინებულად გაისარჯა სარდალიშვილი, რომელმაც რამდენიმე მეურვის ჩამოშორების შემდეგ ზუსტად მიაწოდა სამტრედიელთა საჯარიმოში მყოფ ლაშა კუჭუხიძეს. ტანმაღალმა ფორვარდმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და თავური დარტყმით საკუთარი გუნდი დააწინაურა – 2:1.

დარჩენილ დროში კუჭუხიძეს კიდევ ერთხელ შეეძლო გატანა, როდესაც სამტრედიელთა ერთერთი მცველის შეცდომის წყალობით იგი თევდორაძესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ თევდორაძესთან დუელში იგი მოწინააღმდეგის საჯარიმოში მწვანე გაზონზე აღმოჩნდა. არბიტრმა ფორვარდის მხრიდან სიმულაცია დააფიქსირა და თავდამსხმელი ყვითელი ბარათით “დაასაჩუქრა”.

ვიდეო:

https://www.facebook.com/FCChikhura

სოსო ფრუიძე (“ჩიხურა”) – “პირველი ტაიმისაგან განსხვავებით, მეორე ნახევარში უკეთესად გამოვიყურებოდით. კარგად ჩაერთნენ თამაშში შეცვლაზე შემოსული ფეხბურთელები. ვფიქრობ შედეგი სამართლიანია. “სამტრედიას” აშკარად ეტყობა, რომ მთელი ყურადღება თასის ფინალზე აქვს გადატანილი, რის გამოც მათ დღევანდელ პაექრობაში მოტივაცია აკლდათ”.

ზაზა ზამთარაძე (“სამტრედია”) – “მეტოქეს ვულოცავ გამარჯვებას, ხოლო მატჩის შეფასებისაგან თავს შევიკავებ ”.

“ჩიხურა” – “სამტრედია” 2:1 (0:0)

17 მაისი. 17:00. ივანწმინდა. “ცენტრალური”. 300 მაყურებელი

“ჩიხურა”: ქვილითაია, კაშია, დეკანოიძე (მუმლაძე, 78), კორიფაძე, ლაშა ჩიკვაიძე, ლაშა ჭელიძე, ოდიკაძე (სარდალიშვილი, 46), დობროვოლსკი (განუგრავა, 63) კუჭუხიძე, ღონღაძე, ბაჯელიძე.

მთავარი მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

“სამტრედია”: თევდორაძე, ხიზანიშვილი (გორგიაშვილი, 80), კვირკველია, ბეჭვაია, დოლიძე, გეწაძე, კერძევაძე (კაპანაძე, 44), ბოლქვაძე (იაშვილი, 62), შალიკაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, შარიქაძე.

მთავარი მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გოლი: 0:1 შარიქაძე (74), 1:1 კორიფაძე (77), კუჭუხიძე (87).

გაფრთხილება: ხიზანიშვილი (23), ღონღაძე (52), ბაჯელიძე (90), კუჭუხიძე (90)

არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი (ქუთაისი)

გიორგი წურწუმია საჩხერიდან

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110871